საქმე # 330100121004743870
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №642აპ-22 ქ. თბილისი
მ-ე ა 642აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. მ-ს, - დაბადებულს ... წლის .... ივლისს, - ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 8 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ-ი, ქ-ის ქუჩა №...-ში არსებულ საბილიარდო დარბაზში, ა. მ-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება და ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს - ს. ჩ-ს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ კი ხელით თმა ძლიერად მოქაჩა და სახეში ასევე ძლიერად რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ს. ჩ-ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· ძალადობის შემდეგ, ა. მ-ე, კვლავ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება და ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ს. ჩ-ს დაემუქრა მოკვლით, რომ თუ ,,ბიჭებს გაეპრანჭებოდა, მოკლავდა“, რა დროსაც ს. ჩ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ა. მ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 მაისის განჩინებით ა. მ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა.
2.3. გამართლებულ ა. მ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განაჩენის გაუქმება, ა. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მკაცრი, რელევანტური სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ა. მ-ს მიერ ს. ჩ-ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენა. ასევე ვერ დადგინდა, თუ ვინ მიაყენა ს. ჩ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა ან საერთოდ, მოხდა თუ არა მასზე ფიზიკური ძალადობა, ან დაემუქრნენ თუ არა სიცოცხლის მოსპობით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ს. ჩ-ა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ გამომძიებლები - გ. მ-ი, ვ. გ-ა, რ. გ-ი, ზ. ბ-ე და ლ. ი-ე, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს და შემდგომში საქმე წარმართეს დაზარალებულად ცნობილი ს. ჩ-ის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულ ს. ჩ-ნ, ხოლო მათ არ მოუპოვებიათ სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ა. მ-ის მიერ ოჯახური ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ჩადენაში.
11. მოწმე ნ. თ-ა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში, მართალია, განმარტა, რომ ს. ჩ-ს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რაზეც დაზარალებულმა უთხრა, რომ მეუღლემ სახის არეში დაარტყა ხელი, მაგრამ მისივე ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ იგი არ არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი და მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა დაზარალებულ ს. ჩ-ნ. ამდენად, არცერთი მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი და შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. აღნიშნულ მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნება იმ დაზარალებულის განმარტებებს, რომელმაც უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს სასწრაფო-სამედიცინო ბარათი, სადაც დაფიქსირებულია, რომ პაციენტს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: მოქაჩა თმა, მუშტი გაარტყა სახეში და უჩივის თავის ტკივილს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, ს. ჩ-ს დაუდგინდა დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს, კერძოდ, ს. ჩ-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი ჰემატომისა და ესკორაციების სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა აღნიშნული დასკვნით შეუძლებელია დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა, რადგან სამედიცინო ბარათში არ არის მითითებული დაზიანებების მორფოლოგიური სურათი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია ს. ჩ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა, სამედიცინო დოკუმენტაციით ობიექტურად გამორიცხულია დადასტურდეს მათი მიმყენებელი პირის ვინაობა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სახელმწიფო ბრალმდებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დაზიანება ს. ჩ-ს მიაყენა ა. მ-მ, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ა. მ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ხასიათსა და მათთვის დამახასიათებელ ობიექტურ ნიშნებზე, კერძოდ: ერთ შემთხვევაში, ა. მ-ს ბრალდების მხარე ედავება მეუღლის - ს. ჩ-ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რომლის დასადასტურებლად აუცილებელია ფიზიკური ტკივილის განცდის შეგრძნება. ა. მ-ე ასევე ბრალდებულია მეუღლის მიმართ მუქარის ჩადენაში, რისთვისაც კანონმდებელი აუცილებელ ნიშნად მოიაზრებს მუქარის შედეგად საფუძვლიანი შიშის განცდას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადასტურდეს ა. მ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულის სავალდებულო ნიშანი.
14. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ს. ჩ-ა მიუთითა მისი კუთვნილი საბილიარდო დარბაზის შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს არსებულ სავარძელზე, სადაც მეუღლემ - ა. მ-მ იძალადა მასზე.
14.1. მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 9 მაისს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ს. ჩ-ნ მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
14.2. იმ პირობებში, როდესაც ს. ჩ-ა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ა. მ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
14.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
14.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ: „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
14.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
14.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
15. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2021 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ა. მ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი