Facebook Twitter

საქმე # 140100118002678770

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №623აპ-22 ქ. თბილისი

ყ-ი გ, 623აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ყ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ ქვემო გ-ი, შელაპარაკების ნიადაგზე გ. ყ-ა მეუღლეს - ლ. ე-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ბეტონის საფარზე დაარტყმევინა თავი და ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახის და ტანის არეში, რის შედეგადაც ლ. ე-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ ქვემო გ-ი, გ. ყ-ი მეუღლეს - ლ. ე-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე დღეს, დაახლოებით 20:15 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ ქვემო გ-ი მდებარე გ. კ-ის მაღაზიის მიმდებარედ, შელაპარაკების ნიადაგზე, გ. ყ-ა შვილის - 11 წლის ნ. ყ-ს თანდასწრებით, მეუღლეს - ლ. ე-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ქვის სროლით ფეხზე მიაყენა დაზიანება და თმა მოქაჩა, რის შედეგადაც ლ. ე-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2019 წლის 4 თებერვლის პერიოდში, გ. ყ-ი არასრულწლოვან, 11 წლის შვილს - ნ. ყ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც ნ. ყ-ა განიცადა ფსიქოლოგიურ-მორალური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

· 2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ ქვემო გ-ი, მთვრალმა გ. ყ-ა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, არასრულწლოვან, 11 წლის შვილს - ნ. ყ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - სახის და ტანის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ. ყ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე დროს, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ყ-ს თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ლ. ე-ე - ტანის არეში დაარტყა ხის სკამი, რის შედეგადაც ლ. ე-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ ქვემო გ-ი, მთვრალმა გ. ყ-ა, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, არასრულწლოვან, 11 წლის შვილს - ნ. ყ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - თავისა და ტანის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ. ყ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, გ. ყ-ი არასრულწლოვან შვილს - ნ. ყ-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით:

2.1. გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გ. ყ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.3. გ. ყ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

2.4. გამართლებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ. ყ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4.1. გამართლებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-ა შესაგებლით მოითხოვა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. ყ-ის მიერ მეუღლის - ლ. ე-ს მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ნ. ყ-ა (შვილმა) და ლ. ე-ა (მეუღლემ) ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და გ. ყ-ის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.

9. საქმეში წარმოდგენილია შეტყობინებები, რომელთა თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბერს ლ. ე-ი უთითებდა, რომ იყო ნაცემი და მასზე ძალადობდა მეუღლე. 2019 წლის 5 თებერვლის შეტყობინებით ნ. ყ-ი ითხოვდა დახმარებას და აცხადებდა, რომ მამამ სცემა. სასამართლოში აღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 სექტემბრის N..დასკვნით, ნ. ყ-ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევები - მუცლის წინა ზედაპრზე მარჯვნივ, სისხლნაჟღენთი - მარცხენა თეძოს ფრთის არეში, დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. იმავე თარიღის ექსპერტიზის N... დასკვნით კი - ლ. ე-ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა ნაჭდევები - მარჯვენა და მარცხენა წინამხრის არეში, სისხლნაჟღენთი - კოჭ-წვივის მიდამოზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების მიუხედავად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულებები, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებდა. მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა კი ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 5 თებერვლის ოქმთან მიმართებით, რა დროსაც ამოღებულია სკამი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არის აღნიშნული, თუ ვისი მითითებით იქნა ამოღებული სკამი ან ის სკამია თუ არა, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ყ-ა დაარტყა მეუღლეს. საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია არ იძლევა მასში გადმოცემული ინფორმაციის ისეთი სახის მტკიცებულებად მიღების შესაძლებლობას, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.

12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 მარტის N... და N.. დასკვნებით, 2019 წლის 5 თებერვალს, პირადი შემოწმებისას, ლ. ე-ა და ნ. ყ-ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებათ.

13. რაც შეეხება 2019 წლის 7 თებერვალს გ. ყ-ის მიმართ გაცემულ N... და N.... შემაკავებელ ორდერებს, მათში მითითებულია, რომ 2019 წლის 1 და 4 თებერვალს გ. ყ-ა შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, ხოლო მეუღლეს 2019 წლის 1 თებერვალს ხის სკამი დაარტყა ზურგის არეში. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი წარმოადგენს პირდაპირი სახის მტკიცებულებას, მასში ასახული ინფორმაცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით.

14. მოწმეების - გ. ი-ის, დ. ჯ-ის, კ. ბ-ა და გ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია მხოლოდ მათ მიერ შეტყობინების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია გ. ყ-ის ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებზე, ასევე ისინი ინფორმაციას აწვდიან გ. ყ-ის დაკავებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ. მოწმე ლ. მ-ი გადმოსცემს დაზარალებულ ლ. ე-ს ნაამბობს, რომ მას ორი დღის წინ სცემა მეუღლემ - გ. ყ-ა, თუმცა, თავად აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია და არც ის იცის, რა ფორმით განხორციელდა ძალადობა. მანვე მიუთითა, რომ მაღაზიაში ყოფნისას, 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 20:00-20:15 საათზე, არ გაუგია ხმაური, არც გ. ყ-ს მიერ მეუღლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ხმა, მუქარა მოუსმენია, არ დაუნახავს არც ქვის სროლით დაზარალებულისთვის ფეხზე დაზიანების მიყენება და თმის მოქაჩვა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 მარტის ექსპერტიზის N.. დასკვნით, ნ. ყ-ი მამის - გ. ყ-ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ-მორალურ დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან სხვა მტკიცებულებებით არ არის დადგენილი - შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა თუ არა სისტემატური ხასიათი; არ დაკითხულა სხვა გარეშე პირი, ხოლო ძალადობრივი ქმედებების შესახებ არ არის მითითებული სხვა საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებების ოქმებსა თუ დოკუმენტებში, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა გ.ყ-ის მსჯავრდებისთვის.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

18. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

20. განსახილველ საქმეში დაზარალებულებმა - ნ. ყ-ა (შვილმა) და ლ. ე-ა (მეუღლემ) ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და გ. ყ-ის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა გ. ყ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ გაეცა პასუხი კითხვებს: ძალადობდა თუ არა გ. ყ-ი ან ემუქრებოდა თუ არა ცოლ-შვილს, დადებით შემთხვევაში, როდის, რაში გამოიხატა ეს ძალადობა და მუქარა და შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს თუ არა ტკივილი, ტანჯვა და შიში.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

24. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი