Facebook Twitter

საქმე # 020100122005405715

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №599აპ-22 ქ. თბილისი

ჯ-ა გ 599აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ჯ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 15 დეკემბერს, წ-ის მუნიციპალიტეტის ს-ოს თემში (ნ-ს უბანში) მდებარე ლ. ფ-ას საცხოვრებელ სახლში, გ. ჯ-ა სიცოცხლის მოსპობითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრა ოჯახის წევრს, დედას - ლ. ფ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 17 დეკემბერს, წ-ის მუნიციპალიტეტის ს-ოს თემში (ნ-ს უბანში) მდებარე ვ. ჯ-ა და ხ. ლ-ს საცხოვრებელ სახლში, გ. ჯ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ლ. ფ-ს, რა დროსაც მარჯვენა ხელზე მოკიდა მარჯვენა ხელი, მოქაჩა მაგრად და გადაუგრიხა, რის შედეგადაც ლ. ფ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 17 დეკემბერს, წ-ის მუნიციპალიტეტის ს-ოს თემში (ნ-ს უბანში) მდებარე ვ. ჯ-სა და ხ. ლ-ას საცხოვრებელ სახლში, გ. ჯ-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, დედას - ლ. ფ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენით:

2.1. გ. ჯ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 დეკემბრის ქმედება) წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის ტარების აკრძალვა 2 წლით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის ტარების აკრძალვა 3 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჯ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის ტარების აკრძალვა 3 წლით. გ. ჯ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 17 დეკემბრიდან იმავე წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

2.3. გ. ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობით მსჯავრთან ერთად, დაეკისრა მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ასევე - ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში: არ მიიღოს ალკოჰოლი, ყოველდღიურად ალკოჰოლის მოხმარების კონტროლის მიზნით, პრობაციის ბიუროს მიერ განსაზღვრული სიხშირითა და წესით გაიაროს ალკოჰოლის მოხმარების შემოწმება; ემოციების მართვისა და სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, ისარგებლოს ფსიქოლოგის კონსულტაციით პრობაციის ოფიცრის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში; ლ. ფ-ს წინასწარი თანხმობის გარეშე არ მიუახლოვდეს მას და მის საცხოვრებელ სახლს 100 მეტრზე ახლო მანძილზე და არ დაამყაროს ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

2.4. გ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, ხოლო გირაოს სახით გადახდილი თანხა - 4000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენის გაუქმება, გ. ჯ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 15 დეკემბრის ქმედება) და სამივე ეპიზოდის გათვალისწინებით, მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები:

6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ჯ-ს მხრიდან დედის - ლ. ფ-ს მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის (2021 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) ფაქტები დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ. ფ-ს გამოკითხვის ოქმით, თავად მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ხ. ლ-ს, ი. კ-ას, გ. ლ-ს, ვ. ჯ-ს, მ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის ... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

7. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 დეკემბრის ქმედება) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები:

7.1. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს გ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს 2021 წლის 15 დეკემბერს გ. ჯ-ს მიერ დედის - ლ. ფ-ას მიმართ მუქარის ჩადენას.

7.2. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

7.3. მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 15 დეკემბრის მუქარის ეპიზოდი) თავი დამნაშავედ არ ცნო.

7.4. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

7.5. დაზარალებულ ლ. ფ-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2021 წლის 15 დეკემბერს სახლში იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მასთან ეზოში ყვირილით შევიდა შვილი - გ. ჯ-ა, რომელსაც ხელში ეჭირა ნაჯახი და წალდი. მას შეეშინდა, მაშინვე შევიდა სახლში და შიგნიდან ჩაკეტა კარი. გ-ა შეეცადა კარის გაღებას, მაგრამ ვერ შეძლო, ყვიროდა, დედას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლითა და განადგურებით. მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო კარის გაღება, დატოვა საცხოვრებელი სახლის ეზო და წავიდა. დაზარალებულის განმარტებით, 2021 წლის 15 დეკემბერს გ. ჯ-ა მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა. აღნიშნულ ინციდენტს სხვა არავინ შესწრებია.

7.6. მოწმე მ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დედისგან იცის, რომ 2021 წლის 15 დეკემბერს, სახლში მარტო ყოფნისას, მასთან მისულა გ. ჯ-ა ნაჯახით ხელში და დამუქრებია მოკვლითა და განადგურებით.

8. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ლ. ფ-ს გამოკითხვის ოქმის სახით, რომელიც მიუთითებს გ. ჯ-ე, როგორც ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირზე (2021 წლის 15 დეკემბრის მუქარის ეპიზოდი). მოწმე მ. ჯ-მ გამოკითხვის ოქმში აღნიშნა, რომ მან მხოლოდ დაზარალებულისგან გადმოცემით იცის გ. ჯ-ს მუქარის შესახებ, იგი არ არის ფაქტის თვითმხილველი, შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბია, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც გ. ჯ-ს ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ. ჯ-ს ბრალეულობას დედის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენაში (2021 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) გ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი