საქმე N330802222006151393
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№46I-22 ქ. თბილისი
გ–ი თ., 46I-22 23 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. გ–სს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2008 წლის 16 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით თ. გ–ს (Tuncay Göktaş, დაბადებული 1.... წლის 10 იანვარს) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლთან ერთობლივად 81-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით თუნჯაი გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 9 დეკემბერს.
2008 წლის 7 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით თ. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით თ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 18000 თურქული ლირა. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 16 ნოემბერს.
2008 წლის 27 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით თ. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ინფორმაციის შეტანა)
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით თუნჯაი გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 12 აპრილს.
2009 წლის 25 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით თ. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლით (ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში), ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ნივთის განზრახ დაზიანება) და 116-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებითა და 119-ე მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით (სხვის საკუთრებაში ნებართვის გარეშე შეჭრა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით თ. გ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით, 6 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა. თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. გ–ში გამართლდა 116-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებითა და 119-ე მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით (სხვის საკუთრებაში ნებართვის გარეშე შეჭრა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 17 სექტემბერს.
2014 წლის 27 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2008 წლის 16 იანვრის, 2008 წლის 7 ნოემბრის, 2008 წლის 27 ნოემბრისა და 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და თ. გ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით, 19 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 16 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. გ–ს სასჯელის შემდგომი მოხდისგან პირობით გათავისუფლდა.
2017 წლის 1 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის საქალაქო მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. გ–სს პირობით გათავისუფლების თაობაზე.
2017 წლის 6 ივნისს აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-6 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით თ. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლივად 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 თვითა და 48 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 20 სექტემბერს.
2018 წლის 30 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის რაიონულმა რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა თ. გ–სს დაკავების ბრძანება.
2. თ. გ–სს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2018 წლის 28 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. გ–ს.
2018 წლის 31 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით თუნჯაი გ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2018 წლის 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით თ. გ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 28 იანვრამდე.
2019 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით თ. გ–სს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 28 აპრილამდე.
2019 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით თ. გ–სს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 15000 ლარის ოდენობით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2018 წლის 12 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თ. გ–სს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:
2008 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2004 წლის 4 ოქტომბერს ბრალდებული ს. ბ–იი, თ. გ–ს, მ. ჯ–ი და სხვა რამდენიმე პირი, რომლებიც მოქმედებდნენ შურისძიების მოტივით, წინასწარ შეთანხმდნენ, რომ მოეკლათ ა. უ–ს საკუთრებაში არსებული კაზინო-რესტორნის თანამშრომელი ა. ა–ი, რომელმაც ს. ბ–ს რამდენჯერმე უთხრა უარი კაზინო-რესტორანში შეშვებაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ხსენებული პირები შეიარაღდნენ სხვადასხვა, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღებით და მივიდნენ ზემოხსენებული კაზინო-რესტორნის ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლის შემდეგ, ს.ბ–მა და მისმა თანმხლებმა პირებმა რამდენჯერმე გაისროლეს ჰაერში, რის შემდეგაც ს.ბ–მა ჯოხის გამოყენებით ა.ა–ს თავის არეში მიაყენა დაზიანებები, ხოლო ერთ-ერთმა თანმხლებმა პირმა ა.ა-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, ხოლო მის გვერდზე მყოფმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, თ.გ–ში და მ.ჯ–ი სხვადასხვა ქმედებით ხელს უწყობდნენ ს. ბ–სა და ჯგუფის სხვა წევრებს დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელებაში.
2008 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
მსჯავრდებულმა თ. გ–მა და ა. ო–მა განიზრახეს თ. გ–ს მფლობელობაში არსებული ძეგლის ისტორიულ ძეგლად გასაღება და აღნიშნულის შედეგად, თაღლითური გზით, მატერილური სარგებლის მიღება. დანაშაულებრივი განზრახვის ფარგლებში, თ. გ–მა და ა. ო–მა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დაზარალებული ფ. ჩ–ი შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამ უკანასკნელს მოატყუეს, რომ ძეგლს ჰქონდა ისტორიული ღირებულება, რაშიც ფ. ჩ–ს ეჭვი არ შეუტანია და გადაწყვიტა მისი შეძენა. 2002 წლის 25 მაისს თ. გ–მა და ა. ო–მა მოახდინეს წინასწარ შეთანხმებულ ადგილას ძეგლის ტრანსპორტირება და გადასცეს ფ. ჩ–ს, რის სანაცვლოდაც მისგან, ჯამურად მიიღეს ფულადი თანხა - 17 600 000 000 თურქული ლირა.
2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 3 მაისს თ. გ–მა განცხადებით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის ა–ს საქალაქო რეესტრის დირექციას და მოითხოვა მის სახელზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თ. გ–მმა დაურთო მის მიერ გაყალბებული, ჰ-ის უბნის სახლმმართველობის მიერ შედგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების მოთხოვნის დოკუმენტი. კერძოდ, თ. გ–მმა ხსენებულ დოკუმენტში პირად მონაცემად მიუთითა თავისი ძმის, მ. გ-ის მონაცემები, ხოლო ფოტოსურათის ადგილას განათავსა საკუთარი ფოტოსურათი, რითაც შეცდომაში შეიყვანა სახელმწიფო დაწესებულება.
2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - თ. გ–ს, ე. ა–უ, ე. ა–უ და მ. ი–ე წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად და განიზრახეს კონკრეტული საწყობიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ განსაზღვრულ ნივთებს. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში ხსენებულმა პირებმა დააზიანეს დაზარალებულის კუთვნილი ქონება და ამ გზით, 2003 წლის 5 იანვრიდან 2003 წლის 25 იანვრამდე დროის პერიოდში სამჯერ შეაღწიეს თ–ს რესპუბლიკაში, ბ–ს უბანში მდებარე საწყობში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ჯამურად - 1500-2000 ცალ მაისურს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს, სულ მცირე, 13 000 000 000 თურქული ლირის მატერიალური ზიანი.
2017 წლის 6 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 29 თებერვალს ა. ი–ი, ნ. თ–ი და ო. ს–ნ ი–ი იმყოფებოდნენ ა. ი–ს ბინაში, რა დროსაც ა. ი–სსა და ნ. თ–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ამ უკანასკნელმა ა. ი–სს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნ. თ–მმა დატოვა ბინა, მას გაჰყვნენ ო. ი–იი და ა. ი–სი, რა დროსაც ა. ი–სმა ხელთ ნაქონი დანით ნ. თ–მს მიაყენა დაზიანება ბარძაყის არეში. ამავდროულად, ნ. თ–მი ტელეფონით დაუკავშირდა თავის მეგობარ მამაკაცს, თ–ი გ–ს და ა. ი–ს ბინაში მისვლა სთხოვა. ადგილზე მისვლისას თ. გ–მა თავისივე მანქანიდან აიღო ჯოხი და ო. ი–სა და ა. ი–ს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, მათი მიმართულებით წავიდა. ეს უკანასკნელნი გაიქცნენ, რის გამოც თ. გ–მა ვერ მოახერხა განზრახვის სისრულეში მოყვანა.
4. 2022 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი:
თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლთან ერთობლივად 81-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის 16 იანვარს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის 7 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ინფორმაციის შეტანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის 27 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლით (ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში), ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2009 წლის 25 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლივად 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-6 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2017 წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
5. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
6. სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - თ. გ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - ი. ბ–ა და პ. ბ–სე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლთან ერთობლივად 81-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის რაიონული მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის 16 იანვარს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
დასაშვებად იქნა ცნობილი თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის 7 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
დასაშვებად იქნა ცნობილი თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ინფორმაციის შეტანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-2 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის 27 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
დასაშვებად იქნა ცნობილი თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლით (ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში), ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის განზრახ დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის საქალაქო მე-4 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2009 წლის 25 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
დასაშვებად იქნა ცნობილი თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლივად 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის აფიონქარაჰისარის საქალაქო მე-6 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2017 წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
8. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. გ–სს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
9. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ თ. გ–ს არის თურქეთის რესპუბლიკაში დისკრიმინებული და რელიგიური ნიშნით დევნილი პირი. მას თურქეთის რესპუბლიკაში ბრალად წარდგენილი დანაშაულები არ ჩაუდენია, რაც გასაჩივრებულია ევროპის სასამართლოში. გარდა ამისა, მიგრაციის სამსახურის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი ადმინისტრაციული დავა, რომლის გადაწყვეტილება 24 სექტემბერს იქნება ცნობილი, შესაბამისად, არის მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც თ. გ–ს არ უნდა იყოს ექსტრადირებული თურქეთის რესპუბლიკაში. ამას ემატება ისიც, რომ ის აღმსარებლობით არის ქრისტიანი და ხშირად ურეკავენ სხვადასხვა მუქარის შემცველი სიტყვებით.
10. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა თ. გ–სს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი თ. გ–ს 2018 წლის 18 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თ. გ–სს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
2008 წლის 16 იანვრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უვადო თავისუფლების აღკვეთას;
2008 წლის 7 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას;
2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გამოყენება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას;
2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას;
2017 წლის 6 ივნისის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მცდელობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, თ. გ–სს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით თ. გ–ს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნის ვადით.
7. ამდენად, მოცემულ საქმეში თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.
8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
9. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება თ. გ–სს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ასევე შეესაბამება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულებია. ასევე, შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,120-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, 10 წელი - მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო 15 წელი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას, 10 წელში - მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას, ხოლო 15 წელში - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ჩადენის თარიღების მხედველობაში მიღებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციას ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები.
10. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
11. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა Non bis in idem-ის პრინციპი.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ თ. გ–ს არის თურქეთის რესპუბლიკაში დისკრიმინებული და რელიგიური ნიშნით დევნილი პირი, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ასევე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მის რელიგიურ მრწამსზე და დაადასტურებდა ამ მოტივით მასთან განხორციელებულ სატელეფონო მუქარის ფაქტებს. ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ თ. გ–სს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას, ან თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან დევნის რისკი. გარდა ამისა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ. გ–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). თ. გ–სს უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. დღეს ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება არის ის მეთოდი, რომელიც სულ უფრო მზარდად გამოიყენება პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მეთოდით ძიებისას სხვა შემთხვევებში წარმატებით მოუპოვებია ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის შესახებ. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს იმის შესახებ, რომ თ. გ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ბრალად წარდგენლი ქმედებები არ ჩაუდენია და იგი გასაჩივრებულია ევროპის სასამართლოში, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო პროკურორის შუამდგომლობა. აღსანიშნავია, რომ თ. გ–სს ბრალეულობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ თ. გ–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ იგი მონაწილეობდა საქმეების განხილვაში და უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. ამდენად, თ. გ–სს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
15. საკასაციო სასამართლო არ იზარებს დაცვის მხარის არგუმენტს ადმინისტრაციული დავის გამო ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით თ. გ–სს სარჩელი, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, თ. გ–თან მიმართებით საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოება დასრულებულია და იგი საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად აღარ ითვლება.
16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
17. თ. გ–ს არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
18. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
19. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია თურქეთის რესპუბლიკაში თ. გ–სს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის ან სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის ან ამგვარი საფრთხის არსებობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no. 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
22. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას თ. გ–მა გასაუბრებისას მიუთითა, რომ საქართველოში ცხოვრობს მისი მეუღლე, რომელიც არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოში ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც არიან მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქეები, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხე, ვინაიდან აღნიშნული პირები ყოველგვარი შეზღუდვისა და დაბრკოლების გარეშე შეძლებენ მომთხოვნ სახელმწიფოში მის მონახულებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება №391-20). შესაბამისად, თ. გ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებები არ შეიზღუდება.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში თ. გ–ს ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არ დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება.
24. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი თ. გ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ბოლვადინის რაიონული რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2018 წლის 30 აპრილის დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადულმაძე
ლევან თევზაძე