Facebook Twitter

საქმე # 190100121004907503

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №781აპ-22 ქ. თბილისი

ბ. მ.781აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ბ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი);

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის ზაფხულში, ხ–ს რაიონის სოფელ ი–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ბ–მ მეუღლეს - ბ. ფ–ს, 2007 წელს დაბადებული არასრუწლოვანი შვილის - ბ. ბ–ის თანდასწრებით, სიტყვიერი კონფლიქტისას მარცხენა მხარის არეში ესროლა ტაფა, რის გამოც ბ. ფ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2020 წლის დეკემბერში, ქ. რ–ში, თ–ს ... ჩიხის N-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ. ბ–მ მეუღლეს - ბ. ფ–ს, 2007 წელს დაბადებული არასრუწლოვანი შვილის - ბ. ბ–სის თანდასწრებით, იმის გამო, რომ მეუღლემ უსაყვედურა არეულ სახლთან დაკავშირებით, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, ასევე ფეხის არეში ესროლა ქოთანი. მ. ბ–ს ძალადობრივი ქმედებებით ბ. ფ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3. 2021 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. რ–ში, თ–ს ... ჩიხის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ. ბ–მ მეუღლეს - ბ. ფ–ს, 2007 წელს დაბადებული არასრუწლოვანი შვილის - ბ. ბ–სის თანდასწრებით, იმის გამო, რომ ბ. ფ–ი მზად არ იყო სტუმრად წასასვლელად, სახის არეში გაარტყა ხელი. მ. ბ–სის ძალადობრივი ქმედებით ბ. ფ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით:

3.1. მ. ბ–ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ზაფხულის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

3.2. მ. ბ–ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

3.3. მ. ბ–ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

3.4. გამართლებულ მ. ბ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც ითხოვა გამართლებული მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვს მ. ბ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ (გამართლებული მ. ბ–ს ადვოკატებმა - მ. ჩ–მა და გ. მ–ა) წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე (შესაგებლით) - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს მ. ბ–ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. ბ–ს მიერ ბ. ფ–ს მიმართ, არასრუწლოვანი შვილის - ბ. ბ–ს თანდასწრებით, ძალადობის ჩადენის სამივე ფაქტი.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №230აპ–13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.).

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ დაზარალებულსა და გამართლებულს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ უთანხმოებას, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებზეც, მათ შორის, საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, სამ ეპიზოდად იძალადა მეუღლეზე - ბ. ფ–ზე, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეულ ეპიზოდში განიცადა ფიზიკური ტკივილი, როგორც ეს მითითებულია ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში. კერძოდ, ბრალდების მხარე მ. ბ–სეს მეუღლის - ბ. ფ–ს მიმართ ედავება ძალადობის სამ ეპიზოდს: 1. 2020 წლის ზაფხულში, მარცხენა მხარის არეში ტაფის სროლას; 2. 2020 წლის დეკემბერში, სახის არეში ხელის რამდენჯერმე გაარტყმასა და ფეხის არეში ქოთანის სროლას; 3. 2021 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, სახის არეში ხელის გაარტყმას.

15. ბრალდების მხარე პოზიციის დასადასტურებლად უთითებს შემდეგ მტკიცებულებებზე: დაზარალებული ბ. ფ–ს და არასრულწლოვანი ბ. ბ–ს ჩვენებებზე, გამომძიებლების - ა. ჩ–სა და მ. ბ–ს ჩვენებებზე, ასევე ბ. ფ–სის განცხადებასა და შემაკავებელი ორდერზე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერსა და ბ. ფ–სის განცხადებაში ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე გამომძიებლები - ა. ჩ–ა და მ. ბ–ი უშუალოდ ძალადობის ფაქტს/ფაქტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მტკიცებულებათა ფორმალური სიმრავლის მიუხედავად, ისინი ემყარება ერთსადაიმავე წყაროს - დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ( მაგალითისთვის იხ. საქ. უზენაესი სასამართლოს 2020წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე N332აპ-21).

16.1. გამომძიებლების ჩვენებები არის ირიბი, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

16.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას გამომძიებლების ჩვენებების გაზიარების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ მათი ჩვენებები პირდაპირია იმ ნაწილში თუ რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რა ვითარებაში გამოიკითხა არასრულწლოვანი, ვინაიდან ბრალდების მხარე გამართლებულს ედავება 2020 წლის ზაფხულში, 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის 8 იანვარს მომხდარ სავარაუდო ძალადობას, ხოლო დაზარალებულმა პოლიციის განყოფილებას მიმართა და გამოიკითხა - 2021 წლის 1 ივნისს, ხოლო ბ. ბ–ე - 2021 წლის 2 ივნისს. შესაბამისად, 2021 წლის 1-2 ივნისს გამოკითხული დაზარალებულის და ბ. ბ–ს მდგომარეობა არარელევანტურია თვეების წინანდელ სადავო ფაქტებთან მიმართებით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის განცხადებასა და ჩვენებაზე, რომ მ. ბ–ე მას შეურაცხმყოფელი ტექსტებით წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და უქვეყნებდა შეურაცხმყოფელ პოსტებს სოციალურ ქსელში, სწორედ ამ მიზეზით 2021 წლის 1 ივნისს მიმართა პოლიციას და განაცხადა მ. ბ–სის მხრიდან მის მიმართ წარსულში ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე.

17. რაც შეეხება დაზარალებული ბ. ფ–სა და არასრულწლოვანი ბ. ბ–ს ჩვენებებს საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მათ ჩვენებები არადამაჯერებელია. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ბ. ფ–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ქმრის მიერ მის მიმართ ჩადენილი და ბრალად წარდგენილი სამივე ძალადობის ეპიზოდი, მისივე განმარტებით სამივე ფაქტს შეესწრო მათი შვილი - ბ. ბ–ე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, თავად ბ. ბ–მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მხოლოდ 2021 წლის 8 იანვარის ეპიზოდი, კერძოდ, განმარტა, რომ 2021 წლის იანვარში მ. ბ–ს ძმის დაბადების დღეზე აგვიანდებოდა და რადგან ბ. ფ–სი არ იყო მზად, ბ. ფ–ს სახეში გაარტყა ხელი. რაც შეეხება 2020 წლის ზაფხულისა და 2020 წლის დეკემბერის ძალადობის შესაძლო ეპიზოდებს, რომლებიც ასევე, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ კვალიფიკაციით წარედგინა გამართლებულს, მოწმემ განმარტა, რომ 2020 წლის ზაფხულში კამათისას მ. ბ–მ ბ. ფ–ს ესროლა ცხელი ტაფა, რაც მოხვდა კედელს. დაზარალებულს მოხვდა თუ არა არ დაუნახავს. ასევე 2021 წელს (თვეს და რიცხვს ვერ იხსენებს) მან დაინახა, როგორ ესროლა მ. ბ–მ ბ. ფ–ს მიწით სავსე ქოთანი, თუმცა როგორც იცის (როგორც იცის და არა როგორც დაინახა) ბ. ფ–ს ფეხში მოხვდა (ქოთნის მოხვედრის მომენტი და რომელ ფეხში მოხვდა ქოთანი არ იცის).

17.1. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის გადმოცემით ძალადობის სადავო ფაქტები მოხდა - 2020 წლის ზაფხულში, 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის 8 იანვარს, თუმცა მან გამოძიებას მიმართა 2021 წლის 1 ივნისს იმ მიზეზით, რომ მ. ბ–ე მას შეურაცხმყოფელი ტექსტებით სწერს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სოციალურ ქსელში უქვეყნებს შეურაცხმყოფელ პოსტებს. სასამართლოს ასევე ითვალისწინებს საქმეზე გამოკვლეულ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის ცნობას (რომლის თანახმადაც, ბრალდებულ მ. ბ–ს ადვოკატმა - გ. შ–მ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა განცხადებით - სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ), ასევე დაზარალებულის ჩვენებას ( მ. ბ–ე სამოქალაქო წესით დაობს სასამართლოში და ითხოვს მათი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას, გამართლებულმა სამოქალაქო დავა დაიწყო მის (დაზარალებულის) მიერ პოლიციაში განცხადების შეტანამდე ანუ 2021 წლის ივნისამდე), ასევე მოწმე ბ. ბ–ს ჩვენებას (დედისგან იცის, რომ მამა - მ. ბ–ე ბ. ფ–ს ყველაფერს ართმევს, კერძოდ სახლს და ავტომანქანას, სწორედ ამიტომ არის მამაზე ნაწყენი და მისწერა მას მოკლე ტექსტური შეტყობინებები; დედისგან ნაწილობრივ იცის იმის შესახებ, რაც მან სასამართლოში განაცხადა) და საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბ. ფ–სა და ბ. ბ–ს ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანასთან დაკავშირებით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისა და ბ. ბ–ს ჩვენებები არ არის თანხვდენილი; საქმეში წარმოდგენილი სხვა მოწმეთა ჩვენებები და წერილობით მტკიცებულებები - ეფუძნებიან მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სადავოდ მიიჩნია დაზარალებულის ჩვენების სანდოობა მათ შორის: დაზარალებულსა და მ. ბ–ს შორის (შეტყობინებამდე დაწყებული) ქონებრივი დავის, შეტყობინების შინაარსის, სავარაუდო დანაშაულსა და შეტყობინებას შორის გასული დროის ხანგრძლივობის, მოწმეების: ზ. ბ–ს, მ. კ–ს, ხ. ს–ს, ნ. ც–ს ჩვენებების გათვალისწინებით - საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მათ შორის 2021წლის 8 იანვრის ეპიზოდშიც.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე