საქმე N 050100119003248036
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №528აპ-22 4 აგვისტო, 2022 წელი
ე–ი ა., №528აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ე–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 02:20 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, შ–ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ე–მა უკანონოდ შეაღწია დ. ბ–ს მიერ ნაქირავებ სააგარაკე სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ. ბ–ს კუთვნილ - 220 ლარად ღირებულ ელექტრო სიგარეტს.
1.2. ა. ე–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 23:55 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, შ–ს დასახლებაში მდებარე სასურსათო მაღაზიის - „ე–ს“ წინ განთავსებული მაცივრიდან და კაფედან, ა. ე–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 2 ქილა ნაბეღლავს, 2 ბოთლ ლიმონათს და 1 შეკვრა ხილფაფას, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა 23,40 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ა. ე–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე;
ა. ე–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში;
ა. ე–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ა. ე–ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
ა. ე–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ე–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 4 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 15 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ა. ე–ს დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ა. ე–ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა, ასევე გამოყენებულია სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ ა. ე–მა ჩაიდინა დასრულებული განზრახი ქმედება: დ. ბ–ს მიერ ნაქირავები სააგარაკე სახლიდან, რომელშიც შეაღწია უკანონოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 220 ლარად ღირებულ ელექტრო სიგარეტს. მსჯავრდებულმა უკანონოდ დაუფლებული ნივთი გამოიტანა გარეთ და უკვე ქუჩაში მყოფს ჰქონდა თან. შესაბამისად, მოპარული ნივთი უკვე იყო რა ა. ე–ის მფლობელობაში და განკარგავდა მას, მსჯავრდებულმა სისრულეში მოიყვანა განზრახვა მოეპარა სხვისი მოძრავი ნივთი. ამდენად, პროკურორის მტკიცებით სახეზეა არა მცდელობა, არამედ დასრულებული დანაშაული - ქურდობა. კასატორის მოსაზრებით, მცდელობა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ა. ე–ი ნივთის ფაქტობრივი დაუფლების შემდეგ არ გაცდებოდა ბინას და მას ადგილზე დააკავებდნენ. მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებული მოპარული ელექტრო სიგარეტით გადაადგილდებოდა ქუჩაში, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით. კასატორს მიაჩნია, რომ ა. ე–იის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, ორ ეპიზოდად ჩადენილი ქურდობის ფაქტები, ანუ ის გარემოება, რომ ა. ე–ის მხრიდან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ჰქონდა განმეორებადი ხასიათი, რაც არ მოუნანიებია. ამასთან, განაჩენის გამოტანის შემდეგ მსჯავრდებული მიიმალა და ის ძებნილის სახით დააკავეს. აღნიშნული გარემოებები კი ქმნიდა 4 წელზე მეტი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის საფუძველს. კასატორი მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნის განხორციელება ამ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ა. ე–ს დაენიშნება 4 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მსჯავრდებულის უსაფრთხო ინტეგრაციისათვის. მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის დანიშვნა კი ვერ გამორიცხავს მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკს, ვერ შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.3. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ ა. ე–ის მიერ 2019 წლის 14 სექტემბერს ჩადენილია ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
5.4. საქმეში წარმოდგენილია უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 14 სექტემბერს, ა. ე–მა უკანონოდ შეაღწია ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, შ–ს დასახლებაში მდებარე სასტუმრო „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, დ. ბ–სის მიერ ნაქირავებ სააგარეკე სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა დაეუფლებოდა 220 ლარად ღირებულ დ. ბ–სის კუთვნილ ელექტრო სიგარეტს. ბრალდების მხარე სადავოდ მიიჩნევს დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ა. ე–მა დატოვა დ. ბ–ს მიერ ნაქირავები სააგარაკე სახლის ეზო, მას წარმოეშვა მოპარული ნივთის განკარგვის შესაძლებლობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს კვალიფიკაციისათვის სადავო ასპექტებს, რაც შეეხება დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულის ურთიერგამიჯვნას.
5.5. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. დანაშაულის მცდელობის დროს მართალია იწყება ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელება, მაგრამ დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ხერხდება მისი სისრულეში მოყვანა. განსახილველ შემთხვევაში ქურდობის ობიექტური შემადგენლობის ელემენტია ქმედება, რაც გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებაში. თავის მხრივ, დაუფლება არ გულისხმობს მხოლოდ სხვისი საკუთრების დამნაშავის ხელში ფაქტობრივ გადასვლას, არამედ - აუცილებელია დამნაშავეს გააჩნდეს სხვისი საკუთრების თავისუფლად (საკუთარი შეხედულებისამებრ) ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა. ბრალდების მხარის მტკიცებით ა. ე–ს სააგარაკე სახლის ეზოს დატოვების მომენტიდან, წარმოეშვა დ. ბ–ს ნივთის განკარგვის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან თავად ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ა. ე–ი ნივთის მესაკუთრემ ჯერ კიდევ სააგარაკე სახლის დატოვებამდე შენიშნა და უმალვე დაედევნა მას.
5.6. დ. ბ–სის გამოკითხვის ოქმების თანახმად დადგენილია, რომ სახლის შემოსასვლელ ოთახში შენიშნა ერთი უცნობი მამაკაცი, რომელიც დადიოდა ოთახში და აკვირდებოდა იქაურობას. როცა დარწმუნდა, რომ ოთახში ნამდვილად უცხო პიროვნება იყო, დაუძახა რუსულად „რას იპარავ ქურდო“, რის შემდეგაც ეს პიროვნება გაიქცა ოთახიდან. მას დაედევნა მეგობართან - ს–თან ერთად. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, დაინახა რომ იმ ერთი მამაკაცის გარდა კიდევ გარბოდა მეორე მამაკაციც. დევნის დროს აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომლებთანაც მივიდნენ და განუცხადეს, რომ ამ პირებიდან ერთ-ერთი სპორტულ შარვლიანი ახალგაზრდა, რომელსაც ეცვა შავ-თეთრი ხაზებიანი მოკლემკლავიანი მაისური, შეპარული იყო მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ოთახში და შესაძლოა მათი პირადი ნივთი ჰქონოდა წაღებული.
5.7. ს. ბ-ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 13 სექტემბერს, ღამით დაახლოებით 22 საათის შემდეგ, სააგარეკე სახლის პირველ სართულზე განთავსებულ ღია აივანზე გაშალეს სუფრა. დაახლოებით 2 საათის შემდეგ, დ. ბ–მა სუფრიდან დაიყვირა „რას იპარავ, შენ ქურდოო“, რაზეც თვითონ და დმიტრი წამოხტნენ სუფრიდან და გაემართნენ ამ პირისკენ. მათი ადგომისთანავე, უცნობი პიროვნება გაიქცა ოთახიდან და სააგარაკე სახლში შესასვლელი ცენტრალური კარის გავლით გავიდა ეზოში, ხოლო ეზოდან გავიდა ჭიშკრის გავლით, სადაც იდგა კიდევ ერთი ახალგაზრდა და გაიქცნენ ერთად. მათ დაედევნენ იმ მიზნით, რომ გაეგოთ კონკრეტულად რა ნივთი მოიპარა ოთახში შესულმა პირმა. გაქცეულებს რუსულად ხმამაღლა ეძახდნენ, რომ შეჩერებულიყვნენ, მაგრამ ისინი გარბოდნენ. სირბილის დროს აღნიშნული პირები შეაჩერეს იქვე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა. დ. ბ–მა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ შეჩერებული პირებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ეცვა სპორტული შარვალი და შავ-თეთრი ხაზიანი ჭრელი მოკლემკლავიანი მაისური, შესული იყო მათ სააგარაკე სახლში და მოპარული ჰქონდა პირადი ნივთი.
5.8. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ. ხ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. ჭ–თან ერთად. ღამის საათებში მოძრაობდნენ შეკვეთილის დასახლებაში, სასტუმრო „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სააგარაკე სახლებიდან გაიგეს ყვირილი და ხმაური. დაინახეს, რომ სააგარაკე სახლების მხრიდან მორბოდა ორი მამაკაცი, რომლებიც შეაჩერეს. მათ მოსდევდა კიდევ ორი მამაკაცი, როგორც შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი რუსეთის მოქალაქეები: დ. ბ–ი და ს. ბ–კი. მათ უთხრეს, რომ იმ პირთაგან, რომლებიც შეჩერებული ჰყავდათ, ერთ-ერთი შეპარული იყო სააგარაკე სახლში და შესაძლოა მოპარული ჰქონოდა ნივთი ან ნივთები, რადგან იმ დროისათვის არ იცოდნენ რა იყო წაღებული.
5.9. ამდენად, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ა. ე–იმა ფარულად აიღო დ. ბ–სის კუთვნილი ნივთი, თუმცა მესაკუთრემ ის ჯერ კიდევ დაუფლების მომენტში - ოთახში ყოფნისას შენიშნა, დაუძახა ,,რას იპარავ შენ ქურდო“, რის გამოც მსჯავრდებული იძულებული შეიქნა სასწრაფოდ დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, ხოლო იმწუთიერი დადევნების პირობებში მას ჯერ კიდევ ჰქონდა გადასალახი დაბრკოლება, რათა თავისუფლად განეკარგა დ. ბ–ს საკუთრება. მართალია ა. ე–მა მოახერხა სააგარაკე სახლის ეზოს დატოვება, თუმცა მის მიმართ უწყვეტად ხორციელდებოდა დევნა, რის გამოც მან ვერ მოახერხა სრულფასოვნად დაუფლებოდა სხვის საკუთრებას. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სახეზეა დანაშაულის მცდელობა, ვინაიდან ა. ე–ს მიერ სააგარაკე სახლში ფარული შეღწევა უშუალოდ იყო მიმართული სხვისი საკუთრების დასაუფლებლად, თუმცა იმის გამო, რომ მესაკუთრემ შენიშნა, დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ ქურდობის ობიექტური შემადგენლობის დასრულება შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში უკავშირდებოდეს დამნაშავის მიერ ბინის ან სხვა მფლობელობის დატოვებას, თუმცა გადამწყვეტი კრიტერიუმი არის არა კონკრეტული ადგილმდებარეობის დატოვება, არამედ - დამნაშავის მიერ ყველა იმ ბარიერის გადალახვა, რაც აბრკოლებს სხვისი მოძრავი ნივთის თავისუფალ განკარგვას. საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ა. ე–ს ქმედებით წარმოშობილია დ. ბ–სის საკუთრების ხელყოფის რეალური საფრთხე, თუმცა მესაკუთრის მიერ დამნაშავის დევნისას ჯერ კიდევ არსებობს ქმედების დასრულების აღკვეთის შესაძლებლობა.
5.10. რაც შეეხება პროკურორის პოზიციას სასჯელის დამძიმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზარებს, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება, ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება და სასჯელის დანიშვნისათვის ყველა რელევანტური ფაქტორი ასახა მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებულ ალტერნატიულ სასჯელთაგან ყველაზე მკაცრ სასჯელის სახეში. სამოსამართლო საქმიანობის ფუნქცია სწორედ ისეთი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაში გამოიხატება, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. პროკურორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ორი ეპიზოდი ქურდობის ჩადენის გათვალისწინებით, არსებობს სასჯელის დამძიმების საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ხასიათის და გამოწვეული შედეგის გათვალისწინებით, არ წარმოშობს მსჯავრდებულის მიმართ მინიმუმზე ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საფუძველს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში 4 წლით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საკმარისად მძიმე, ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.რაც შეეხება კასატორის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებული განაჩენის გამოტანის შემდეგ მიიმალა, აღნიშნული დადასტურებული არ არის საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციით, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეს გარემოება გაითვალისწინოს სასჯელის დამძიმების საფუძვლად. ბრალდების მხარე კი ვერ უთითებს სხვა რელევანტურ გარემოებას, რაც შესაძლოა განხილული იქნეს სასჯელის დამძიმების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და რაც წარმოაჩენს ცხად საფუძველს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შეცვლისათვის.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე