საქმე N 010140422900145513
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №281-22 3 აგვისტო, 2022 წელი
,,ტ–კ“ (კომპანია), 281 -22 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა კომპანია ,,ტ........-ის“ მინდობილი პირის - ა. ა–ს შუამდგომლობა სააღსრულებო ფურცლების გაცემის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 17 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შევიდა კომპანია ,,ტ-ის“ მინდობილი პირის - ა. ა–ის შუამდგომლობა სააღსრულებო ფურცლების გაცემის შესახებ.
2. წარმოდგენილი შუამდგომლობით კომპანია ,,ტ–ის“ მინდობილი პირი - ა. ა–სი ითხოვს - კომპანია ,,ტ–ის“ სასარგებლოდ, მოვალეების - თ. კ–სა და მ. დ–ს მიმართ, სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების აღსასრულებლად გაიცეს სააღსრულებო ფურცლები, რომლებშიც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეთითება - კრედიტორის, კომპანია ,,ტ–ის“ საიდენტიფიკაციო ნომერი: ...........
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის მიზნით, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან გამოითხოვა მსჯავრდებულების - თ. კ–სა და ლ. დ–ს სისხლის სამართლის საქმე თანდართულ სასამართლოს წარმოებებთან ერთად (N121-22 და N491-20).
4. საქმეთა მასალების გაცნობის შედეგად გაირკვა შემდეგი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის განაჩენით:
ლ. დ–ე, - დაბადებული 1... წელს და თ. კ–ა, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და განესაზღვრათ ჯარიმა - 500-500 ლარი, ანუ დღიური მინიმალური ოდენობის 250-მაგი ოდენობა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდნენ „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონის საფუძველზე;
ლ. დ–სე და თ. კ–სა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, ლ. დ–სეს - 4 წლის, ხოლო თ. კ–ს - 6 წლის გამოსაცდელი ვადით;
დაკმაყოფილდა დაზარალებული კომპანიის - „ტ-ის“ (დირექტორი რ. ტ–ი) სარჩელი და მსჯავრდებულ ლ. დ–ს დაზარალებული კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 173000 (ას სამოცდაცამეტი ათასი) აშშ დოლარის, ხოლო მსჯავრდებულ თ. კ–ს - 117000 (ას ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა ეროვნული ვალუტით, გადახდის დროისათვის მოქმედი კურსით;
დაკმაყოფილდა სს „.........ის“ სარჩელი და მსჯავრდებულ თ. კ–ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 54853 ლარის, ხოლო მსჯავრდებულ ლ. დ–ს - 206491,23 ლარის გადახდა;
მსჯავრდებულებს - ლ. დ–სა და თ. კ–ს სოლიდარულად დაეკისრათ საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა სს „......... ქარხნის“ სასარგებლოდ;
სს „.......... ქარხნისა“ და კომპანია „ტ-ის“ სარჩელების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო სს „....... ქარხანაში“ ლ. დ–ს კუთვნილ 20254 აქციასა (პროცენტული წილი - 10,18%) და თ. კ–ს კუთვნილ 21833 აქციას (პროცენტული წილი - 10,98%).
4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენით ადვოკატ დ. კ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: თ. კ–სა და ლ. დ–ს ამოერიცხათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ლ. დ–ე და თ. კ–სა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და თ. კ–ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. შეფარდებული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და თ. კ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულების - ლ. დ–სა და თ. კ–ს ადვოკატ დ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4.4. აღნიშნული განჩინების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 სექტემბერსა და 2 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცლები, ხოლო 2017 წლის 27 ივნისს - დუბლიკატები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, გააანალიზა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით კომპანია ,,ტ-ის“ მინდობილი პირის ა. ა–სის შუამდგომლობა არ იქნა განხილული, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორი მიუთითებდა საიდენტიფიკაციო კოდის კონკრეტულ ნომერზე (009 299 549) და შუამდგომლობას თან ერთვოდა მინდობილობა და სანოტარო აქტი, რომელშიც მითითებული იყო კომპანია ,,ტ–ის“ საიდენტიფიკაციო ნომერი, თუმცა საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ და უტყუარი ფორმით დაადასტურებდა კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერს, მინდობილ პირს სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონდა.
3. განსახილველ შემთხვევაში კომპანია ,,ტ-ის“ მინდობილმა პირმა ა. ა–მა წარმოადგინა იმავე ნოტარიუსის მიერ გაცემული სანოტარო აქტი და მასზე თანდართული ცნობა, რომელიც შინაარსობრივად შეიცავს იმ ინფორმაციას, რაზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას უკვე ნამსჯელი აქვს, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს კომპანია ,,ტ–ის“ მინდობილი პირის ა. ა–სს შუამდგომლობის განხილვის სამართლებრივი საფუძველი.
4. შესაბამისად კომპანია ,,ტ–ის“ მინდობილ პირს ა. ა–ს შუამდგომლობის განხილვაზე უნდა ეთქვას უარი, ვინაიდან არსებობს ადვოკატ ა. ა–ს მიერ დროის სხვადასხვა პერიოდში წარმოდგენილი ორი იდენტური შუამდგომლობა, რომელთაგან ერთ-ერთზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით გაცემულია პასუხი, ხოლო იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კომპანია ,,ტ-ის“ მინდობილი პირის ა. ა–ს შუამდგომლობა არ იქნეს განხილული;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე