Facebook Twitter

საქმე # 330100121004451260

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №673აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი მ, 673აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-სა და მსჯავრდებულ კ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ზ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით:

1.1. მ. გ-ი, - დაბადებული .... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 18 ნოემბრიდან.

1.2. კ. ზ-ე, - დაბადებული ... წლის .... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ზ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 19 ნოემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-ა და კ. ზ-მ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით; ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. ო. კ-მ, გ. გ-მ, კ. ზ-მ და მ. გ-ა, სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის - რ. ფ-ის (P/N .... ..... დაბ. ....) საკუთრებაში არსებული, ქ. თ-ი, ნ-ის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ განთავსებული, N.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5528 კვ.მ მიწის ნაკვეთის (15/140), თაღლითურად დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დამზადდა 2020 წლის 3 ოქტომბრით დათარიღებული, უ-ს რესპუბლიკის დედაქალაქ კ-ი თითქოსდა გაცემული N10-239 უკრაინულ ენაზე შედგენილი ყალბი მინდობილობის დედანი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ი-ს ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ. ფ-ი (P/N .....- .... დაბ. ....) მ. გ-ს (პას/ნ ...., პ/ნ ...., დაბ. .... წელს) უფლებას აძლევდა განეკარგა, მათ შორის გაეყიდა, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. 2020 წლის 11 ნოემბერს მითითებული მინდობილობის უკრაინულიდან ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ქ. ბ-ი უზრუნველყო ო. კ-მ, რომელმაც მეორე დღეს, 12 ნოემბერს, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ჩამოიტანა ქ. თ-ი და გადასცა ჯგუფის წევრებს - გ. გ-ეს, კ. ზ-სა და მ. გ-ს, რომლებმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მინდობილობა წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ასევე, საჯარო რეესტრში წარადგინეს 2020 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული, მათ მიერვე ჯგუფურად დამზადებული ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი „უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება“, რომლის მიხედვითაც, თითქოს, რ. ფ-ა თავისი წარმომადგენლის - მ. გ-ს მეშვეობით აღნიშნული უძრავი ქონება 500 000 ლარად მიჰყიდა თავად მ. გ-ს. ყალბი მინდობილობის, ასევე მ. გ-ის სახელზე შედგენილი ნასყიდობის ფიქციური ხელშეკრულებით იმავე დღეს, 2020 წლის 12 ნოემბერს, ქ. თ-ი, ნ-ის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული, N.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5528 კვ.მ მიწის ნაკვეთი (15/149) დარეგისტრირდა მ. გ-ს სახელზე, რითაც ი-ის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ.ფ-ს მიადგა 2 979 333 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ნ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ: მ. გ-ის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის შეფარდება ან დანიშნული სასჯელის შემცირება 6 წლამდე და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ კ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ზ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენის გაუქმება და კ. ზ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. ადვოკატ ი. ზ-ს მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო მსჯავრდებულ კ. ზ-ის განმარტებები თავისი უდანაშაულობის შესახებ და მცდარად გაიზიარა ამავე საქმეზე მსჯავრდებული სხვა პირების ჩვენებები, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში ნათლად მიუთითა როგორც ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, ისე - მათ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ხასიათზე.

7. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ კ. ზ-ს ისეთივე როლი ჰქონდა რ. ფ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მისაკუთრებაში, როგორიც - მ. გ-ს, გ. გ-ა და ო. კ-ს.

7.1. მოწმეებმა - გ. გ-მ და ო. კ-მ დაადასტურეს, რომ კ. ზ-ე თავიდანვე იყო ჩართული რ. ფ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისების პროცედურებში. გ. გ-ის განმარტებით, სწორედ კ. ზ-ს ჰქონდა კომუნიკაცია მ. გ-ნ და მან გადაუგზავნა მ. გ-ის პირადობის მოწმობის მონაცემები, რომლის საფუძველზეც დამზადდა ყალბი მინდობილობა.

7.2. თავის მხრივ, ნოტარიუსი ნ. მ-ი განმარტავს, რომ მასთან მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით მ. გ-ნ ერთად მისული იყო კ. ზ-ც, რა დროსაც მოახდინა დოკუმენტის რეგისტრაცია და წარდგენილი მინდობილობის საფუძველზე მ. გ-ს სახელზე გაფორმდა მიწის ნაკვეთი. გ. გ-ე, ო. კ-ე და ლ. ფ-ა ადასტურებენ, რომ გ. გ-ა და მ. გ-ნ ერთად კ. ზ-ეც წავიდა რ-ი მდებარე საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურში, სადაც მიწის ნაკვეთი მ. გ-ს სახელზე გადაფორმდა. გზად კი კ. ზ-ე გ. გ-ნ ერთად მითითებებს აძლევდა მ. გ-ს, თუ რა უნდა ეთქვა საჯარო რეესტრის წარმომადგენლის წინაშე, როდესაც მის სახელზე რ. ფ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფორმებაზე მიმართავდა.

8. განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულ კ. ზ-ის აქტიური როლი მ. გ-ის სახელზე თაღლითური გზით გადაფორმებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციაშიც. მოწმეებმა - ო. კ-მ, გ. გ-მ, გ. ც-მ, ქ. ჩ-ა, ხ. ხ-მ, ა. მ-ა, ნ. ჯ-მ და ი. ნ-ა სასამართლოში განმარტეს, რომ კ. ზ-ე მიწის ნაკვეთის გასხვისებით დაინტერესებულ სხვა პირებთან ერთად ცდილობდა კლიენტის მოძიებას და მ. გ-ის სახელზე გადაფორმებული უძრავი ქონების გაყიდვას, კერძოდ:

8.1. გ. გ-მ დაადასტურა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთის მყიდველი არ ჩანდა, სწორედ კ. ზ-მ გამოთქვა თანხის 50%-ის სანაცვლოდ ნაკვეთის შემძენი პირების მოძიების სურვილი.

8.2. მოწმეების - ქ. ჩ-ს, ხ. ხ-ის, ა. მ-ს, ნ. ჯ-ა და ი. ნ-ს განმარტებით, სანოტარო ბიუროში მისვლისას და ნ. ჯ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის გადაფორმებისას მ. გ-ს მუდამ თან ახლდა კ. ზ-ე, მათ ფულადი თანხაც ერთად მიიღეს ნ. ჯ-ნ და ერთად გადათვალეს ნოტარიუსის ბიუროში არსებულ პატარა ოთახში.

8.3. მოწმე გ. ც-მ კი ისაუბრა იმ პერიოდზე, სანამ მ. გ-ი ნ. ჯ-ე გაასხვისებდა მიწის ნაკვეთს და განმარტა, რომ მასთან მივიდნენ კ. ზ-ე და მ. გ-ი, რომლებიც 180.000 აშშ დოლარად ყიდდნენ მიწის ნაკვეთს.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურდა ის გარემოებაც, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან გარკვეული წილი მიიღო კ. ზ-ც, რასაც არ უარყოფს თავად ეს უკანასკნელიც.

10. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიაჩნია, რომ კ. ზ-ს მოქმედებები და მისი აქტიურობა, რათა რ. ფ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი უმოკლეს ვადაში გადაფორმებულიყო მ. გ-ე და შემდეგ - გასხვისებულიყო, სცილდება უბრალოდ დამხმარის ფუნქციებს და მიანიშნებს, რომ იგი მ. გ-ა და სხვა თანამზრახველებთან ერთად თანაბარი უფლებამოსილებით სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისებასა და ამ გზით მიღებული თანხის გადანაწილების პროცედურებში.

11. უსაფუძვლოა ადვოკატ ი. ზ-ის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოწმეებმა - გ. გ-მ და ო. კ-მ ბრალდების მხარის მიერ საპროცესო შეთანხმების დაპირების გამო მისცეს სასამართლოს კ. ზ-ის მამხილებელი ჩვენება.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თანაბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებები უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც თანამზრახველები (თანაბრალდებულები) აღმოჩნდებიან ჩვენების მიცემისას, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწმეების მდგომარეობისგან (Romanov v. Russia, no.41461/92, §102, ECtHR, 24/07/2008).

13. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს შემდეგს: იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით გამართულ სხდომაზე დაკითხვისას გ. გ-ა და ო. კ-ს ხელს არაფერი უშლიდათ, ნათლად და გარკვევით ჩამოეყალიბებინათ მათთვის ცნობილი მოვლენები, მათ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრეს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში კ. ზ-ის მონაწილეობასა და მის როლზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამტყუნებებლი განაჩენის შეფასებას და მიაჩნია, რომ თანაბრალდებულების მიმართ მხოლოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებების გამოყენება ვერ გახდება მათი ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან აღიარებითი ჩვენების მიცემა სასამართლოს წინაშე, უპირველეს ყოვლისა, ხდება მათი ბრალეულობის დადასტურებისა და ნასამართლობის ერთ-ერთი საფუძველი. სხვა სახის მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით გამყარებული მსჯელობა კი, რაც მოწმეების გ. გ-ა და ო. კ-ის ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ. ზ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - ადვოკატ დ. ნ-ის პოზიციას მსჯავრდებულ მ. გ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა მ. გ-ის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

16. მსჯავრდებული მ. გ-ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასჯელი დაენიშნა აღნიშნული სანქციის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

17. სასჯელის სამართლიანობა ვლინდება შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობაში მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან მიმართებით. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის, როგორც თანაზომიერი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება (მ. გ-ი პირველადაა სამართალში; ამასთან, მას მსჯავრი დაედო სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, სადაც დაზარალებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, მიყენებული ზიანი კი არ არის ანაზღაურებული) და მიიჩნია, რომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაციის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების შესაბამის ღონისძიებას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ სანქციით გათვალისწინებული სხვა ალტერნატიული სასჯელის სახის - ჯარიმის გამოყენება განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს გამოსადეგ ღონისძიებას, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციის, ისე ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება სასჯელის ზომას, მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პასუხობს მსუბუქი სასჯელის პრიორიტეტულობის მოთხოვნას.

19. მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ დაცვის მხარის მოთხოვნაზე - სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის მექანიზმის გამოყენების შესახებ საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

19.1. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.

19.2. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულმა მ. გ-ა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს წინაშე აღიარა სრულად მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა; ამ ეტაპამდე, მის მიმართ სამართალწარმოების მიმდინარეობისას, იგი ადასტურებდა ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა აცხადებდა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო დანაშაულებრივ ქმედებაში თუ მონაწილეობდა და ყალბი მინდობილობის საფუძველზე თუ იფორმებდა სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას. აღნიშნული კი დამაბრკოლებელი გარემოებაა, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

21. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ა და მსჯავრდებულ კ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ზ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი