საქმე N 020100120003775760
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №445აპ.-22 2 აგვისტო, 2022 წელი
ლ–ა გ., №445აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ლ–ა (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. გ. ლ–აა 2017 წლის 30 ივნისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იკავებდა ა–ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობას და მის სამსახურებრივ ვალდებულებებში სხვა ფუნქციებთან ერთად შედიოდა იდენტობის საკითხის დადგენის დროს მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში მონაწილეობა და დათვალიერების ოქმის სისწორის კონტროლი, ოქმის სისწორის დადასტურების შემდეგ კი ოქმსა და აღნიშნულის საფუძველზე გაცემულ ბრძანებაზე ბეჭდის დასმის უფლებამოსილების მიცემა. 2017 წლის 8 ნოემბერს გ. ლ–მ ა–ს ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტ ა. მ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, პირადი მოტივით, შეადგინა და გასცა ყალბი დოკუმენტი, კერძოდ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №........ ოქმი, რომლის თანახმად დგინდება, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრე ი. ბ–ს მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე წარმოდგენილი მონაცემები არის ერთმანეთის იდენტური, ოქმის შემდგენია ა. მ–მა, ხოლო დათვალიერების მონაწილე პირებად გ. ლ–სთან ერთად წარმოდგენილნი არიან ნ. ზ–ა და თ. კ–ა, მაშინ, როდესაც გ. ლ–ა აღნიშნულ პირებთან ერთად არ იმყოფებოდა უძრავი ქონების ადგილზე დასათვალიერებლად, არ გასულა შემთხვევის ადგილზე და ეს დოკუმენტი მხოლოდ ფიქციურად შეადგინა, ისე, რომ არ შეუმოწმებია დათვალიერების ოქმში წარმოდგენილი მონაცემების სისწორე და კანონიერება. დათვალიერების ოქმისთვის მეტი დამაჯერებლობის მიცემისთვის გ. ლ–მ ა. მ–სთან ერთად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების ფორმალურად შესრულების მიზნით, დათვალიერების ოქმში მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის გრაფაში შეიყვანა თ. კ–ა, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი არც წარმოდგენილი მასალებით და არც რეალურად, დასადგენი მიწის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ ყოფილა. 2017 წლის 10 ნოემბერს ა. მ–მ გასცა ყალბი ბრძანება №.., რომლის სისწორე გამგებლის წარმომადგენელმა გ. ლ–ამ სათანადო ბეჭდით დაამოწმა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ი. ბ–ს მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტური იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის. აღნიშნულის თაობაზე გ. ლ–მ ელექტრონულად აცნობა ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხოლო 2017 წლის 11 ნოემბერს ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მეშვეობით ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. გ. ლ–ს მიერ ა. მ–სთან ერთად ყალბად შექმნილი და გაცემული დოკუმენტის, კერძოდ, უძრავი ქონების დათვალიერების ოქმისა და ამ ოქმთან მიმართებით გაცემული ბრძანების საფუძველზე ი. ბ–მ 2017 წლის 25 დეკემბერს თაღლითური გზით მოპოვებული 600 მ2 მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად დაირეგისტრირა, ხოლო 2018 წლის 29 იანვარს 46314 (ორმოცდაექვსი ათას სამას თოთხმეტი) ლარად მიჰყიდა ქონების მართვის სააგენტოს.
1.3. ა. მ–მა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.4. ა. მ–მა 2017 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით იკავებდა მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის - ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ა–ს ადმინისტრაციული ერთეულის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობას, შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და მის სამსახურებრივ ვალდებულებებში სხვა ფუნქციებთან ერთად შედიოდა იდენტობის საკითხის დადგენის დროს მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში მონაწილეობა და დათვალიერების ოქმის შევსება, ოქმისა და აღნიშნულის საფუძველზე გაცემული ბრძანების სისწორის ბეჭდის დასმით დადასტურება. 2017 წლის 8 ნოემბერს ა. მ–მ, ა–ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელ გ. ლ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, პირადი მოტივით, შეადგინა და გასცა ყალბი დოკუმენტი, კერძოდ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №..... ოქმი, რომლის თანახმად დგინდება, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრე ი. ბ–სს მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე წარმოდგენილი მონაცემები არის ერთმანეთის იდენტური, ოქმის შემდგენია ა. მ–მა, ხოლო დათვალიერების მონაწილე პირებად წარმოდგენილნი არიან გ. ლ–ა, ნ. ზ–ა და თ. კ–ა, მაშინ, როდესაც ა. მ–მა აღნიშნულ პირებთან ერთად არ იმყოფებოდა უძრავი ქონების ადგილზე დასათვალიერებლად, არ გასულა შემთხვევის ადგილზე და ეს დოკუმენტი მხოლოდ ფიქციურად შეადგინა, ისე, რომ არ შეუმოწმებია დათვალიერების ოქმში წარმოდგენილი მონაცემების სისწორე და კანონიერება. დათვალიერების ოქმისთვის მეტი დამაჯერებლობის მიცემისათვის, ა. მ–მ გ. ლ–სთან ერთად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების ფორმალურად შესრულების მიზნით, დათვალიერების ოქმში მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის გრაფაში შეიყვანა თ. კ–ა, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი არც წარმოდგენილი მასალებით და არც რეალურად, დასადგენი მიწის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ ყოფილა. 2017 წლის 10 ნოემბერს ა. მ–მ გასცა ყალბი ბრძანება №.., რომლის სისწორე გამგებლის წარმომადგენელმა გ. ლ–მ სათანადო ბეჭდით დაამოწმა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ი. ბ–ს მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტური იყო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის. აღნიშნულის თაობაზე გ. ლ–მ ელექტრონულად აცნობა ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ხოლო 2017 წლის 11 ნოემბერს ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მეშვეობით ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ა. მ–ს მიერ გ. ლ–სთან ერთად ყალბად შექმნილი და გაცემული დოკუმენტის, კერძოდ, უძრავი ქონების დათვალიერების ოქმისა და ამ ოქმთან მიმართებით გაცემული ბრძანების საფუძველზე ი. ბ–მ, 2017 წლის 25 დეკემბერს თაღლითური გზით მოპოვებული 600 მ2 მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად დაირეგისტრირა, ხოლო 2018 წლის 29 იანვარს 46314 (ორმოცდაექვის ათას სამას თოთხმეტი) ლარად მიჰყიდა ქონების მართვის სააგენტოს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განაჩენით:
გ. ლ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა. მ–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით პაპავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ლ–სა და ა. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 11 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით პაპავამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენის გაუქმება გ. ლ–სა და ა. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულების - გ. ლ–სა და ა. მ–ს ადვოკატმა ვ. გ–მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. ლ–სა და ა. მ–ს ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმსა და ა. მ–ს მიერ გაცემულ ბრძანებაში შეტანილია ისეთი მონაცემები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს და ამახინჯებს რეალურ შინაარსს. გარდა ამისა, საჯარო რეესტრში გადაგზავნილი ყალბი შინაარსის ოქმი და ბრძანება საფუძვლად დაედო მიწის ნაკვეთის ი. ბ–ს საკუთრებად დარეგისტრირებას. მათი არარსებობის შემთხვევაში კი მიწის ნაკვეთი ი. ბ–ს საკუთრებად ვერ დარეგისტრირდებოდა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას და მიწის ნაკვეთზე მეორედ დადგენილი იდენტობა არის არასწორი. ამასთან, თავად ი. ბ–ც არ დასწრებია დასადგენი მიწის ნაკვეთის დათვალიერებას. გ. ლ–მ და ა. მ–მ განმარტეს, რომ მათ მიღება-ჩაბარების აქტის დედანი ნანახი არ აქვთ, წარდგენილი ასლის ცუდი ხარისხის გამო კი შინაარსის გარკვევა შეუძლებელი იყო, რაც ადასტურებს, რომ მათ აღნიშნულის მიუხედავად, დაადგინეს იდენტურობა, მითუფრო, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მომიჯნავე პირები არავის უნახავს და ამ პირთა განცხადებითვე მათი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ი. ბ–ს ნაკვეთი არასდროს ყოფილა.
4.2. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი და მასში მითითებული მონაცემები არ არის წარმოდგენილ ნახაზზე არსებული მონაცემების იდენტური და ი. ბ–ს აქტში მითითებულ ნაკვეთს მომიჯნავე პირების გვერდით არასდროს ფლობდა. 1997 წელს ი. ბ–სზე გაცემული N.... მიღება-ჩაბარების აქტი არის ყალბი, რაც დადგენილია საქმის მასალებით. გ. ლ–მ და ა. მ–მ კი არ დაადგინეს, აღნიშნული ნაკვეთი ნამდვილად იყო თუ არა წარმოდგენილი ნახაზის იდენტური. ამასთან, გ. ლ–მ იცოდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მიწის ნაკვეთზე დავა ჰქონდა რ. ჩ–ს. არც ბრალდების მხარე ხდის სადავოდ, რომ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ყალბი, ნამდვილობის და კანონიერების შემოწმება არ ევალებოდათ გ. ლ–ს და ა. მ–ს, თუმცა აქტის მონაცემების დადგენა და მისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აგეგმვით ნახაზთან შედარება იყო მათი ვალდებულება. ამასთან, აქტში მითითებული მონაცემების, ადგილმდებარეობისა და მომიჯნავე პირთა გადამოწმების შემთხვევაში იდენტურობა არ დადგინდებოდა. ის, რომ თ. კ–ა და ნ. ზ–ა გამგეობაში გ. ლ–სა და ა. მ–სთან იმის დასადასტურებლად იყვნენ მისულები, რომ ი. ბ–ს ა–ში ჰქონდა 600 მ2 მიწის ნაკვეთი, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული არის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ნაკვეთი. თ. კ–ს მოსაზღვრეობა არ ადასტურებს, რომ ზუსტად მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დადგინდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის განმარტება, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი და მის საფუძველზე გაცემული ბრძანება არ არის ყალბი. ი. ბ–ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკითხულმა მოწმეებმა - გ. კ–მ, თ. ბ–მ, ო. გ–მ, ლ. ბ–მ განმარტეს, რომ ი. ბ–ს არასდროს ყოფილა მათი მიწის ნაკვეთის გვერდით არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, თუმცა ი. ბ–ს მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც დაეყრდნენ გ. ლ–აა და ა. მ–მა, აღნიშნული პირები ი. ბ–სს ნაკვეთის მოსაზღვრეებად არიან მითითებულნი. მოწმეებმა - დ. შ–მ და თ. ე–მ კი განმარტეს, რომ მათ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი არ შეუდგენიათ და ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები არ გაუციათ, მათ შორის - არც ი. ბ–ზე. გარდა ამისა, გ. ლ–აას და ა. მ–ს მათთვის ამ მიწის ნაკვეთის შესახებ არ უკითხავთ. მოწმე ი. ბ–სმ დაადასტურა, რომ თ. კ–ა და ნ. ზ–ა მან მიიყვანა ა–ს გამგეობაში, თუმცა გ. ლ–ა და ა. მ–მა არ ყოფილან და მონაწილეობა არ მიუღიათ მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში. აღნიშნულმა პირებმა მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმს ხელი მოაწერეს ა–ს გამგეობის შენობაში. მას გ. ლ–სა და ა. მ–სთვის არ უთქვამს, კონკრეტულად რა ადგილას იყო მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებაც სურდა და არ უჩვენებია ეს ნაკვეთი. მოწმე რ. ჩ–ს ჩვენებით კი ირკვევა, რომ მან გ. ლ–ს მ. ჩ–ს თანდასწრებით უთხრა, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ითხოვდა ი. ბ–ს, არ მიეცათ სხვისთვის, რადგან ამ მიწის ნაკვეთზე თვითონ გააჩნდა პრეტენზია. გამგეობის შენობაში რ. ჩ–სთან ერთად ყოფნა დაადასტურა მოწმე მ. ჩ–მ. მოწმე ნ.ზ–მ კი განმარტა, რომ მას მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიუღია, იგი თ. კ–სთან ერთად მივიდა მხოლოდ გამგეობის შენობაში, სადაც დახვდნენ გ. ლ–აა და ა. მ–ა. მან დათვალიერების ოქმს ხელი თ. კ–ს ნაცნობობიდან გამომდინარე მოაწერა. ა. მ–მამ დაადასტურა, რომ სამსახურებრივი ბეჭედი ჰქონდა გ. ლ–ს, რომელმაც მის მიერ შედგენილ ოქმსა და ბრძანებას დაუსვა ბეჭედი. პირველად, როდესაც მან და გ. ლ–მ შეადგინეს დათვალიერების ოქმი, მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დასტურდებოდა. მეორე ოქმის შედგენის დღეს კი მიწის ნაკვეთის სანახავად არ გასულან, გამგეობის შენობაში, სამუშაო ოთახში, მივიდნენ თ. კ–ა და ნ. ზ–ა, რომლებმაც ოქმს გამგეობის შენობაში მოაწერეს ხელი. როდესაც სადავო იდენტობის დადგენის ოქმი შედგა, მიწის ნაკვეთის დასათვალიერებლად ადგილზე არ ყოფილან, რადგან საჭიროდ არ ჩათვალეს. შედგენის შემდეგ მან ოქმი და შესაბამისი ბრძანება გადასცა გ. ლ–ს, რომელმაც დაუსვა ბეჭედი. მითითებული დოკუმენტაცია შემდეგ მათი მეშვეობით გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ვინაიდან ი. ბ–ს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე პირები ვერ მოძებენს, დათვალიერების ოქმში შეიყვანეს ნიკოლოზ ზუხბაია და თ. კ–ა, რადგან იმ პერიოდში იყო ბევრი ანალოგიური წერილი და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მფლობელთა მოძებნას დიდი დრო დასჭირდებოდა და დროულად უნდოდა შესასრულებელი წერილის ჩამოწერა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
4.3. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ გ. ლ–მ და ა. მ–მ, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ყალბად დაადგინეს ი. ბ–ს მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ლ–სა და ა. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარეებმა გახადეს უდავოდ და ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
5.4. უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: 2017 წლის 2 ივნისის №.... ბრძანებით დადგენილია, რომ გ. ლ–ა 2017 წლის 5 ივნისიდან დაინიშნა ზ....ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ა–ს ადმინისტრაციულ ერთეულში. 2017 წლის 30 ივნისის №....... ბრძანებით კი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, მასა და ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ. ლ–ა 2017 წლის 30 ივნისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დასაქმდა ზ......ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ა–ს ადმინისტრაციულ ერთეულში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 2 ივნისის №.... ბრძანებით ა. მ–მა 2017 წლის 5 ივნისიდან დაინიშნა ზ–ს მუნიციპალიტეტის ა–ს ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტად. 2017 წლის 29 ივნისის №.... ბრძანებით კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გამგეობაში არსებული თანამდებობების იერარქიულ რანგებში განაწილების საფუძველზე, გადაინიშნა IV რანგის I კატეგორიის - ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ა–ს ადმინისტრაციული ერთეულის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
5.5. ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 05 ივლისის №..... ბრძანებით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები დელეგირებულ იქნა ზ–ს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში IV რანგის უმცროს სპეციალისტებზე.
5.6. მოქალაქე ი. ბ–ს განცხადებით დადგენილია, რომ მან 2017 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განცხადებას დაურთო 1997 წლის 15 დეკემბერს მის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტი, ასევე, საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი და ითხოვა ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №........ მიმართვით გადაეგზავნა ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელსაც ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზ–ს მუნიციპალიტეტის ა–ს ადმინისტრაციული ერთეულის IV რანგის I კატეგორიის უმცროსმა სპეციალისტმა, ა. მ–მ შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №..... ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს, 10:00 საათზე, მან და გ. ლ–მ დაათვალიერეს ა–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დადგინდა. აღნიშნულის შესახებ ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ი. ბ–ს განცხადებაზე, რომლითაც მან 2017 წლის 31 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მან განცხადებას დაურთო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ნოემბრის №....... მიმართვით გადაეგზავნა ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელსაც ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზ.......ს მუნიციპალიტეტის ა–ს ადმინისტრაციული ერთეულის IV რანგის I კატეგორიის უმცროსმა სპეციალისტმა, ა. მ–მამ შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №...... ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს გ. ლ–აას, ნ. ზ–ს და თ. კ–ას მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერებითა და გამოკვლევით დადგინდა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აგეგემვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იყო იდენტური. ამასთან, აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი - ა. მ–მა, ასევე - გ. ლ–ა, ნ. ზ–ა და თ. კ–ა. ოქმი დამოწმებულია ა–ს ადმინისტრაციულ ერთეულში ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ბეჭდით.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს 2017 წლის 10 ნოემბერს ზ–ს მუნიციპალიტეტის ა–ს ადმინისტრაციული ერთეულის IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ა. მ–ს მიერ გამოცემულ №..... ბრძანებას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ, რომლითაც დადგინდა ი. ბ–ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თანდართული დოკუმენტებისა და IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, ი. ბ–ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის.
5.9. ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის №..... მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ზ–ს მუნიციპალიტეტის ა–ს ადმინისტრაციული ერთეულის IV რანგის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის №.....ბრძანება და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №...... ოქმი. 2017 წლის 25 დეკემბერს, 1997 წლის 15 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ი. ბ–სს საკუთრებად დარეგისტრირდა ზ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც მან 2018 წლის 29 იანვარს 46314 ლარად მიჰყიდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
5.10. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 2 თებერვალს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართა მოქ. რ. ჩ–მ, რომელიც განმარტავდა, რომ 1997 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტი იყო ყალბი და მის საფუძველზე ი. ბ–მ მიისაკუთრა რევაზ ჩიქობავაზე გადაცემული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება №......... სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე, დადგინდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №...... აქტის სიყალბე და ი. ბ–ს მიერ ამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტი, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №...... ოქმითა და მის საფუძველზე 2017 წლის 10 ნოემბერს გამოცემული №....... ბრძანებით დადასტურდა ი. ბ–ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიღება-ჩაბარების აქტით) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. 1997 წლის 15 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №.... აქტით ასევე დგინდება, რომ ი. ბ–სსათვის გადაცემული 600 მ2 მიწის ნაკვეთი რეალურად მდებარეობდა სოფელ ა–ში და იგი საჯარო რეესტრში, მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზის ფარგლებში, სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა. შესაბამისად, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №........ ოქმის შინაარსი, რომლითაც დადასტურებულია მიწის ნაკვეთის იდენტურობა, არ არის გაყალბებული და ასახავს რეალობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ი. ბ–მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, 1997 წლის 15 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №........ აქტი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ყალბი, თუმცა ამ აქტის ნამდვილობისა და კანონიერების შემოწმება გ. ლ–სა და ა. მ–ს არ ევალებოდათ, რადგან, აღნიშნული სცილდებოდა მათი უფლებამოსილების ფარგლებს. გარდა ამისა, დათვალიერების ოქმში მონაწილე პირებად მითითებულნი არიან თ. კ–ა და ნ. ზ–ა, რომლებმაც გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ ისინი ი. ბ–ს მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად მივიდნენ სოფელ ა–ს გამგეობაში, სადაც დახვდნენ გ. ლ–აა და ა. მ–მა, რომლებმაც გააფრთხილეს, რომ ეთქვათ მხოლოდ სიმართლე და არ ეცრუათ, რის შემდეგაც მათ დაუდასტურეს, რომ ი. ბ–ს სოფელ ა–ში, მდინარე თ–ს სანაპიროზე, ნამდვილად ჰქონდა 600 მ2 მიწის ნაკვეთი და ხელი მოაწრეს ოქმს. ამასთან, გასათვალისწინებელია გ. ლ–აას და ა. მ–ს განმარტებები, რომ თ. კ–ა ნამდვილად სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთის მახლობლად მდებარე ნაკვეთით და ვინაიდან მასზე ახლოს მცხოვრები პირები ვერ მოიძიეს, ოქმში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ/მფლობელად მიეთითა თ. კ–აია. ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს თ. კ–ს სახლის მახლობლად, დასტურდება უდავო მტკიცებულებით, თ. კ–ს გამოკითხვის ოქმით.
5.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №.... ოქმისა და მის საფუძველზე 2017 წლის 10 ნოემბერს გამოცემული №... ბრძანების სიყალბე, რადგან ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.13. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულია ერთი და იმავე პირის რამდენიმე გამოკითხვის ოქმი, რომლებშიც მათ მიერ აღწერილი ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები არის წინააღმდეგობრივი, კერძოდ, სხვადასხვანაირად არის აღწერილი დათვალიერების ოქმში მითითებული პირები გავიდნენ თუ არა ადგილზე და რა დაადგინეს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე გამოკითხვის ოქმი არის უდავო მტკიცებულება, მოწმეები კი სხდომაზე არ დაკითხულან და არ განუმარტავთ ამ წინააღმდეგობების მიზეზი, სასამართლო ვერ დაეყრდნობა იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, რომელთა შინაარსიც ეწინააღმდეგება მათ მიერვე წინა გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რადგან შეუძებელია იმის გარკვევა რომელი მათგანია სწორი და რატომ აწვდის მოწმე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას.
5.14. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ საქმეში განთავსებულია გ. ლ–სთან დადებული შრომითი ხელშეკრულება და მისი სამუშაოს აღწერილობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა არც ერთ მათგანში არ არის მითითებული, რომ გამგებლის წარმომადგენელს ევალება ან მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას წარმოადგენდა დათვალიერების ოქმის სისწორის დადასტურება. აღნიშნული ასევე არ დასტურდება გამგებლის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტით, რომლითაც მის წარმომადგენელს დაავალებდა დაედასტურებინა დათვალიერების ოქმის სისწორე. გარდა ამისა, ოქმის შედგენის დროს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამგებლის/მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით. ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, გამგებლის წარმომადგენელი გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს დამტკიცებული წესის შესაბამისად; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერებაში მონაწილეობა გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილებებში არ შედის, ამასთან, ამის შესახებ არც გამგებლის წერილობითი დავალებაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, დათვალიერებაში მონაწილეობით ოქმის სისწორის დადასტურებისას, გ. ლ–ა საჯარო უფლებამოსილებას არ ასრულებდა, მისი როლი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოქმის სისწორის ხელმოწერით დადასტურებაში, რაც არ წარმოადგენს ოქმის შედგენას. მითუფრო, რომ ოქმის შემდგენ პირად მითითებულია სხვა პიროვნება. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, რომელიც გამოიყენება ზ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და გამგებლის დავალებით გაცემულ ცნობებზე. მოცემულ შემთხვევაში კი დათვალიერების ოქმი არ არის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი, შესაბამისად, ასეთი დოკუმენტის ბეჭდით დამოწმება გამგებელს არ ევალებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულით უტყუარად არ დასტურდება, რომ გ. ლ–მ შეადგინა და გასცა ეს ოქმი.
5.15. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ა. მ–მა იყო მოხელე, რომელმაც შეადგინა დათვალიერების ოქმი. თუმცა საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული ოქმის სიყალბეს. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში არის წინააღმდეგობა, რის გამოც უტყუარად არ დასტურდება დათვალიერების ოქმში მითითებულმა პირებმა ადგილზე დაათვალიერეს ნაკვეთი თუ არ გასულან მის დასათვალიერებლად. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ოქმში მითითებული ინფორმაცია არის ყალბი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აუცილებელია ანგარების ან პირადი მოტივის არსებობა, თუმცა მომცემულ შემთხვევაში არ დადგენილა და არც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაშია გამოკვეთილი, თუ რა პირადი მოტივით მოქმედებდნენ ა. მ–მა და გ. ლ–ა.
5.16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ლ–სა და ა. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.19. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე