Facebook Twitter

საქმე # 330100121004868348

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №718აპ-22 ქ. თბილისი

ჩ. ვ. 718აპ-22 6 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ჩ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევის ცდით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 04:40 საათზე, ვ. ჩ–სა და დაუდგენელი პირი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ცდილობდნენ დაზიანებისა და გატეხვის გზით გაეხსნათ სს ,,........ ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის დაკეტილი აპარატი, მდებარე ქ. თ–ში, ...........ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მასში შეღწევის გზით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ აპარატში არსებულ ფულად თანხას - 707 ლარს, რაც ვერ მოახერხეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან მათი ქმედება შეამჩინიეს პატრულ-ინსპექტორებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ვ. ჩ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1. ვ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 22 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ჩ–ს ადვოკატმა რ. გ–მა, რომელმაც მოითხოვა ვ. ჩ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. ვ. ჩ–სა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

5.2. ვ. ჩ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

5.3. მსჯავრდებულ ვ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 22 ივნისიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც ითხოვს ვ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ვ. ჩ–ს ადვოკატმა რ. გ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8.სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ვ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე (შესაგებლით) გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხს გარკვევა ვ. ჩ–მ ქურდობის მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევის ცდით (რასაც მხარეები არ ხდიან სადავოდ), იმავდროულად ჩაიდინა თუ არა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმეების - ჯ. მ–ს, ც. ა–ს, გ. მ–ს, გ. კ–ს ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სს ,,........ ბანკის“ მომართვა, სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.........დასკვნა; ასევე ის გარემოება, რომ ვ. ჩ–მ დასკვნით სიტყვაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, აღიარა, რომ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება, თუმცა არა სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, არამედ - მარტომ და განმარტა, რომ პირი, რომელიც მასთან ერთად გაიქცა, რეალურად მასთან ერთად არ ყოფილა და არ იცნობს. იგი შემთხვევით მივიდა იმ დროს, როდესაც ტეხდა ჩასარიცხ აპარატს და დაუწყო ჩხუბი, რა დროსაც ასევე მივიდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ისინი ორივენი გაიქცნენ) უტყუარად ადასტურებენ ვ. ჩ–ს მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენას, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევის ცდით, თუმცა მითითებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენის მცდელობას. მართალია, ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მათ დაინახეს ორი პირი, მათ შორის - ვ. ჩ–სა, რომლებიც ჩასარიცხ აპარატს ეჯაჯგურებოდნენ და პოლიციელების დანახვაზე გაიქცნენ, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ. ჩ–სა და მის სიახლოვეს მყოფ პირს შორის რაიმე კომუნიკაცია (ვერბალური/არავერბალური), რაც დაადასტურებდა მათ წინასწარ შეთანხმებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე. შემთხვევის ადგილზე ყოფნა, სხვა ობიექტური მტკიცებულებების გარეშე, რომელიც დაადასტურებდა რაიმე ფორმით მსჯავრდებულისა და სხვა პირის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოქმედებას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარში მითითებული ვარაუდი კი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი ვ. ჩ–სას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან მის მიერ ქურდობის მცდელობისას მის სიახლოვეს მყოფ გამოძიებით დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაზე არ მიუთითებს საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება.

13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (ხასიათდება დადებითად, წარსულში არ არის ნასამართლევი, სტუდენტია) და განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი იმ ზომით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე