Facebook Twitter

¹ ბს-1472-1193-კ-04 13 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ბინის ქირის ანაზღაურების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი :

2003წ. 24 სექტემბერს ლ. ჩ.-მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიისათვის 2002წ. 19 ივნისიდან სარჩელის შეტანამდე ქირის დავალიანების, 1220 აშშ დოლარის ეკვივალენტის ერთდროულად გადახდის დაკისრება და შემდგომში ყოველთვიურად 80 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა ბინის მიღებამდე შემდეგი საფუძვლებით:

ქ. ბათუმში, ... მოსარჩელეს გააჩნდა 5-ოთახიანი კომუნალური ბინა თავისი სათავსებით, რაც სავსებით აკმაყოფილებდა მას და ასევე ის უბანი, სადაც იგი ცხოვრობდა.

ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს ყოფილი აღმასკომის მიერ აღებულ იქნა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და 1990წ. 11 მაისის ¹366 გადაწყვეტილებით გაიცა საგარანტიო წერილი, რომლითაც აღმასკომი ვალდებულებას კისრულობდა ... ასაშენებელ 104-ბინიანი, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ¹1 სადარბაზოში, მე-5 სართულზე საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებდა, მაგრამ, დღემდე ბინით არ იყო დაუკმაყოფილებიათ და 13 წელია, რაც ცხოვრობს საგარანტიო წერილით ნაქირავებ ბინაში. თვითონ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, გულისმანკიანი, მაღალი წნევებით. მისი ოჯახი 5 წევრისაგან შედგებოდა, ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ბინის მეპატრონე ბავშვობიდან მეორე ჯგუფის ინვალიდია, ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი დედა, რომელსაც გაჭირვებით უხდის 80 დოლარს. Mმოსარჩელის დაკმაყოფილება მერიას არც უცდია, მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა, მისთვის დროებითი საცხოვრებელი არ მოუციათ, ამიტომ იძულებული გახდა დაექირავებინა ოთახი. რამდენიმე წელი იხდიდა ხან 60, ხან 50 აშშ დოლარს. შემდეგ ბინის მეპატრონემ ბინის ქირა გაზარდა და 1 წელი და 6 თვეა, რაც იხდის 80 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. მან მიმართა ქალაქის მერიას ბინის ქირის ყოველთვიურად გადახდის თაობაზე, რაზედაც უარი განუცხადეს. მართალია, 200 დოლარი გადაუხადეს, მაგრამ ყოველთვიურ გადახდაზე უარი ეთქვა. 2002წ. 19 ივნისს იგი იძულებული გახდა მიემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის სარჩელით მერიისთვის ბინის ქირის დაკისრების შესახებ. სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და მერიას დააკისრა უკანასკნელი სამი წლის ბინის ქირა. მართალია, დაკისრებული თანხა მერიამ გადაიხადა, მაგრამ მას შემდეგ, ე.ი. 2002წ. 19 ივნისიდან დღემდე ბინის ქირას მერია ყოველთვიურად ნებაყოფლობით აღარ იხდის. მოსარჩელე დღემდე ხსენებულ ბინაში აგრძელებს ცხოვრებას და იხდის ბინის ქირას 80 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. ბათუმის მერიას ლ. ჩ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირის 22 თვის გადახდა, თვეში 50 აშშ დოლარის გაანგარიშებით, სულ 1100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ასევე, ყოველთვიურად ბინის ქირის _ 50 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის გადახდა ლ. ჩ.-ის ბინით დაკმაყოფილებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტი მიიჩნევდა, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე, უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მათი არგუმენტები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ლ. ჩ.-ზე 1990წ. 11 მაისის ¹356 გადაწყვეტილება, იგივე საგარანტიო ხელშეკრულება, არ ითვალისწინებდა ბინის უზრუნველყოფამდე ქ. ბათუმის მერიისთვის ბინის ქირის დაკისრებას, ასევე ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რა ვადაში უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლი საგარანტიო ხელშეკრულების მქონე ოჯახებისათვის.

სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის უმთავრესი გარემოება, კერძოდ, ის, რომ ათვისების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობდა არა მერია, არამედ მასზე იერარქიულად ზემდგომი ორგანო _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო, რომელიც თავის დადგენილებაში მიუთითებდა, თუ საიდან უნდა მომხდარიყო ათვისებული ოჯახებისათვის შესაბამისი ფართით უზრუნველყოფა. ბინათმშენებლობა არ ყოფილა გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით და შესაბამისად, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზეზით მომხდარა მშენებლობის შეჩერება.

აპელანტი სასამართლოს გადაწყვეტილებას იურიდიულად საკმაოდ დაუსაბუთებლად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ გამოტანილი იყო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე 5-ოთახიან ბინაში ცხოვრობდა ლ. ჩ.-ის ოჯახი. აღნიშნული ბინა 1990წ. 11 მაისის ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ დანგრეულ იქნა იმ პირობით, რომ იმავე ადგილას აშენდებოდა 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მოსარჩელის ოჯახი. აღნიშნულის თაობაზე ლ. ჩ.-ის ოჯახს მიეცა საგარანტიო წერილი ¹356, რომლითაც მოპასუხე გარანტიას აძლევდა ლ. ჩ.-ის ოჯახს, რომ ქ. ბათუმში, ... ასაშენებელ 104-ბინიან საცხოვრებელ სახლში გამოუყოფდა 4 _ ოთახიან ბინას. 1997 წელს ქ. ბათუმის მერიამ მოსარჩელეთა ოჯახს გამოუყო ერთოთახიანი ბინა, ხოლო დარჩენილი 3 ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებას ახლო მომავალში დაჰპირდა. ვინაიდან ქ. ბათუმის მერიამ დაპირება არ შეასრულა, ლ. ჩ.-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისაგან ბინით დაკმაყოფილება და ბოლო 3წ. ბინის ქირა, სულ 1800 აშშ დოლარის ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ჩ.-ის სარჩელი, ქ. ბათუმის მერიას დაევალა მოსარჩელის ოჯახის უზრუნველყოფა 3-ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინით და ასევე დაეკისრა სამი წლის ბინის ქირის, 1800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმის მერიამ ლ. ჩ.-ს გადაუხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული 1800 აშშ დოლარი, მაგრამ 2002წ. 19 ივნისიდან დღემდე არ უხდიდა ბინის ქირას და არც ბინით დაუკმაყოფილებია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 1990წ. 11 მაისის ¹356 საგარანტიო ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ბინით უზრუნველყოფამდე ქ. ბათუმის მერიისთვის თანხის დაკისრებას და ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ დოკუმენტს, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდებოდა, ქ. ბათუმის მერიამ აიღო ვალდებულება ლ. ჩ.-ის ოჯახის ბინით უზრუნველყოფაზე, მაგრამ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ლ. ჩ.-ი დღემდე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და იხდის ბინის ქირას. პალატამ სწორად მიიჩნია ქ. ბათუმის მერიისთვის ლ. ჩ.-ის სასარგებლოდ ბინის ქირის დაკისრება, ვინაიდან სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებს ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით, ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ჩ.-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ქ. ბათუმის მერიის ვალდებულება ლ. ჩ.-ის ბინით დაკმაყოფილებაზე, რის საფუძველზეც, ამავე გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა სამი წლის ბინის ქირის გადახდა 1800 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის ოდენობით.

სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, 394.1-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რასაც ადგილი აქვს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ლ. ჩ.-ი ქ. ბათუმის მერიის მხრიდან ვალდებულების _ მისი ოჯახის 4 _ ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შეუსრულებლობის მიზეზით, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და იხდის ბინის ქირას.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ, თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.