Facebook Twitter

საქმე N 330100120004163245

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№552აპ-22 4 აგვისტო, 2022 წელი

დ–ი რ., №552აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. დ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2012 წელს რ. დ–ი და ი. ა–იი დაოჯახდნენ. აღნიშნული პერიოდიდან, მათ შორის, 2015 წლიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში, თ–ში, ლ–ს დასახლების ..-ლი მ/რ-ნის მე-.. კორპუსის №.. ბინაში ყოფნისას, რ. დ–ი, თავისი არასრულწლოვანი გერების, ი. ა–ის შვილების - მ. ა–სა და ი. ა–ს თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ი. ა–ის. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ქალს გადაწყვეტილების უნარი არ შესწევდა, იგი იყო მამაკაცი და ოჯახის უფროსი, შესაბამისად, მას უნდა დამორჩილებოდა და შეურაცხყოფის მიყენებისას არ შეპასუხებოდა. რ. დ–ი ი. ა–ის მუდმივად მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული ქმედებებით ი. ა–იი განიცდიდა ტანჯვას.

1.2. რ. დ–იი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, თ–ში, ლ–ს დასახლების ..- მ/რ-ნის მე-.. კორპუსის №.. ბინაში ყოფნისას, რ. დ–ი, უსაფუძვლო მოტივით, არასრულწლოვანი გერების, ი. ა–ის შვილების - მ. ა–სა და ი. ა–ს თანდასწრებით, სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - ი. ა–იზე, აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც, ამ უკანასკნელს მოსდიოდა სისხლი ან/და ულურჯდებოდა დაზიანებული ადგილები. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

1.3. რ. დ–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხილს სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (მ. ა–ს ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლიდან 2020 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, თ–ში, ლი–ს დასახლების ...ი მ/რ-ნის მე-.. კორპუსის №.. ბინაში, რ. დ–ი, იცოდა რა, რომ მისი ორივე გერი - ი. ა–ი და მ. ა–ი იყვნენ არასრულწლოვნები, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ი. ა–ს თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა მ. ა–ს, კერძოდ: ეუბნებოდა, რომ სახლი უნდა დაელაგებინა, რადგან ეს უკანასკნელი იყო ქალი, თავად კი, როგორც მამაკაცსა და ოჯახის უფროსს, უნდა დამორჩილებოდა. აღნიშნულ დროს, რ. დ–ი მ. ა–ს მუდმივად მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რ. დ–ის აღნიშნული ქმედებებით ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.

1.4. რ. დ–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ–ში, ლ–ს დასახლების ...ი მ/რ-ნის მე-.. კორპუსის №.. ბინაში ყოფნისას, რ. დ–მა, უსაფუძვლო მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან გერს - მ. ა–ს, კერძოდ, ორივე გაშლილი ხელი ხუთჯერ დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. რ. დ–იი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის აგვისტოს ბოლოს, თ–ში, ლ–ს დასახლების ..ი მ/რ-ნის მე-.. კორპუსის №.. ბინაში ყოფნისას, კონფლიქტის ნიადაგზე, რ. დ–მა თავისი არასრულწლოვანი გერის - ი. ა–ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, აგრეთვე, არასრულწლოვან გერს - მ. ა–ს. კერძოდ, თავისი ხელით დაუჭირა მარცხენა ხელი და გაცხელებული „ჩანგალი“ დაადო მტევანზე. დაახლოებით ნახევარი საათის შემდგომ, რ. დ–მა დაზარალებულის მიმართ კვლავ განახორციელა ანალოგიური ქმედება, აგრეთვე, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. რ. დ–ს აღნიშნული ქმედებებით მ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.6. რ. დ–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, თ–ში, ლ–ს დასახლების ...ი მ/რ-ნის მე-.. კორპუსის №.. ბინაში, კონფლიქტის ნიადაგზე, რ. დ–მა, თავისი არასრულწლოვანი გერის - ი. ა–ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, აგრეთვე, არასრულწლოვან გერს - მ. ა–ს, კერძოდ, გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში. დაახლოებით ნახევარი საათის შემდგომ კი, ამავე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, რ. დ–მა დაზარალებულის მიმართ კვლავ განახორციელა ანალოგიური ქმედება, რითაც მ. ა–მმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განაჩენით:

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ა–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (2020 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2020 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ა–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ა–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: რ. დ–იი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლის 9 ნოემბრამდე, თ–ში, ლ–ს დასახლების ..-ლი მ/რ-ნის მე-... კორპუსის №.. ბინაში არასრულწლოვან გერს - მ. ა–ს სისტემატურად შეურაცხყოფდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რ. დ–ს აღნიშნული ქმედებებით ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს: თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა და მსჯავრდებულ რ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - გ. ბ–მ. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება რ. დ–ის გამართლების ნაწილში, მისი დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში სრულად და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. ადვოკატმა გ. ბ–მ მოითხოვა რ. დ–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსჯავრდებულ რ. დ–იის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ბ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ა–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (2020 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2020 წლის აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

რ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე- ნაწილის ,,ა‘‘ და ,,ბ‘‘ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ა–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 6 მაისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, რ. დ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და უფრო მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. დ–იი წლების განმავლობაში ახორციელებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის არასრულწლოვან გერსა და მეუღლეზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და წარდგენილი ბრალდების 5 ეპიზოდში დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ბრალდებულის მეუღლემ - დაზარალებულმა ი. ა–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, არ უნდა აღმოჩნდეს ბრალდებულის გამართლების საფუძველი, რადგან საქმეში მოიპოვებოდა მტკიცებულებები გამომძიებლების, ექსპერტისა და სხვა მოწმეთა ჩვენებების სახით, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო პალატის დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მიანიშნებს იმაზე, რომ იგი ნამდვილად არის ძალადობის მსხვერპლი. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი თ. კ–ე, რომელმაც დეტალურად დაადასტურა ი. ა–ის მიერ მისთვის პირადად მიწოდებული ინფორმაცია ქმრის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია, ექსპერტის განმარტებით, ემთხვეოდა მის გამოკითხვაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც საფუძვლად დაედო ბრალდებას. ასევე, მან გაიმეორა მეორე დაზარალებულის - მ. ა–ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც სიტყვასიტყვით ასახა ექსპერტიზის დასკვნაში. ი. ა–სა და მ. ა–ს მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაციით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება რ. დ–ის მიერ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. სხდომაზე დაიკითხა მ. ა–ს მეგობარი მ. ს–ც, რომელმაც დაადასტურა დაზარალებულის ხელზე არსებული დამწვრობის შესახებ და მიუთითა, რომ, როგორც დაზარალებულმა მასთან პირად საუბარში განმარტა, ხსენებული დამწვრობა მიყენებული იყო მამამისის მხრიდან სიგარეტის დადების შედეგად. ასევე, მოწმემ ისაუბრა მ. ა–ს მხრიდან მისთვის მოყოლილი ფიზიკური ძალადობის ფაქტების შესახებაც. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულების მეზობელმა - ქ. მ–ქ-ხ–მ განმარტა, რომ მას ბრალდებულის სახლიდან მოუსმენია ჩხუბის ხმა და ისაუბრა ამ ფაქტების შესახებ, რაც დაადასტურეს როგორც დაზარალებულმა მ. ა,მა, ისე მისმა ძმამ - ი. ა–მა. გარდა ამისა, მოწმე მ. ს–მ ისაუბრა მ. ა–ს ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებაც მამინაცვლის დაკავებამდე და მას შემდეგ, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დაზარალებული მამინაცვლის მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის მოწმეთა ჩვენებებს დაზარალებულის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის შესახებ, უზენაესი სასამართლო განიხილავს პირდაპირ მტკიცებულებებად და თავის გადაწყვეტილებაში (Nო97აპ-20) აღნიშნავს, რომ „სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ მოწმეების: ა. ქ-ს, ვ. თ-სა და პ. წ-ს ჩვენებები, რომლებმაც შემთხვევიდან მალევე პირადად ნახეს, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით.“ ასევე, საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა დაზარალებულ მ. ა–ს მიერ დაწერილი განცხადება, რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიებას. აღნიშნულ განცხადებაში მ. ა–ი მიუთითებს, რომ მამინაცვალი ოჯახის წევრებს სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ითხოვს დახმარებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია რ. დ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ბრალდების ყველა ეპიზოდში, რისთვისაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი უნდა შეიცვალოს და რ. დ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა რ. დ–ის წარდგენილი ბრალდების 5 ეპიზოდში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).

5.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.7. ვინაიდან საჩივრის დასაშვებობა მოწმდება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებში, სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ბრალდების მხარისათვის სადავო: 2015 წლიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ი. ა–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების; 2015 წლიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, არასრულწლოვნების თანდასწრებით, ი. ა–იის სისტემატური ცემის; 2020 წლის 14 აპრილს მ. ა–ს მიმართ ძალადობის; 2020 წლის აგვისტოს ბოლოს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, მ. ა–ს მიმართ ძალადობისა და 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, მ. ა–ს მიმართ ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებით.

5.8. ბრალდების მხარე რ. დ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ შეიცავს ფაქტების დასადგენად საკმარის, რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას. სააპელაციო პალატამ სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა თითოეულ მტკიცებულებას და დაასაბუთა ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ი. ა–მა ისარგებლა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას მის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემულმა ინფორმაციამ დადასტურება ვერ ჰპოვა. დაზარალებულმა მ. ა–მა კი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვერ გაიხსენა მამინაცვალთან - რ. დ–თან წარსულში მომხდარი კონფლიქტის დეტალები, ასევე გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია არ დაადასტურა, რადგან მისივე განმარტებით იყო განერვიულებული, კარგად ვერ აღიქვამდა ქმედებებს და გამომძიებლის მითითებებს ასრულებდა. მოწმეების ი. ა–სა და მ. ს–ს ჩვენებები კი შეიცავს საგულისხმო ინფორმაციას რ. დ–იის მიმართ ბრალად შერაცხულ სხვა ეპიზოდთან მიმართებით - მ. ა–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს. ი. ა–სა და მ. ს–ს ჩვენებები არაინფორმაციულია ბრალდების სხვა ეპიზოდების ამსახველი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ დაზარალებულ ი. ა–ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ხოლო დაზარალებულ მ. ა–ს მიერ ფაქტებზე საუბრისგან თავის შეკავება, შეუძლებელს ხდის არსებითად შეფასდეს სხვა მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის კონტექსტში.

5.9. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №...... დასკვნა, ასევე ექსპერტ თ. კ–ს ჩვენება ვერ იქნება განხილული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად გამოსადეგ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან მასში ირიბად გადმოცემულმა ინფორმაციამ, შესამოწმებელი პირის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემით დადასტურება ვერ ჰპოვა. ამასთან, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში შესამოწმებელი პირის მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს მოწმის პირდაპირი ჩვენების ალტერნატივას, რამდენადაც მხარეებს არ მისცემიათ მოწმის ჩვენების სასამართლო სხდომაზე ზეპირად და უშუალოდ გამოკვლევის შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნაში ასახული გამოკითხვის მონაცემების დამაჯერებელობა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მოწმის ჩვენებასთან ერთობლიობით, მათ შორის არსებული შინაარსობრივი თანხვედრისა და წინააღმდეგობების გათვალისწინებით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებაა ექსპერტის მიერ შესაფასებელ კვლევის საგანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში კი ექსპერტმა კატეგორიულად დაადგინა, რომ ი. ა–ი მეუღლის - რ. დ–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

5.10. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ გამომძიებლის - გ. ბ–ს ჩვენებას, რომელმაც დაზარალებულები გამოკითხა, არ არის საკმარისი ბრალდების თითოეული ეპიზოდის დასადასტურებლად, რამდენადაც გამოსაკითხი პირების მიერ გადმოცემული ინფორმაციის ნაწილი თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. რაც შეეხება გამომძიებლის მითითებას დაზარალებულების მძიმე ემოციური მდგომარეობის შესახებ, არ არსებობს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა მხოლოდ დაზარალებულთა ემოციური მდგომარეობა გამოკითხვისას, არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომელიც გადალახავს გონივრულ ეჭვს წარდგენილი ბრალდების სადავო ეპიზოდებთან მიმართებით. ასევე, ფაქტების დასადგენად მწირ და ზოგად ინფორმაციას შეიცავს მეზობლის მითითება, რომ მას ხშირად გაუგია ჩხუბის ხმა დარბოევის ოჯახიდან. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რაც ცალსახად დაადასტურებდა რ. დ–ს მიერ სადავო ეპიზოდების განხორციელებას.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.13. რაც შეეხება პროკურორის პოზიციას სასჯელის დამძიმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება, ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება და შედეგი და ყველა რელევანტური ფაქტორი ასახა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახეში. სამოსამართლო საქმიანობის ფუნქცია სწორედ ისეთი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაში გამოიხატება, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად. პროკურორს არ წარმოუდგენია დასაბუთება სასჯელის დამძიმების მოთხოვნის ნაწილში და შემოიფარგლა მხოლოდ დეკლარაციული მითითებით, რომ მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სამართლიანი სასჯელი. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. პროკურორი ვერ უთითებს გარემოებებს, რაც შესაძლოა განხილული იქნეს სასჯელის დამძიმების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და რაც წარმოაჩენს ცხად საფუძველს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შეცვლისათვის.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.15. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე