Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-354-03 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომით დაკმაყოფილება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ლ-ე 1983 წლიდან, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით მუშაობს “ე-ლ” ქარხანაში. განაწილების ფურცელში აღნიშნული იყო, რომ ქარხნის საერთო საცხოვრებელში იგი უნდა ბინით უზრუნველეყოთ. ქარხნის ადმინისტრაციამ 2000 წელს თ. ლ-ე გაათავისუფლა სამუშაოდან და მის მიერ დაკავებული ოთახი საერთო საცხოვრებელში გადასცა სხვა თანამშრომელს.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ლ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე, მაგრამ ქარხნის ადმინისტრაციამ არ დაუბრუნა საცხოვრებელი ოთახი, ამიტომ მან 2001წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს/ს “ე-ის” მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომით დაკმაყოფილება და ზიანის ანაზღაურება.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ლ-ის სარჩელი ს/ს “ე-ის” მიმართ ჩამორთმეული საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ სხვა ფართით დაკმაყოფილების და ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: თ. ლ-ემ 1999წ. ივლისიდან ნებით მიატოვა საცხოვრებელი ფართი საერთო საცხოვრებელში და საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული აქტებით; სკ-ს 160-ე მუხლის თანახმად თ. ლ-ეს უფლება ჰქონდა, მფლობელობის უფლების აღდგენის მოთხოვნა წაეყენებინა არა ს/ს “ე-ის” მიმართ, არამედ _ ნივთის ახალი მფლობელის, ძ-ს, მიმართ; თ. ლ-ემ ქარხნის ადმინისტრაციისაგან მოითხოვა ჩამორთმეული ნივთის სანაცვლოდ სხვა ნივთის (ოთახის) გამოყოფა, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული და ამის გამო ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ვინაიდან თ. ლ-ემ თავისი ნებით მიატოვა ოთახი, მან მფლობელობა თავისი ნებით შეწყვიტა, 156-ე მუხლის საფუძველზე, ამის გამო მისი სარჩელი უსაფუძვლოა.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია თ. ლ-ის მოთხოვნა მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელისათვის მიტოვებული ოთახის სანაცვლოდ სხვა ოთახის მიცემის შესახებ. ამასთან, არც კანონი ითვალისწინებს ასეთი ვალდებულების წარმოშობას.

თ. ლ-ის რწმუნებულმა ვ. ჯ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება სააპელაციო პალატისათვის. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში მოთავსებული აქტები, რის თაობაზეც იშუამდგომლა მოსარჩელემ, რათა დადგენილიყო ამ აქტების სიყალბე, სასამართლო გადაწყვეტილება კი ემყარება აღნიშნულ მტკიცებულებებს; სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ახალი სკ, რადგან მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 1983 წლიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 1983 წლიდან თ. ლ-ე მოპასუხე ორგანიზაციაში უმაღლესი სასწავლებლის მიერ განაწილების საფუძველზე მუშაობს, მოპასუხემ თ. ლ-ის სამუშაოთი უზრუნველყოფის გარდა იკისრა მისი საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა. თ. ლ-ე 1983 წლიდან ცხოვრობს ქარხნის საერთო საცხოვრებელში. ს/ს “ე-ის” ადმინისტრაციამ თ. ლ-ე გაათავისუფლა სამუშაოდან 2000წ. 18 იანვარს სამუშაოს უმიზეზოდ გაცდენისათვის; მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციამ სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ ქ. თბილისში, ... მდებარე საერთო საცხოვრებლის ერთი ოთახი თ. ლ-ეს ჩამოართვა და 2000წ. 8 მარტს გადასცა ქარხნის თანამშრომელ თ. ძ-ს. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ლ-ის სარჩელი მოპასუხე ს/ს “ე-ის” მიმართ და იგი აღდგენილ იქნა ს/ს “ე-ი ქარხნის” ელექტრო-სამონტაჟო საამქროს ¹1 ელმავლების გამომცდელად და აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი; სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ლ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე. ამის შემდეგ მან ქარხნის ადმინისტრაციას მოთხოვა საერთო საცხოვრებელში ოთახის დაბრუნება, მაგრამ უარი განუცხადეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სკ-ს 160-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი წინადადებაში აღნიშნულია, რომ თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოთხოვოს. ამ ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თ. ლ-ეს ბინის უკან დაბრუნება უნდა მოეთხოვა არა ს/ს “ე-ის” ადმინისტრაციისაგან, არამედ _ ბინის ახალი მფლობელისაგან – თ. ძ-საგან; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ სადავო ოთახი თ. ძ-ს გადაეცა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ. სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადასაწყვეტად არ უნდა გამოეყენებინა ახალი სკ, რადგან მხარეთა შორის შრომის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე საბინაო-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1983 წლიდან. საბინაო კოდექსის 119-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საერთო საცხოვრებელში ფართობი ეძლევათ მუშებს, მოსამსახურერეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა მოქალაქეებს მათი მუშაობის ან სწავლის პერიოდისათვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საერთო საცხოვრებლისათვის დაწესებული ნორმის შესაბამისად. იმავე კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება კი ავალდებულებს საწარმოს ადმინისტრაციას, საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლებულ პირს მიეცეს სხვა საცხოვრებელი სადგომი, თუ მუშაკი არასაპატიო მიზეზით არ არის დათხოვნილი სამუშაოდან. მოცემულ შემთხვევაში კი თ. ლ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის საბინაო უფლებების აღდგენის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ლ-ის წარმომადგენლის ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.