3კ-392-02 25 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
თ. კობახიძე
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 28 იანვარს შპს “ე-მა” სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება, რომელიც მდებარეობეს თბილისში და ზიანის ანაზღაურება.
საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. მაისაშვილი.
1999წ. 21 დეკემბერს ფ. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “ე-ის” მიმართ და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის 1920 აშშ დოლარის დაბრუნება.
2000წ. 29 ნოემბერს თ. მაისაშვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ფ. კ-ისა და შპს “ე-ის” მიმართ და მოითხოვა თბილისში, ..... მდებარე ბინის გამოთავისუფლება და დავალიანების გადახდა.
აღნიშნული სამი სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად მთავარ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ ფ. კ-ი და შპს “ე-ის” დირექტორი ა. ა-ე. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ფ. კ-ი თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნა თბილისში, ...... მდებარე ბინა ¹8-დან ამავე სხდომაზე კომპანია “ე-ის” სარჩელი ფ. კ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლებისა და თანხის დაკისრების შესახებ, ასევე ფ. კ-ის სარჩელი კომპანია “ე-ის” მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფ. კ-მა იმ საფუძვლით, რომ მას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა. კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი იქნა ცნობა სადაც მითითებული რომ იგი 2001წ. 14 ნოემბერს იყო ავად დიაგნოზით – მწვავე რესპირატორული დაავადებებით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის განჩინებით ფ. კ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს განჩინება ფ. კ-მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის განჩინება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ფ. კ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინებით დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილის განჩინება და საქმე დაბრუნდა იმავე პალატას ხელახლა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად დატოვა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. Pპალატამ ფ. კ-ის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე არ ჩათვალა საპატიოდ, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მას სხდომის დროისა და ადგილის შესახებ არ ეცნობა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და სასამართლოს უფლება არ ჰქონდა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 იანვრის განჩინებით ფ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ს 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია დატოვოს სარჩელი განუხილველად თუ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი დარჩეს განუხილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებულნი იყვნენ 2002წ. 12 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში ფ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ.
საქმის განხილვის დროს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ფ. კ-ი, რომელსაც სსკ-ს 70-78-ე მუხლებით გაეგზავნა სასამართლო უწყება. მაგრამ მის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რაზეც შედგენილი იქნა აქტი კურიერის მიერ. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ ფ. კ-ს არ გააჩნდა ხელისშემშლელი გარემოება გამოცხადებულიყო სხდომაზე ან შეეტყობინებინა სასამართლოსათვის წინასწარ გამოუცხადებლობის მიზეზი, რაც არ გაუკეთებია.
სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასაბუთა განჩინება სსკ-ს 229-ე მუხლის მეორე ნაწილით და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “გ” პუნქტით, რომლის მიხედვით თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად დატოვოს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 დეკემბრისა და 2003წ. 24 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.