Facebook Twitter

საქმე N 190100121004396383

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №559-აპ-22 3 აგვისტო, 2022 წელი

დ–ა ა., 559აპ-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. დ–ას ადვოკატის მ. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით ა. დ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის №1/1432-17 განაჩენით ა. დ–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის №1/1432-17 განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. დ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ქ. რ–ში, ნ.გ–ის ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ა. დ–სა შეუთანხმდა გ. ხ–ს, რომ შეიძენდა მის კუთვნილ „AUDI A4“-ის ა/მანქანას (სახელმწიფო ნომრით ...., საიდენტიფიკაციო კოდი .......). შესყიდვის ფასად განისაზღვრა 5000 ლარი. ა. დ–მ თანხის ნაწილი - 300 ლარი, ნდობის მოპოვების მიზნით, წინასწარ დაუტოვა გ. ხ–ს. შეთანხმდნენ, რომ ა/მანქანის წაყვანის შემდეგ დარჩენილი თანხის ნაწილს მისცემდა 2027 წლის ოქტომბრის ბოლოს, ხოლო - 2500 ლარს იმავე წლის დეკემბრის თვის ბოლომდე. ა. დ–სამ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ. ხ-ის კუთვნილი ა/მანქანა 2020 წლის 20 ნოემბერს ქ. თ–ში, ..........ს გზატკეცილზე, „.....ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2400 ლარად გაასხვისა მოქალაქე ვ. ა–ზე. ა. დ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ. ხ–ს მიადგა 4700 ლარის ოდენობის, ხოლო ვ. ა–ს - 2400 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. დ–ს ადვოკატმა მ. რ–მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. დ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ნაწილობრივ პირობით ჩათვლა.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ა. დ–ს ადვოკატის მ. რ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. 2022 წლის 11 აპრილს მსჯავრდებულ ა. დ–ს ადვოკატმა მ. რ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ა. დ–ს მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, ასევე დანიშნული სასჯელის - ნაწილობრივ პირობით ჩათვლა.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ა. დ–ს განსაზღვრული აქვს სასჯელის მინიმუმი, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა არ არის პროპორციული სასჯელი მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. ასევე, დაზარალებულთა ინტერესში არ შედის ა. დ–ს 6 წლით ციხეში ყოფნა. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობა კი გულისმხმობს სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლემ გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე. სასჯელის უმთავრესი მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რაც გულისხმობს მის გარდაქმნას კანონმორჩილ მოქალაქედ. ეჭვს არ უნდა იწვევდეს შერჩეული სასჯელის სამართლიანობა, ადეკვატურობა და ეფექტურობა დადგენილი მიზნების მისაღწევად. გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი ასევე ითვალისწინებს სხვა ალტერნატიულ სასჯელს - ჯარიმას. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან მსჯავრდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და თანამშრომლობს გამოძიებასთან და გამოიყენოს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესაძლებლობა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2 მსჯავდებული ა. დ–სა დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასჯელი დაენიშნა აღნიშნული სანქციის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

4.3. სასჯელის სამართლიანობა ვლინდება შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობაში მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან მიმართებით. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

4.4. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის, როგორც თანაზომიერი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ოჯახური მდგომარეობა და მიიჩნია, რომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაციის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების შესაბამის ღონისძიებას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ სანქციით გათვალისწინებული სხვა ალტერნატიული სასჯელის სახის - ჯარიმის გამოყენება განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს გამოსადეგ ღონისძიებას, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციის, ისე ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. დადგენილია, რომ მსჯავრდებული ნასამართლევია, თუმცა გამოყენებულმა პირობითმა სასჯელმა არ იქონია სათანადო გავლენა სასჯელის კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად და მართლსაწინააღმდეგო ქცევის აღსაკვეთად. გარდა ამისა, დაცვის მხარე თავად მიუთითებს მსჯავრდებულის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსური ხასიათის სანქციის დაკისრების მიზანშეწონილობას, სასჯელის აღუსრულებლობის მოსალოდნელი და განჭვრეტადი საფრთხის გათვალისწინებით. რაც შეეხება სასჯელის ზომას, მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს სანქციის მინიმუმი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან), პასუხობს მსუბუქი სასჯელის პრიორიტეტულობის მოთხოვნას.

4.5. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის მექანიზმის გამოყენება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

4.6. განსახილველ შემთხვევაში მართალია შესრულებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ფორმალური წინაპირობები - დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, თუმცა დანაშაულის ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, პირობითი მსჯავრის გამოყენება არ იქნება გამართლებული სასჯელის მიზნების მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ პირობითი მსჯავრი თავისთავად არ წარმოადგენს სასჯელის სახეს, თუმცა მისი, როგორც სასჯელის აღსრულების ჰუმანური მექანიზმის მიმართ, ვრცელდება სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები. პირობითი მსჯავრის გამოყენება და ადეკვატური გამოსაცდელი ვადის განსაზღვრა ეფექტიანია მაშინ, როდესაც არსებობს მსჯავრდებულის კანონშესაბამისი ქცევის, ეფექტიანი რესოციალიზაციის მოლოდინი საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლაციის გარეშე. ვინაიდან პირობითი მსჯავრი წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის რესოციალიზაციაზე ვიწროდმიმართულ ღონისძიებას, მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, განსაკუთრებით კი ადრე გამოყენებული პირობითი მსჯავრის აღსრულების გარემოებები. დადგენილია, რომ მსჯავრდებულ ა. დ–ს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს სწორედ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ დანიშნული სასჯელის კვლავ პირობითად ჩათვლა ასევე არაეფექტიანი იქნება და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

4.7. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. დ–ს ადვოკატის მ. რ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე