Facebook Twitter

საქმე # 170100121004804239

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №663აპ-22 ქ. თბილისი

დ. გ. 663აპ-22 5 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. დ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილითა და მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით;

1.4. მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 15 მაისს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტში, ე.წ, „.....თან“, გ. დ–ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, გ. დ–მა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს, ავტომანქანის სალონის დეტალზე რამდენჯერმე დარტყმის გზით გაანადგურა თავისი მეუღლის - თ. კ–ს მობილური ტელეფონი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 400 ლარის ქონებრივი ზიანი.

2.2. 2021 წლის 17 მაისს, შუადღეს, თ–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ე–ს მიმდებარედ, გ. დ–ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, გ. დ–ი, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს, პისტოლეტის და დანის დემონსტრირებით და სიტყვებით - „ყურებს დაგაჭრი და ხელში დაგაკავებინებ“, „წამებით მოგკლავ“ ჯანმთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ. კ–ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2021 წლის 15 მაისს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯ–ს მიმდებარედ, ა–კენ მოძრავ, გ. დ–ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, გ. დ–მა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს, მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - რ. კ–ს თანდასწრებით, ხელის სხეულის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თ. კ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 15 მაისს, საღამოს, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე გ. დ–სის და თ. კ–სის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში, გ. დ–მა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - რ. კ–ს თანდასწრებით, ხელების და ფეხების თავისა და სხეულის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თ. კ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 16 მაისს, დღის საათებში, თ–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ა–ს მიმდებარედ, გ. დ–სის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, გ. დ–სმა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს, ხელის სახის, მუცლისა და ხელების არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თ. კ–სის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 17 მაისს, შუადღეს, თ–ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ე–ს მიმდებარედ, გ. დ–ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, გ. დ–სმა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს ხელების სხეულის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თ. კ–სის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 21 მაისს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ვ–ს დასახლებაში, გ. დ–ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში, გ. დ–სმა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს, მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - რ. კ–სის თანდასწრებით, ხელების სხეულის არეში რამდენჯერმე დარტყმით და მობილური ტელეფონის თავის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თ. კ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 22 მაისს, გამთენიისას, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე გ. დ–ს და თ. კ–სის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, გ. დ–სმა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - რ. კ–ს თანდასწრებით, ქამრის ყელის არეში მოჭერის და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმებით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თ. კ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 22 მაისს, გამთენიისას, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე გ. დ–სის და თ. კ–სის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, გ. დ–მა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - რ. კ–ს თანდასწრებით, პლასტმასის მილის ზურგის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თ. კ–სის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 22 მაისს, გამთენიისას, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე მაღაზიასთან, ქუჩაში, გ. დ–სმა, ეჭვიანობის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან თვლიდა რომ მეუღლე მას უნდა ემორჩილებოდეს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - რ. კ–ს თანდასწრებით, „კოკა-კოლის“ ფირმის თუნუქის ქილის თავის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თ. კ–სის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2021 წლის 29 აპრილს, დღის საათებში, გ. დ–სი, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავის სახლში უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეულ მასას, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“, საერთო წონით 22,2 გრამი. რაც ამოიღეს 2021 წლის 29 აპრილს ჩატარებული სახლის ჩხრეკის შედეგად.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:

3.1. გ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გ. დ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. გ. დ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილითა და მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2021 წლის 22 მაისის გამთენიისას სახლში ძალადობის ეპიზოდი);

3.4. გ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით;

3.5. გ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათით;

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. დ–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით;

3.7. გ. დ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

3.8. გ. დ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო - 2021 წლის 23 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გ. დ–სის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ გ. დ–სის ადვოკატმა ნ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს გ. დ–სის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

8. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ გ. დ–სის ადვოკატმა ნ. ბ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს გ. დ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე (შესაგებლით) - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გ. დ–ს გამართლება, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილითა და მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2021 წლის 22 მაისის გამთენიისას სახლში ძალადობის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი, ასევე საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ. კ–მ და მოწმე რ. კ–მ არ მისცეს ჩვენება სასამართლოს თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა 2021 წლის 22 მაისს, გამთენიისას, გ. დ–ს მიერ მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა ამავე მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება შემთხვევის მომენტში არასრულწლოვანი რ. კ–ს ყოფნა, რის გამოც აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ შეერაცხა მსჯავრად გ. დ–ს. მოწმეთა ჩვენებებით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზისა და გენეტიკური, სეროლოგიური და მორფოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე, 2021 წლის 22 მაისს დილის საათებში გაკეთებული შეტყობინებით დასტურდება ძალადობის დროს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდის ფაქტი. შესაბამისად, დაზარალებულის პირდაპირი ჩვენების არარსებობის მიუხედავად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დაზარალებულისთვის ტკივილის მიყენება - ტკივილის ობიექტური ასპექტი.

11.2. იმავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არ არის შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა ძალადობის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა აღნიშნული ნიშნით ქმედების ჩადენის დადასტურებისთვის, გაითვალისწინა, რომ დაზარალებულის მამხილებელი ჩვენების არარსებობის პირობებში სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ძალადობის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა; შეამოწმა დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და მისი შესაბამისობა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებთან.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან“ (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021).

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მართალია მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი.... ეს არ არის ადვილი ამოცანა (Volodina v Russia, no. 41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019), იმავდროულად, მნიშვნელოვანია მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR, 09/07/2019). სასამართლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა მექანიზმებთან ერთად, ითვალისწინებს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებულ მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორის როლს და მნიშვნელობას აღნიშნული კატეგორიის საქმეებში.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, დაზარალებულის პოზიცია, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია, დანაშაულის ჩადენის ხერხი, მოტივი და განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - იმ ზომით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე