საქმე # 020100121004623571
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №720აპ-22 ქ. თბილისი
შ. კ. 720აპ-22 6 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე ზუგდიდს რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. შ–სას, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 25 მარტს, დღის საათებში ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში კ. შ–მ, გაბრაზებულმა იმით, რომ ნ. დ–მ გამოიყენა მისი კუთვნილი შამპუნი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. დ–ს, კერძოდ, ფრჩხილებით გაკაწრა მარცხენა ხელის მტევანზე, ასევე თავში ჩაარტყა პლასტმასის ჭურჭელი, რა დროსაც ნ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. ზუგდიდი რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით კ. შ–სა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.1. გამართლებულ კ. შ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელმაც ითხოვა გამართლებული კ. შ–სას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენი კ. შ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელიც ითხოვს კ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს გამართლებული კ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.
9. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს კ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია კ. შ–ს მიერ ნ. დ–ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №230აპ–13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.).
14. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ეკ. შ–სას ედავება დაზარალებულის ფრჩხილებით გაკაწრვას მარცხენა ხელის მტევანზე და პლასტმასის ჭურჭლის თავში ჩარტყმას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულისა და გამართლებულის ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებზეც, მათ შორის, საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ნ. დ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ფრჩხილებით გაკაწრა მარცხენა ხელის მტევანზე, ასევე თავში ჩაარტყა პლასტმასის ჭურჭელი, რა დროსაც ნ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, როგორც ეს მითითებულია ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში.
15.1 სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე რ. დ–ა უშუალოდ ძალადობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებია და მომხდარის შესახებ გადმოცემით იცის დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
15.2. სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნით დასტურდება ნ. დ–ს სხეულზე დაზიანებები ნაჭდევისა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით, მაგრამ ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
15.3. შემთხვევის ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა მოწმეებმა _ გ. დ–მ, ე. დ–მ და მ. დ–მ, მართალია, დაადასტურეს ნ. დ–სა და კ. შ–სას შორის მომხდარი კონფლიქტი, მაგრამ უარყვეს/არ დაადასტურეს ამ უკასაკნელის მიერ ნ. დ–ს მარცხენა ხელის მტევანზე ფრჩხილებით გაკაწრვა და დაზარალებულისთვის თავში პლასტმასის ჭურჭლის ჩარტყმა. კერძოდ, მოწმე ე. დ–მ მიუთითა, რომ კ. შ–სა და ნ. დ. ერთმანეთში კამათობდნენ, რა დროსაც ნ. ყვიროდა და ბავშვის სათამაშოს დარტყმა უნდოდა, მაგრამ წაართვეს და ამის საშუალება არ მისცეს. ნ–ს ხელი ჰქონდა გაკაწრული და სისხლი მოსდიოდა, მაგრამ როგორ მიიღო ეს დაზიანება, არ იცის; მოწმე გ. დ–ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულსა და გამართლებულს ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა გააშველეს. კ. შ–სას არ გაუკაწრავს ნ. დ–ა და რაიმე დაზიანება არ მიუყენებია მისთვის. მოწმე მ. დ–ს ჩვენების თანახმად, ნ–ს და კ–ს ერთმანეთის ტანსაცმელზე ჰქონდათ ხელი ჩავლებული. ოთახში შესვლის შემდეგ მან ნ–ს დაუჭირა ხელი, რადგან კ–სთვის დარტყმას აპირებდა და ჩუსტები წაართვა. მოწმის განმარტებით, ნ–ა დ–ს ამ ფაქტამდე ჰქონდა ხელზე დაზიანება, რაზეც მაზს ისვამდა.
16. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე/შემსწრე მოწმეებმა არ დაადასტურა გამართლებულის მიერ დაზარალებულისთვის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ძალადობის ფაქტების განხორციელება - უტყუარად ვერ დგინდება კ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე ზუგდიდს რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე