საქმე # 190100119003184971
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №612აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ი რ, 612აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ რ.ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენით:
1.1. რ. ბ-ი, - დაბადებული ... წლის .... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 26 ივლისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ბ-ა ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება; დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· რ. ბ-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ, ერთი ცალი 500-ევროიანი კუპიურა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით. 2019 წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, რ. ბ-ა განიზრახა ყალბი 500-ევროიანი კუპიურის გასაღება ქალაქ მ-ი, ... მ-ს ქუჩაზე მდებარე ი/მ რ. დ-ს კუთვნილ სავალუტო ჯიხურში, რაც ვერ შეასრულა, ვინაიდან მოლარემ, ა. ა-ა ამოიცნო კუპიურა. აღნიშნულის შემდეგ რ. ბ-ა ქ.მ-ი, რ-ს ქუჩა N..-ში მდებარე ა. ა-ს კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მოლარე ე. გ-ე გაასაღა ერთი ცალი 500-ევროიანი კუპიურა, რაშიც ე. გ-ა გადასცა 1525 ლარი.
· რ. ბ-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა 12183,95 ლარად ღირებული, რვა ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა, რომლებსაც ინახავდა გასაღების მიზნით. 2018 წლის 27 დეკემბერს, ქ.თ-ი, მეტროსადგურ ,,ა-ი“, სს „ს-ის“ 78-ე სერვისცენტრში, ორი ცალი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა მოლარე-ოპერატორ ჯ. ხ-ე, ხოლო ერთი ცალი 500-ევროიანი კუპიურა - ქ.თ-ი, მეტროსადგურ „ი-ი“, სს „ს-ის“ მე-100 სერვისცენტრში, მოლარე-ოპერატორ ნ. ნ-ე. ასევე, 2018 წლის 28 დეკემბერს, ქ.თ-ი, მეტროსადგურ „რ-ე“, სს „ს-ის“ მე-80 სერვისცენტრში, სამი ცალი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა მოლარე-ოპერატორ თ. გ-ე, ხოლო 2018 წლის 29 დეკემბერს, ქ.თ-ი, მეტროსადგურ „თ-ზე“, სს „ს-ის 79-ე სერვისცენტრში, ორი ცალი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა მოლარე-ოპერატორ დ. ა-ე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენის გაუქმება და რ. ბ-ის გამართლება.
4.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება მსჯავრდებულ რ. ბ-ის უდანაშაულობის თაობაზე.
7. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რ. ბ-ი ნამდვილად იმყოფებოდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, სადაც მან ლარში გადაცვალა 500-ევროიანი კუპიურები. ასევე, სადავო არ გამხდარა, რომ ზემოხსენებული პუნქტებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ასახული პირი, რომელიც მოლარე-ოპერატორს აწვდის 500-ევროიან კუპიურებს, ნამდვილად არის რ. ბ-ი. დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებებს, იყო თუ არა რ. ბ-ს მიერ გადაცვლილი კუპიურები ყალბი ან/და იცოდა თუ არა მან კუპიურების სიყალბის შესახებ.
8. კუპიურების სიყალბის საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს, 2018 წლის 28 დეკემბერსა და 2018 წლის 29 დეკემბერს სხვადასხვა მეტროსადგურში მდებარე „ს-ს“ სერვისცენტრში რ. ბ-ა გაასაღა 500 ევროს კუპიურები. მოლარე-ოპერატორების - ნ. ნ-ს, ჯ. ხ-ის ჩვენებებით დადგინდა, რომ რ. ბ-ის მიერ წარდგენილი 500-ევროიანი კუპიურების გარდა, მათ მითითებულ პერიოდში სხვა პირისგან მსგავსი კუპიურები არ მიუღიათ, რაც გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით. გარდა ამისა, 2019 წლის 27 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით „ს-ის“ იმ ფილიალების გარდა, სადაც იმყოფებოდა რ. ბ-ი, სხვა არცერთ ფილიალში არ აღმოჩენილა ყალბი 500- ევროიანი კუპიურა. ის ფაქტი, რომ რ. ბ-ს მიერ წარდგენილი კუპიურები იყო ნამდვილად ყალბი, დასტურდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული დასკვნით, ასევე - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ წარდგენილი 8 ცალი 500 ევროს კუპიურა ნომრებით: X04524861498, X04524863541, X04524868976, X00942958568, Y000061311233, X00942959702, X04524868931, X04524863532 დამზადებულია არა ქარხნული წესის დაცვით, არამედ - კუსტარულად, პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგიისა და საშუალებათა გამოყენებით. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ სწორედ რ. ბ-ის მიერ წარდგენილი კუპიურები აღმოჩნდა ყალბი.
9. მსჯავრდებულ რ. ბ-ის ერთიან განზრახვას, გაესაღებინა დიდი ოდენობით ყალბი კუპიურები, მოწმობს ის გარემოებაც, რომ მან დამაჯერებლად ვერ ახსნა ვალუტის წარმომავლობა და გარდა ამისა, კუპიურები გადაცვალა ბანკის სხვადასხვა სერვისცენტრში დროის ხანმოკლე პერიოდებში - 2018 წლის 27 დეკემბერს, 2018 წლის 28 დეკემბერსა და 2018 წლის 29 დეკემბერს. შესაბამისად, მსჯავრდებულის განმარტება, რომ ვერ ეცოდინებოდა კუპიურის სიყალბის შესახებ, არ არის დამაჯერებელი.
10. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქ.მ-ი, ა. ა-ის სავალუტო ჯიხურში რ. ბ-ს მიერ ყალბი 500-ევროიანი კუპიურის გადაცვლის ფაქტი. ამ ეპიზოდში საყურადღებოა ის გარემოება, რომ რ. ბ-ა თავდაპირველად ყალბი კუპიურის გადაცვლა სცადა ა. ა-ნ, თუმცა მან კუპიურა მიიჩნია საეჭვოდ და რ. ბ-ს გადაცვლაზე უთხრა უარი. მიუხედავად ამ გარემოებისა, რ. ბ-ა კუპიურა გაასაღა ა. ა-ის სავალუტო ჯიხურში. აღნიშნული კუპიურის სიყალბე დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 17 იანვრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების (მოწმეების - ე. გ-ის, ა. ა-ს, ა. ა-ის, ლ. ს-ს, თ. გ-ის, დ. ა-ას, ნ. ნ-ის, ჯ. ხ-ა და სხვათა ჩვენებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 17 იანვრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N... და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნების, ამოღების ოქმის, საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნის, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის, საქმეში არსებული დისკების) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი