Facebook Twitter

საქმე # 120100121004750730

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №672აპ-22 ქ. თბილისი

ქ. ნ. 672აპ-22 5 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ქ–სეს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 5 მაისს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, მ–ს ქუჩა N..-ში მდებარე დ. და დ. ქ–ების საცხოვრებელ სახლში, ნ. ქ–ს დედას - დ. ქ–ს დანის გამოყენებით დაემუქრა, რომ გამოფატრავდა, მოკლავდა და საბოლოოდ დაისვენებდა მისგან. აღნიშნული მუქარა დ. ქ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენით ნ. ქ–სე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

3.1. გამართლებულ ნ. ქ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ნ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლების ნაწილში და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი წარდგენილი ბრალდების - ნ. ქ–ს მიერ დედის (დ. ქ–ს) მიმართ დანით სიცოცხლის მოსპობით მუქარის ფაქტის - დასადასტურებლად. მოცემულ შემთხვევაში:

10.1. ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ნ. ქ–ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს;

10.2. სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა დ. ქ–მ (ნ. ქ–სის დედა), მოწმეებმა - გ. ქ–მ (ნ. ქ–სის ძმა) და ე. ქ–მ (ნ. ქ–ს შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა საკუთარი ოჯახის წევრის - ნ. ქ–ს - წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე;

10.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ გაკეთებული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინება №286აპ-22);

10.4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მიუთითა ნ. ქ–ს დანის დემონსტრირებით მუქარაზე, მაგრამ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, როდესაც დაზარალებული/მოწმე სარგებლობს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარს ამბობს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20).

10.5. მოწმეების ჩვენებები, მათ შორის, მეზობელ - ლ. მ–ს ჩვენება არის ირიბი, რადგან მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

10.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერის (მხარეების მიერ არ არის უდავოდ ცნობილი. შემაკავებელი ორდერის ოქმი ხელმოწერილია დაზარალებულის და ოქმის შემდგენელი პირის მიერ) გარდა საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით არ დასტურდება ნ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 24 მაისის სასამართლო-ფსიქოლოგიურ დასკვნის თანახმად: ,,წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით და საექსპერტო კვლევის შედეგებით დ. ქ–ე ნ. ქ–ს მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედებებით არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას“.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს მსხვერპლის მიერ მუქარის რეალურად აღქმის და აღნიშნული ქმედებით მასში საფუძვლიანი შიშის გამოწვევის ფაქტი.

12. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ნ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე