საქმე # 150100121004712156
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №748აპ-22 ქ. თბილისი
ა. ა. 748აპ-22 7 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ა–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. ა. ა–ი, რომელიც დედასთან - ა. ს–თან და არასრულწლოვან დასთან ერთად ცხოვრობს ქ. ა–ში, ყოფილ N.. სამხედრო ქალაქში, კორპუს N..-ის ბინაN..-ში, თანაცხოვრების პერიოდში სისტემატიურად, წლების განმავლობაში, თითქმის ყოველ კვირა სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ა. ს–ს, ლანძღავდა და აგინებდა მას, უწოდებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს, არასრუწლოვანი ქალიშვილის - კ. ს–ს თანდასწრებით, რის შედეგადაც ა. ს–მა განიცადა ტანჯვა;
2.2. 2021 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ა. ა–მა ქ. ა–ში, ყოფილ N.. სამხედრო ქალაქში, კორპუს N..-ის ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დედას - ა. ს–ს, არასრუწლოვანი ქალიშვილის - კ. ს–ს თანდასწრებით, რის შედეგადაც ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2021 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 21:20 საათზე, ა. ა–მ ქ. ა–ში, ყოფილ N.. სამხედრო ქალაქში, კორპუს N..-ის ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, სახის არეში ხელის დარტყმით კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა დედას - ა. ს–ს, არასრუწლოვანი ქალიშვილის - კ. ს–ს თანდასწრებით, რის შედეგადაც ა. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით:
3.1. ა. ა–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ა. ა–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. ა. ა–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.4. გამართლებულ ა. ა–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც ითხოვა გამართლებული ა. ა–იის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვს ა. ა–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ა. ა–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას.
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ა–ს მიერ ა. ს–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და ფიზიკური შეურაცხყოფის - ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული - ფაქტები.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №230აპ–13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.).
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ა. ა–ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - ა. ს–მა (გამართლებულის დედა) და მოწმე - კ. ს–მა (გამართლებულის და) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მათი ახლო ნათესავის (შესაბამისად - შვილისა და ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს; ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
13.1. იმ პირობებში, როდესაც ფსიქოლოგიური ექსპქრტიზის 2021 წლის 29 ნოემბრის N....... დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ა. თანის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ა. თანმა, შვილის, ა. ა–ს მიერ განხორციელებული ქმედებებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ხოლო დაზარალებულმა უარი განაცხადა შვილის - ა. ა–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი წარდგენილი ბრალდების - ა. ა–ს მიერ დაზარალებულ ა. ს–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების - დასადასტურებლად.
13.2. 2021 წლის 15 აპრილის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთადერთი მტკიცებულება - მ. ა–ს გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 15 აპრილს ა. ა–მა დაიწყო დედამისის ლანძღვა-გინება, შემდეგ მიუახლოვდა და დაუწყო ცემა მუშტებით. მ. ა–მა დაინახა, რომ დედამისს მარცხენა თვალის ქვემოთ ჰქონდა ჩალურჯებული და დასიებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება.
13.3. 2021 წლის 25 აპრილის ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილია მოწმეთა (მ. ა–ს, ს. ჩ–ს, ჩ. კ–ს, ნ. ა–ს, ჰ. ს–ს, ა. ზ–ს) გამოკითხვის ოქმები, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს, რომ არცერთ მათგანს არ დაუნახავს ა. ა–ის მიერ ა. ს–ს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მოწმეები ადასტურებენ მხოლოდ ა. ა–სა და ა. ს–ს შორის ხმამაღალი კამათისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს; ხელის დარტყმის ფაქტი არც წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით დგინდება; ხოლო რაც შეეხება ა. ს–ს ავადმყოფობის ისტორიასა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N....... დასკვნას (სს „ე–ს ჰოსპიტალების“ ა–ს ჰოსპიტალის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის N.......-ის მიხედვით, ა. ს–ს 2021 წლის 25 აპრილს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით, აღენიშნებოდა მარჯვენა პერიოკულური (თვალბუდის) მიდამოს სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად), საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
14. რაც შეეხება მოწმეთა, მათ შორის - მ. ა–ს გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას, რომ 2021 წლის 25 აპრილს დაურეკა დედამ - ა. ს–მა და სთხოვა პოლიციის გამოძახება, ვინაიდან მისი ძმა ა. ა–ი და რძალი ს. ჩ–ნი აყენებდნენ მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე