საქმე N 330100121005083840
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №568აპ-22 4 აგვისტო, 2022 წელი
მ–ი მ., 568აპ-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 მ. მ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ში, ....... ქუჩა №..-ში მ. მ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ. კ–ს, კერძოდ, სამჯერ ან ოთხჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2021 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. მ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მეუღლის, ნ. კ–ს კუთვნილ თანხას 387 ლარისა და 38 თეთრის ოდენობით, ასევე, რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, ......ის ქუჩა №-ში, კვლავ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, აშკარად დაეუფლა მეუღლის ნ. კ–ს კუთვნილ 140 ლარად ღირებულ ,,LG G5“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს საერთო ჯამში მიადგა 527 ლარისა და 38 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ–იის ქმედებაში არ იკვეთებოდა ძარცვის აუცილებელი ელემენტი - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, მეუღლის ნ. კ–ს კუთვნილი 140 ლარად ღირებულ ,,LG G5“ მოდელის მობილური ტელეფონისა და ფულადი თანხის 387 ლარისა და 38 თეთრის აშკარად დაუფლება, რის გამოც, ამ ნაწილში მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ამავე განაჩენით, სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. მ. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.4. მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, რაც 2021 წლის 29 აგვისტოდან 2021 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, მ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით;
მ. მ–იის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. მ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით, რაც 2021 წლის 29 აგვისტოდან 2021 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა სრულად მოხდილად.
3.2. 2022 წლის 4 მაისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. მ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილიდან კვლავ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და მისთვის რელევანტური სასჯელის განსზღვრა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უფრო მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.3. 2022 წლის 18 მაისს მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, გ. ო–მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი მ. მ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში არის უკანონო, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მ. მ–იის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. დაზარალებულმა ნ. კ–მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2021 წლის 29 აგვისტოს მას მ. მ–იმა მოსთხოვა 100 ევრო, რაზეც უთხრა უარი, ვინაიდან იყო მისი კუთვნილი თანხა და ჩანთა, რომელშიც თანხა ედო დაიჭირა ხელში, რათა მალხაზს ფული არ აეღო. მ. მ–მა სცადა აღნიშნული ჩანთის წართმევა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული უწევდა წინააღმდეგობას, მ. მ–მა ჩანთა მაინც გამოსტაცა ხელიდან და ამოიღო 100 ევრო და 20 ლარიანი კუპიურა. აღნიშნულის გამო ნ. კ–ს გამოიქცა სახლიდან. მას დაედევნა მ. მ–ი, რომელმაც დაზარალებულს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი და წაართვა მობილური ტელეფონი. აღნიშნული ასევე დასტურდება უდავო მტკიცებულებებით.
4.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. მ–ი წარსულში დაკავებული იყო დაზარალებულის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის, თუმცა იმის გამო, რომ ნ. კ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მ. მ–ი გაათავისუფლეს და მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მითუფრო, რომ მ. მ–ის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და მისი შესრულება არ მოუწევს.
4.3. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ მ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ნ. კ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მ. მ–ი არის მისი მეუღლე, რომელთანაც აპირებს განქორწინებას. მათ გაყიდეს თ–ში, ჭ–ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომლის ნაწილით დაფარეს ვალი, ხოლო დარჩენილი თანხა - 15000 აშშ დოლარი, როგორც საერთო საკუთრება გაინაწილეს თანაბრად. მან კუთვნილი თანხით იგირავა ბინა, სადაც ცხოვრობდა დედასთან ერთად, ხოლო მ. მ–ი ცხოვრობდა ქირით და აპირებდა ბინის შეძენას, მაგრამ კუთვნილი თანხა წააგო აზარტულ თამაშებში. მ. მ–ის აღნიშნული თანხიდან დარჩენილი ჰქონდა 100 ევრო, რომელიც გახდა მათი კონფლიქტის მიზეზი. 2021 წლის 29 აგვისტოს თში, მს N..-ში მდებარე მ. მ–ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას ამ უკანასკნელთან მოუვიდა კამათი, კერძოდ, მას მ-ი სთხოვდა 100 ევროს, რომელიც იდო დაზარალებულის ჩანთაში. იგი მ-ს ამ თანხის მიცემაზე ეუბნებოდა უარს, რა დროსაც მ. მ–მა ხელიდან ჯაჯგურით გამოგლიჯა ჩანთა. ნ. კ–ს გაიქცა ქუჩაში. მას უკან დაედევნა მ–ი, რომელიც სთხოვდა კუთვნილი ,,LG“-ს ფირმის მობილური ტელეფონის მიცემას და რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, რა დროსაც იგრძნო ტკივილი. დარტყმის მომენტში მას ხელიდან გაუვარდა მობილური ტელეფონი, თუმცა შეძლო მ–სგან თავის დაღწევა და ქუჩაში გაქცევა. იგი გამვლელებს სთხოვდა 112-ში დარეკვას, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. ამ დროს დაინახა პატრულის მანქანა, რომელიც გააჩერა და სთხოვა დახმარება. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მ. მ–მა ბანკიდან გამოიტანა აზარტულ თამაშებში მოგებული 1500 ევრო, საიდანაც 1000 ევრო დაიტოვა თვითონ, 500 ევრო კი მისცა ნ. კ–ს, რომელიც თანხას ინახავდა სახლში. მისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული თანხი მ-ს ჰქონდა აზარტული თამაშებიდან, რადგან მოგებული თანხა გამოჰქონდა მასთან ერთად და განკარგავდნენ როგორც საერთო ქონებას. იგი მ. მ–ს მიცემული თანხით აპირებდა ი–ში დაბრუნებას, მაგრამ მას მ–მა თანხა ეტაპობრივად გამოართვა, 200-200 ევრო, ამიტომ მასთან დარჩა მხოლოდ სადავო 100 ევრო. დაზარალებულის განმარტებით, მ. მ–ი მის ტელეფონს იმ მიზნით დაეუფლა, რომ არ დაერეკა 112-ში.
5.4. მოწმე ზ. ზ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 აგვისტოს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადდა მ. მ–ი, რომელიც აღიარებდა ცოლის მიმართ ჩადენილ ძალადობას და იმ ფაქტს, რომ მეუღლეს გამოსტაცა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. საგამოძიებო ექსპრიმენტისას კი, მ. მ–ს დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რაც დაილუქა სათანადო წესით.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტ ე. ლ–ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნაზე, რომლებითაც დგინდება, რომ პირადი შემოწმებით 30/08/2021წ-ს ნ. კ–ს გარეგნულად მარცხნივ ბეჭის მიდამოში აღენიშნება დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 29/08/2021წ-ს თარიღს. ამავე დასკვნაში დაფიქსირებულია შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია: 2021 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, მეუღლემ თავში ურტყა მუშტები, ასევე წაართვა ტელეფონი და ჩანთა. შემოწმების მომენტში უჩივის ტკივილს თავისა და მხრის მიდამოში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. ობიექტურად: ბეჭის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 0,8X0,5სმ.
5.6. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებმა გახადეს უდავოდ, რის გამოც, ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
5.7. შეტყობინებით დადგენილ იქნა, რომ გამოძების დაწყებას საფუძვლად დაედო 112-დან შესული შეტყობნება, რომ ნ. კ–ს მეუღლემ, მ. მ–მა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
5.8. 2021 წლის 29 აგვისტოს მ. მ–მა განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-9 სამმართველოს და განაცხადა, რომ თ–ში, მ–ს ქუჩა N..-ში, თანხასთან დაკავშირებით მეუღლესთან მოუვიდა უთანხმოება და აღნიშნულის მოსაგვარებლად ითხოვდა დახმარებას. იმავე დღეს შედგა გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმად, მ. მ–იი 10 წელია ქორწინებაში იმყოფება ნ. კ–სთან და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თანაცხოვრებისას მუშაობდნენ და ერთად ინახავდნენ ოჯახს. ოჯახური კონფლიქტების მიუხედავად მითითებულ დღემდე ცხოვრობდნენ მ–ს ქუჩა N..-ში. 2015 წელს, თანაცხოვრების პერიოდში, ..........ს ქუჩა N..-ში შეიძინეს საერთო ბინა, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ გაყიდეს, აღებული თანხით კი გადაიხადეს ფინანსური ვალდებულებები, დარჩენილი 15000 აშშ დოლარი კი თანაბრად გაინაწილა მეუღლესთან. მან კუთვნილი თანხით ითამაშა აზარტული თამაშები და მოიგო თანხა, რომლითაც შეიძინა 1400 ევრო, საიდანაც 100 ევრო შეინახა სახლში, მისი და ნ. კ–ს კუთვნილ ოთახში. ამის შესახებ მისი მეუღლეც ფლობდა ინფორმაციას. 2021 წლის 29 აგვისტოს ზემოხსენებულ 100 ევროსთან დაკავშირებით მეუღლესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, კერძოდ ნატო ეუბნებოდა, რომ 100 ევრო იყო მისი და არ უნდა აეღო მ. მ–ის, რაზეც ეს უკანასკნელი გაბრაზდა და ნ–ს თვალწინ ისე, რომ იგი ხედავდა და ეუბნებდა, რომ არ აეღო ფული, მან ნ. კ–სს ხელჩანთაში დაუკითხავად მოძებნა ერთი ცალი 100 ევროიანი და 20 ლარიანი კუპიურა და ამოიღო ჩანთიდან. აღნიშნულის შემდეგ, ნ. კ–მ აიღო კუთვნილი მობილური ტელეფონი და დატოვა სახლი. მისი მეუღლე ცდილობდა ტელეფონით დარეკვას, რისი საშუალებაც მან არ მისცა, კერძოდ, ნ. კ–ს ხელიდან წაართვა ტელეფონი და უთხრა ნუ რეკავდა და შეეცადა მეუღლის სახლში შეყვანას, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი უთხრა და გაიქცა სახლიდან. მან ნ. კ–სს მობილური ტელეფონი და ზემოხსენებული ფულადი თანხა შეინახა მათ საცხოვრებელ სახლში, მ.....ს ქუჩა N..-ში, შემდეგ კი ამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის დასაფიქსირებლად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანებში.
5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ამოღების ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 29 აგვისტოს მ. მ–ის მონაწილეობითა და მითითებით თ–ში, მ–ს ქუჩა N..-დან ამოღებული იქნა ნ. კ–სს მობილური ტელეფონი, ერთი ცალი 100 ევროიანი და ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა. იმავე დღეს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით კი დასტურდება, რომ მ. მ–იმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მან 2021 წლის 29 აგვისტოს, ნ. კ–ს დაუკითხავად, ამ უკანასკნელის ხელჩანთიდან ამოიღო 100 ევროიანი და 20 ლარიანი კუპიურა. ასევე მიუთითა ................ის ქუჩა N..-თან იმ ადგილზე, სადაც მეუღლეს ფიზიკური ძალადობით წაართვა მობილური ტელეფონი. ასევე, დაზარალებულმა ნ. კ–სმ თ–ში მ–ს №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიუთითა ადგილზე, სადაც 2021 წლის 29 აგვისტოს მას მ. მ–იმა დაუკითხავად, ხელჩანთიდან გასტაცა 100 ევრო, შემდეგ კი მიუთითა ..........ის ქუჩა N..-თან არსებულ ტერიტორიაზე, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი წაართვა მ. მ–იმა.
5.10. მოწმეების - ო. ც–სისა და თ. ბ–სის გამოკითხვის ოქმებით კი დადგენილია, რომ 2021 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15:20 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხ–ს ქუჩაზე ამსვლელ გზაზე თ. ბ–ი გააჩერა ქალბატონმა - ნ. კ–სმ და სთხოვა დახმარება, კერძოდ, უთხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ, მ–ს ქუჩაზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვა ტელეფონი. თ. ბ–მა სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მას ნ. კ–სთვის დაზიანების აშკარა ნიშნები არ შეუნიშნავს. ქალბატონი იყო აღელვებული და ძალიან განიცდიდა მომხდარს. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდა პატრულ-ინსპექტორი ო. ც–ი, რომელსაც ადგილზე დახვდა აღელვებული ნ. კ–ს, რომელიც განმარტავდა, რომ მეუღლემ, მ. მ–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვა მობილური ტელეფონი.
5.11. უდავო მტკიცებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 22 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის №.... დასკვნით კი დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ,,LG G5“, მოდელი - ......... საბაზრო ღირებულება ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 140 ლარს.
5.12. ამოღების ოქმით კი დადგენილია, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს, ამოღებული იქნა სამედიცინო ბარათი N..., სადაც მითითებულია, რომ პაციენტი ნ. კ–ს უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს. მისი გადმოცემით მეუღლემ ჩხუბის დროს რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში.
5.13. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მ. მ–ს ჩვენებას, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მისი მხრიდან იძულებას და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ნ. კ–ს ტელეფონი წაართვა იმ მიზნით, რომ არ დაერეკა დედამისთან, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არ ენერვიულა. მ. მ–მა ასევე განმარტა, რომ 100 ევრო ინახებოდა მასთან და სწორედ ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა წასვლამდე, თანაბარწილად გაყოფის მიზნით.
5.14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მ. მ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და ასევე მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება, რომ მ. მ–მა ჩაიდინა არა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, არამედ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ნ. კ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ მას მეუღლესთან, მ. მ–თან კამათი მოუვიდა ამ უკანასკნელის კუთვნილი 100 ევროს გამო, რომელსაც ინახავდა ჩანთაში. მას მ. მ–მა მოსთხოვა აღნიშნული თანხა, რომლის გადაცემაზეც მან განუცხადა უარი. ამის შემდეგ მ. მ–მა ფულის დაუფლების მიზნით ნ. კ–ს ჯაჯგურით გამოსტაცა ჩანთა, საიდანაც ამოიღო თანხა, მოგვიანებით კი დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ,,LG-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, იმ მიზნით, რომ არ დაერეკა 112-ში.
5.15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის N7აპ-15 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თვითნებობა არის ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან.“ აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ნ. კ–ს განმარტებით ის და მისი მეუღლე თანხებს, როგორც საერთო ქონებას განკარგავდნენ ერთად. მართალია, ნ. კ–ს კუთვნილი მობილური ტელეფონი და 100 ევრო ამოღებული იქნა მ. მ–ს მითითებით, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ–იის ქმედებაში არ იკვეთება სადავო ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ვინაიდან თავად დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ ის და მ. მ–ი თანხას განკარგავდნენ ერთობლივად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს კი მ. მ–იი დაეუფლა იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალა, რათა მას არ დაერეკა 112-ში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ–იის ქმედება მოიცავს თვითნებობის ნიშნებს, ვინიადან დაზარალებულსა და მ. მ–ის შორის კამათი დაიწყო 100 ევროზე, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიჩნევდა თავის საკუთრებად და სურდა მისი დაბრუნება, რაზეც ნ. კ–მ განუცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ, მ. მ–ი ყველა საშუალებით შეეცადა დაებრუნებინა კუთვნილი თანხა, რის გამოც ნ. კ–ს გამოგლიჯა ჩანთა და ამოიღო მასში მოთავსებული თანხა, ნ. კ–ს კუთვნილ მობილური ტელეფონის დაუფლებით კი შეეცადა ხელი შეეშალა, რომ დაზარალებულს არ დაერეკა 112-ში. რაც ასევე დაადასტურა თავად ნ. კ–მაც. შესაბამისად, მ. მ–ის ამოძრავებდა არა სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, არამედ მან ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
5.16. ამდენად საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დასტურდება მ. მ–ის ქმედებაში თვითნებობის ნიშნების არსებობა.
5.17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მ. მ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. მ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მ. მ–იის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
5.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე