საქმე # 010142222700606621
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №27აგ-22 22 სექტემბერი, 2022 წელი
ჩ-ი ა. 27აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის განაჩენით:
1.1. ა. ჩ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 24,137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
1.2. ა. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით ა. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ა. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად ა. ჩ-ს დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ა. ჩ-ს მოსახდელად განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ჩ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენსა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
7.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. ჩ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნაწილს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი, ასევე ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან.
8. 2022 წლის 27 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. კ-მ, რომელმაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონისა და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა ა. ჩ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენებისა და განჩინებების გადასინჯვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ადვოკატ შ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმება. კასატორის მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანმახმად, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა. სსსკ-ის 3321-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლში აღნიშნულია, რომ „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ითვლება. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.
4. განსახილველ შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი, მართალია, მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ათავისუფლებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, მაგრამ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას ა. ჩ-ი წარმოადგენდა ნასამართლობის მქონე პირს, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულის მიმართ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორცილებული საშეღავათო ცვლილება ვერ გავრცელდება. მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, ერთი მხრივ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების, და მეორე მხრივ - დანაშაულებრივი ქმედების დეკრიმინალიზაციის ცნებების ერთმანეთისაგან გამიჯვნას.
5. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებით, ა. ჩ-ს გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ვერ შეცვლის იმ ვითარებას, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იგი წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ნასამართლობის მქონე პირს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით სწორად შეიკრიბა ნაწილობრივ მის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის დანაწესის მიუხედავად, არ არსებობს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორცილებული ცვლილებების ა. ჩ-ს სასიკეთოდ გავრცელების საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ „როდესაც ხდება ქმედების დეკრიმინალიზაცია ან სასჯელის შემსუბუქება, საფუძველი ეცლება გარკვეული დროით ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისთვის პასუხისმგებლობის ან უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრებას“. თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მსგავს ვითარებასთან ამნისტიის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირის გათავისუფლებას ვერ გავაიგივებთ.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამნისტიის საფუძველზე დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდებული - სასჯელისაგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით, ხოლო სასჯელმოხდილს მოეხსნას ნასამართლობა, რაც ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ამნისტირებული ქმედება აღარ არის მართლსაწინააღმდეგო ან/და დასჯადი (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №266აპ-21).
8. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ მსჯელობს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. [...] სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს სასჯელის ზომა და, შესაბამისად, იმსჯელოს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება №77აგ-20 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 9).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაცვის მხარის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ადვოკატ შ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე