საქმე # 330100120003907716
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №637აპ-22 ქ. თბილისი
ს-ი ლ, 637აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. ს-ს, - დაბადებულს .... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, თ-ი, კ-ს ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ს-ა სცადა გ. მ-ს მკვლელობა, კერძოდ: ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით გ. მ-ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. მ-ს დროული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით:
2.1. ლ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ლ. ს-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენის გაუქმება, ლ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ ლ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, მტკიცებულებათა სათანადო და ობიექტური შეფასების შედეგად, სამართლიანად გადაწყვიტეს გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასიკეთოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლ. ს-ს ბრალეულობა და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტებს, რომელთა თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე - ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებსა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს, რომლებითაც აბსოლუტურად გამოირიცხება ლ. ს-ის ბრალეულობა, კერძოდ:
8.1. დაზარალებულმა გ. მ-ა აჩვენა, რომ 2020 წლის 22 ივლისს, დღისა და საღამოს განმავლობაში, იმყოფებოდა უბანში, მეგობრებთან - ნ. გ-ა და ვ. ს-ნ ერთად. ასევე მასთან ერთად დღის განმავლობაში იმყოფებოდა მისი მეგობარი ლ. ს-ი. ისინი საღამოს მიირთმევდნენ ლუდს. გ. მ-ა აღნიშნა, რომ მის საცხოვრებელ უბანში ბევრი ადამიანი ცხოვრობს ქირით, რის გამოც მისთვის უცნობი პირები ხშირად არიან გარეთ. მას (გ. მ-ს) სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ პირთან, რომელსაც შენიშვნა მისცა ხმამაღალი საუბრის გამო. მათ შორის ინციდენტი მალევე ამოიწურა და უცნობმა პირმა ტერიტორია დატოვა. შელაპარაკების შემდეგ მას (გ. მ-ს) შეხვდა ლ. ს-ი. მათ მოიკითხეს ერთმანეთი, შემდეგ კი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იგი (გ. მ-ი) ჩიხში შევიდა, ხოლო მოშორებით მიჰყვებოდნენ მეგობრები - ვ. ს-ი, ნ. გ-ე და სხვები. მოულოდნელად მას მიეპარა ის უცნობი პირი, ვისთანაც მანამდე შელაპარაკება მოუვიდა. მან გ. მ-ს გულმკერდის არეში დაარტყა დანა და გაიქცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხედა გვერდით და დაინახა, რომ ლ. ს-ი ეჭიდავებოდა უცნობ პირს. სასამართლო სხდომაზე გ. მ-ა აღწერა უცნობი პირი, რომელმაც მას გულმკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, იგი იყო დაბალი, შავგვრემანი, თავგადაპარსული, ოდნავ აპრეხილი ცხვირით.
8.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეები - ა. ც-ე, ა. კ-ი, ვ. ს-ი და ნ. გ-ე აცხადებენ, რომ მათ ლ. ს-ნ აქვთ ახლო და მეგობრული ურთიერთობა, გ. მ-ა და ლ. ს-ს შორის დაპირისპირება არ მომხდარა, პირიქით, ისინი დადასტურებით და ცალსახად უთითებენ, რომ გ. მ-ს თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მათთვის უცნობ პირთან (აღწერენ მის გარეგნულ ნიშნებს), შემდეგ კი დაზარალებულს აღნიშნულმა უცნობმა პირმა გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. ამასთან, დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ აღწერილი უცნობი პირის გარეგნული ნიშნები ძირითადად თანხვდენილია.
8.3. მოწმე ი. ლ-ა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. თ-ი, კ-ის N...- ში. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ყვირილი, ითხოვდნენ დახმარებას. გარეთ გასვლისას დაინახა, რომ სახლთან, ძირს იწვა ბიჭი, რომელიც დაჭრილი იყო მუცელში და მოსდიოდა სისხლი. მას ორი ბიჭი ასულიერებდა, ხოლო მესამე დარბოდა აქეთ-იქით და ითხოვდა დახმარებას. იგი (ი. ლ-ი) დაუკავშირდა სასწრაფო დახმარების სამსახურს და შეატყობინა, რომ ბიჭი იყო დაჭრილი, რომელსაც წყალი მიუტანა. მალევე შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიციის თანამშრომლები. ი. ლ-ა განაცხადა, რომ სახლიდან გასვლისას და დაჭრილი მამაკაცის დანახვისას ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ ყოფილან.
8.4. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების - გ. ყ-ა და ბ. ა-ის ჩვენებებს, რაზეც აპელირებს პროკურორი გიორგი ცეცხლაძე, მათ სასამართლოს განუცხადეს, რომ დაინახეს ორი ახალგაზრდა პირის დაძაბული საუბარი. გააჩერეს ავტომანქანა და ფეხით გაემართნენ მათკენ, რა დროსაც ერთმა პირმა მეორე დაჭრა და გაიქცა, ხოლო დაჭრილი ჩაიკეცა. მათივე ჩვენებით, გაქცეული პირი მალევე 15-20 მეტრში დააკავეს ბრალდებულის სახით და დაიწყეს სამართლებრივი მოქმედებები, ასევე განაცხადეს, რომ მათ დაინახეს, შემთხვევის ადგილიდან გაქცეულმა ლ. ს-ა სად დააგდო დანა. ისინი აცხადებენ, რომ ხედავდნენ დაჭრილ პირს როგორ ეხმარებოდნენ იქ მყოფი ადამიანები.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების - გ. ყ-ა და ბ. ა-ის ჩვენებები არ არის თანხვდენილი არათუ შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების, არამედ არც დაზარალებულის და არც ბრალდებულის მიერ დასახელებულ გარემოებებთან. ასევე, გ. ყ-ე და ბ. ა-ი ჩვენებებში აცხადებენ, რომ მათ უშუალოდ დაინახეს, თუ როგორ გადააგდო დანა ლ. ს-ა, ისიც დაინახეს, სად დაეცა დანა, ამავე დროს მიუთითებენ, რომ ლ. ს-ი იქვე ადგილზე დააკავეს და გაჩხრიკეს, თუმცა მათ არ ამოუღიათ დანა. როგორც აღნიშნავენ, ლ. ს-ს დანა თან ჰქონდა და დაკავების დროს მოიშორა. მითითებული გარემოება თავის მხრივ აჩენს ეჭვს, რამდენად სარწმუნოა ამ მოწმეთა ჩვენებები, როდესაც საქმეზე სხვა მოწმეთა ჩვენებები და ფაქტები არ ემთხვევა გ. ყ-ა და ბ. ა-ის ჩვენებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის გ. მ-ს (ობ. N19). ობ. N4-ის გენეტიკური პროფილში არ ვლინდება ლ. ს-ს (ობ. N18) და ობ. N1,2-ის გენეტიკური თანამონაწილეობა. ამ გარემოებით ვერ დასტურდება, რომ ლ. ს-ა აღნიშნული დანით მიაყენა ჭრილობა გ. მ-ს. ასევე ზემომითითებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ლ. ს-ა და გ. მ-ს ბიოლოგიური ნიმუშებისაგან. ამავე დროს დანის პირზე არსებული (ობ. N3) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N3-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. მ-ს (ობ. N19), ხოლო მინორული წილი ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მე-3 პირი, რომლის სისხლის ლაქებიც იქნა ამოღებული ასფალტიდან, მისი დნმ-ის მასალა ასევე ამოვიდა შემთხვევის ადგილზე ამოღებულ დანაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არათუ გამორიცხავს, არამედ ადასტურებს დაზარალებულ გ. მ-ა და მისი მეგობრების ჩვენებებს, ასევე - ლ. ს-ს განცხადებას შემთხვევის ადგილზე მესამე პირის ყოფნისა და აღნიშნული პირის მიერ გ. მ-ის შესაძლო დაჭრის ფაქტებს.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ლ. ს-ა და გ. მ-ს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რაც ასევე არ დასტურდება ლ. ს-ს მიმართ ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით, რომლის თანახმად, იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმა N17/03/1/1/1521-ის ჩანაწერებით, ლ. ს-ს სამედიცინო შემოწმების მონაცემების საფუძველზე დაესვა დიაგნოზი: ცეფალგია, ნევროტიულობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია სამი ნაკაწრი გულმკერდისა და მკერდის ძვლის მიდამოში, ასევე ნაჭდევი მარჯვენა იდაყვის გარეთა ზედაპირზე. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები, ცალ-ცალკე და ერთობლივად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას (იხ. მაგალითისთვის Al-Khawaja and Tahery v. UK, no. 26766/05, 22228/06, ECtHR, 15/12/2011; Schaschashvili v. Germany, no. 9154/10, ECtHR, 15/12/2015), საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იმ გარემოებას, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“(საქართველოს საკნსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი