საქმე N 060100120003850966
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №684აპ.-22 5 აგვისტო, 2022 წელი
ც–ე რ., №684აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ც–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 8 მარტს, დაახლოებით 21:35 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ო–ში, ჯ. ა–ს ეზოს წინ მდებარე ტერიტორიაზე, რ. ც–მ იძალადა ძმაზე, მ. ც–ზე, კერძოდ, მან ჯოხი ორჯერ დაარტყა მ. ც–ს თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც მ. ც–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით რ. ც–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ. ც–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 9 მარტს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენის გაუქმება, რ. ც–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულ მ. ც–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ რ. ც–ს ბრალეულობას, კერძოდ: თვითმხილველი მოწმის, ჯ. ა–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2020 წლის 8 მარტს, დაახლოებით 21:35 საათზე, რ. ც–მ მ. ც–ს თავში ორჯერ ჩაარტყა ჯოხი, რის გამოც ამ უკანასკნელს თავიდან წამოუვიდა სისხლი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მიერ შედგენილი სამედიცინო ბარათის მიხედვით მ. ც–ს ღია ჭრილობა ჰქონდა თავზე. ამასთან, მ. ც–მ ექსპერტს განუმარტა, რომ ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღსანიშნავია ასევე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ც–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. დაზარალებულმა მ. ც–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რ. ც–მ კი წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა რ. ც–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 8 მარტს 112-ში შესული ინიციატორის, მ. ც–ს შეტყობინება, რომ მას სცემა ძმამ და გაუტყდა თავი.
5.5. მოწმე გ. ნ–ს ჩვენებით კი დგინდება, რომ 2020 წლის 8 მარტს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე მან გამოკითხა დაზარალებული მ. ც–ე, რომელმაც განუმარტა, რომ ძმამ - რ. ც–მ თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ჯოხი, რის გამოც წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კი ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქები. ამასთან, გამოიკითხა მეზობელი ჯ. ა–ი, რომელმაც დაადასტურა კონფლიქტი.
5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ჯ. ა–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ იგი ცხოვრობს ს–ს რაიონის სოფელ ო–ში, სადაც მისი მეზობლები არიან რ. და მ. ც–ი. 2020 წლის 8 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, მისი ჭიშკრის მახლობლად, მ. ც–მ უამბო, რომ კამათი მოუვიდა მთვრალ რ. ც–სთან და გამოერიდა. ამ დროს მათთან მივიდა რ. ც–ც, რომელიც იყო აგრესიული და იმის გამო, რომ ეგონა ის და მ. ც–ე საუბრობდნენ მასზე, განაწყენდა და ხელთნაქონი ჯოხი თავისა და სახის არეში დაარტყა მ. ც–ს, რომელსაც თავიდან წამოუვიდა სისხლი. რ. ც–ე კვლავ ცდილობდა დაზარალებულისთვის ჯოხის დარტყმას, თუმცა ჯ. ა–მა ამის უფლება არ მისცა.
5.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 20 მარტის ექსპერტის N...... დასკვნით კი დგინდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N.....-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე მ. ც–ს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია 08.03.20 წ-ს, სადაც დაესვა დიაგნოზი, თავის ღია ჭრილობა. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაზუსტებული, როგორც შემთხვევით ან წინასწარ განზრახული. დაზიანება ჭრილობის სახით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად ასევე მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მისი (ჭრილობის) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი. 09.03.2020წ 02:07-02:15 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე მ. ც–ს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2020 წლის 9 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, სადაც მითითებულია, რომ დათვალიერებისას მ. ც–მ მიუთითა სისხლის ლაქებზე და განმარტა, რომ აღნიშნული არის მისი სისხლი, რომელიც წამოუვიდა ჯოხის დარტყმის შედეგად, თუმცა ოქმში არ არის მითითებული ვინ დაარტყა ჯოხი და განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი. ამასთან, დათვალიერებისას ამოღებული სისხლის კვალი, ეკუთვნის თუ არა მ. ც–ს ამის დასადგენად ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
5.9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.11. მოცემულ შემთხვევაში მოწმე გ. ნ-ის ჩვენება მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით არის პირდაპრი, თუმცა ჩვენების ის ნაწილი, სადაც აღწერს რ. ც–ს მიერ ძმაზე ძალადობას წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან თვითონ მოწმე ძალადობის ფაქტს არ შესწრებია და გადმოსცემს მ. ც–ს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში გ. ნ–ს ჩვენება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, კასატორის მიერ მითითებული მოწმის - ჯ. ა–ს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ რ. ც–მ მ. ც–ს ხელთნაქონი ჯოხი ჩაარტყა თავისა და სახის არეში, არ არის საკმარისი რ. ც–ს ბრალეულობის დასადასტურებლად, ვინაიდან აღნიშნული მოწმის გამოკითხვის ოქმითა და ასევე სხვა მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ძალადობის შედეგად მ. ც–მ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მართალია ექსპერტიზის N....... დასკვნით დგინდება, რომ მ. ც–ს დაესვა დიაგნოზი, თავის ღია ჭრილობა, თუმცა ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ შეუძლებელია დაზიანების როგორც ხარისხის, ასევე მიმყენებელი საგნის განსაზღვრა, ამასთან, დასკვნაში ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებითა არაფერია ნათქვამი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა მ. ც–ს დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა დაუდგინდა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, თუმცა ამავე დასკვნით ირკვევა, რომ მ. ც–ს პირადი შემოწმება ჩაუტარდა 2020 წლის 9 მარტს 02:07-02:15 საათზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, რა დროსაც მ. ც–ს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ზემოაღნიშნული კი ბადებს ეჭვს დაზიანების არსებობასთან დაკავშირებით.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორც მან სასამართლოში არ დაადასტურს.
5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შეტყობინებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორი ბრალდების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად მოიხმობს საგამოძიებო ექსპერეიმენტის ოქმს, თუმცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მასალებში ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. ც–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე