საქმე N 330802222006156176
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№47I-22 23 სექტემბერი, 2022 წელი
ქ–უ ი., 47I-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ქ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ტ–სის საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ქ–ს მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში:
1.1. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, ი. ქ–ს (İ. K–U, დაბადებული: .......... წელს) თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოთხოვნილია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი განზრახვით; ცეცხლის წაკიდებით, დატბორვით, დანგრევით, ჩაძირვით, დაბომბვით ან ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენებით; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) და ამავე კოდექსის 302-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ N3713 კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად (სასჯელის გაზრდა ტერორისტული დანაშაულისათვის).
2022 წლის 1 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის დიარბაქირის სისხლის სამართლის მე-2 სასამართლომ და 2022 წლის 17 ივნისს დიარბაქირის სისხლის სამართლის პირველმა სასამართლომ გამოსცეს ი. ქ–ს დაკავების შესახებ ბრძანებები.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში: ,,........... პარტია“ (.........) წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ტერორისტული აქტებისა და ბრძოლის სხვა მეთოდების გამოყენებით თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფა. აღნიშნული ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება თ–ს რესპუბლიკაში ჩადენილი არაერთი ტერორისტული აქტი.
2.2. საექსტრადიციო მასალის თანახმად, 2017 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე, თ–ს რესპუბლიკის დ–ს პროვინციის ლ–ს რაიონში, ჟანდარმერიის სპეციალური ძალების მიერ წარმოებული სპეციალური ოპერაციის მიმდინარეობისას, წინასწარ დაგებულ ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა ჟანდარმერიის წევრი - უ. ჩ–ი და მძიმედ დაშავდა ჟანდარმერიის წევრი - ე.ს–ი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ი. ქ–უუ უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, კერძოდ, ი. ქ–მ და ორმა თანამონაწილემ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე განსაზღვრეს სამხედროთა გადაადგილების სავარაუდო მარშრუტები, რის შემდეგაც ი. ქ–მ, ზემოაღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მითითებებისა და მიზნების შესაბამისად, ინციდენტის ადგილზე პირადად მოამზადა და განათავსა ნაღმები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რასაც შედეგად მოჰყვა ორი პირის გარდაცვალება.
3. ი. ქ–ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
3.1. 2021 წლის 3 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ი. ქ–უ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 14 აგვისტოდან.
3.2. 2022 წლის 11 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ი. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.3. 2022 წლის 30 მაისსა და 6 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ი. ქ–ს ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი დანართი მასალა.
3.4. ი. ქ–უ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3.5. 2022 წლის 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა - დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა ი. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის.
3.6. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
3.7. სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ი. ქ–უ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - მ. ტ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
3.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ქ–ს თურქეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
3.9. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა - ი. ქ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ტ–მ საკასაციო საჩივრებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
4. კასატორების პოზიცია:
4.1. ადვოკატ მ. ტ–სის საკასაციო საჩივრის თანახმად, ი. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია გაუმართლებელია და არსებითად დაარღვევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს, შემდეგ გარემოებათა გამო: 1) კასატორის პოზიციით, ი. ქ–უ თ–ს რესპუბლიკაში, შესაძლოა, გახდეს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი, ვინაიდან იგი არის ეროვნებით ქურთი, ხოლო ის და მისი ოჯახი ისევე, როგორც მთლიანად ქურთების სათვისტომო, თ–ს რესპუბლიკაში განიცდიან დევნას, შევიწროებასა და ღირსების შემლახველ მოპყრობას. თ–ს სახელმწიფოს მხრიდან თ–ში მცხოვრები ქურთების უფლებების დარღვევა და ღირსების შემლახველი მოპყრობა საიდუმლოს აღარ წარმოადგენს და უფლებადამცველი ორგანიზაციები თავიანთ ანგარიშებში სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ თ–ში მცხოვრები ქურთების უფლებების დარღვევის, დევნისა და შევიწროების კუთხით. თ–ს ხელისუფლებისათვის ყველა ქურთი ტეროროსტია და ყველა ტერორისტი ქურთია. მათ ეკრძალებათ ეროვნული ტანსაცმლის ტარება და თავიანთი რელიგიური რიტუალების შესრულება. თურქეთის რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, „Human Rights Watch“ და „Amnesty International“ მიუთითებენ არასათანადო მოპყრობის, წამების ფაქტების (ცემის, გაშიშვლების, ხანგრძლივად სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენების, გაუპატიურების მუქარის) ზრდაზე. ამავე დროს, საკანონმდებლო დონეზე მიღებულია ცვლილება, რომელიც დაკავებულებს ართმევს დაკავების დროს წამების წინააღმდეგ არსებულ გარანტიებს. ამჟამად ი. ქ–უ დარეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად და მიმდინარეობს მისი საქმის განხილვა. 2) ე.წ ,,ანტიდისკრიმინაციული დებულებების“ მიხედვით, ექსტრადიციის მოთხოვნა შესაძლებელია ან აუცილებელია არ დაკმაყოფილდეს, თუ ექსტრადიციის მოთხოვნას საფუძვლად უდევს პოლიტიკური მოტივი, დევნის ან დისკრიმინაციული განზრახვა. ი. ქ–უ კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რაშიც მას თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები ედავებიან და უფრო მეტიც, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აქვს რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნისა და წამების საფუძვლიანი შიში. ასევე, მან სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს განაცხადა, რომ 2018 წელს იგი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადდა, რათა თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა, ცხრა თვის განმავლობაში იძიებდნენ მის საქმეს და შემდეგ გამოუშვეს, როგორც უდანაშულო. 3) დიპლომატიური გარანტიები სამართლებრივად ეფექტური არ არის, რადგან იმ პირს, რომლის დასაცავადაც ხდება ამ გარანტიების წარმოდგენა, არ გააჩნია რაიმე ეფექტური ბერკეტი, რომელსაც ის გამოიყენებდა გარანტიების დარღვევის შემთხვევაში. სახელმწიფოებს, რომლებიც ჩართულნი არიან გარანტიების წარმოდგენასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, აქვთ ძალიან მცირე შანსი, აწარმოონ მონიტორინგი, თუ რამდენად ხდება წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ აღებული გარანტიების შესრულება. ამასთან, სკეპტიციზმს აჩენს პრაქტიკაში არსებული მაგალითები, რომლებითაც დასტურდება, რომ დიპლომატიურმა გარანტიებმა ვერ უზრუნველყო ექსტრადირებული პირების წამებისაგან დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ გარანტიები გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს მისაღები, შეუძლებელია მისი გამოყენება იყოს გამართლებული პირთა იმ ქვეყნებში გაძევების შემთხვევებში, სადაც არსებობს სისტემატური ან რუტინული წამების პრაქტიკა. ასეთ ვითარებაში დიპლომატიური გარანტიები წარმოადგენს მხოლოდ დაპირებას, რომელიც არაეფექტურია ადამიანის წამების რისკების თავიდან ასაცილებლად. ამგვარი მსჯელობა განავითარა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „საადი იტალიის წინააღმდეგ“ და თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ერთი მთავრობის მიერ მეორის მიმართ მიღებული დიპლომატიური გარანტიები სამართლებრივ აღსრულებას არ ექვემდებარება, როცა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ დიპლომატიურ გარანტიებს ისეთი სახელმწიფო წარადგენს, რომელიც არასათანადო მოპყრობის პრაქტიკით ხასიათდება. იმ ფონზე, როცა უფლებადამცველი ორგანიზაციები თავიანთ ანგარიშებში სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ თურქეთში მცხოვრები ქურთების უფლებების დარღვევის, დევნისა და შევიწროების კუთხით, დაცვის მხარეს ქურთი ეროვნების ი. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მიაჩნია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად. შესაბამისად, თურქეთის მიერ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიების განხილვისას სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს აღნიშნული გარანტიების სანდოობა თურქეთში ადამიანის, განსაკუთრებით ქურთი მოსახლეობის, უფლებრივი მდგომარეობისა და წამების პრაქტიკის არსებული საგანგაშო მდგომარეობის ფონზე.
4.2. ი. ქ–ს საკასაციო საჩივრის თანახმად, თავშესაფრის მიზნით განცხადებით მიმართა ჯერ მიგრაციის ბიუროს, ხოლო შემდეგ კი - თბილისის საქალაქო სასამართლოს. კასატორი მიუთითებს, რომ მიგრაციის სამსახურსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობა არ მისცემია. სასამართლო კოლეგიამ, რომელმაც უგულებელყო ქურთი ხალხის დევნა, მას არ მოუსმინა. სასამართლოს ხელთ ჰქონდა თ–ში არსებული მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ როგორ გაასამართლეს იგი თურქი პროკურორების მიერ შედგენილი ცილისმწამებლური დოკუმენტის საფუძველზე, თუმცა არანაირი სასჯელი არ მიუღია. კასატორს მიაჩნია, რომ მისი მდგომარეობა პოლიტიკურია და წარმოადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველს. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით, შედგენილი ცილისმწამებლური დოკუმენტის გამო, ორჯერ ასამართლებენ უვადო პატიმრობით. 2020 წლის 7 სექტემბერს ქართველმა მოსამართლემ და პროკურორმა კი უგულებელყვეს მისი ტანჯვა. კასატორი განმარტავს, რომ არის ქრისტიანი ქურთი და თურქეთში აქვს პოლიტიკური პრობლემები. ის შეუერთდა დაჩაგრული ხალხისთვის მებრძოლ ....-ს (ქურთისტანის მუშათა პარტიას), თუმცა PKK-დან გაიქცა და თურქეთში მოქმედი „ეფექტური სინანულის კანონით“ ისარგებლა, კერძოდ: საკუთარი სურვილით, განცხადებით ჩაბარდა თურქეთის რესპუბლიკის პროკურორს, შემდეგ კი გაათავისუფლეს, რადგან 2019 წლის 25 დეკემბერს სასამართლომ გაამართლა. თუმცა, რადგან საკუთარი სურვილით ჩაჰბარდა და ყველაფერი განაცხადა, .... ძალიან დაზარალდა და გახდა ...-ს მიზანი. ის ....-ს მხრიდან იძებნება მოკვლის განზრახვით და მისი სიცოცხლე თურქეთის ციხეშიც კი არ არის დაცული. სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი მოიმოქმედა. მან ვერსად შეძლო დიდი ხნით მუშაობა და იძულებული ხდებოდა მოკლე პერიოდის გასვლის შემდეგ სამუშაო ადგილი შეეცვალა. რადგან მისი სიცოცხლე დაცული არ იყო, იძულებული გახდა საქართველოში არაკანონიერად (მთიდან ქვეითად) შემოსულიყო. თურქეთის სახელმწიფომ მას დააბრალა 2017 წელს დაღუპული ორი ჯარისკაცის სიკვდილი და მოითხოვა მისი ექსტრადიცია, როცა ის საკუთარი ნებით ჩაჰბარდა 2018 წელს. მის წინააღმდეგ ბრალდება ემყარება ...-დან ვიღაცის ნათქვამს და გაგონილს, რომ ამ ჯარისკაცების სიკვდილში იგი მონაწილეობდა. ხოლო, იმის გამო, რომ თურქმა პროკურორმა დაიჯერა ..-ის შურისძიების გეგმის არსებობა, ითხოვენ მის სამუდამო პატიმრობას. სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს სიცოცხლის ბოლომდე ერთ საკანში მარტო ცხოვრებას და არ განსხვავდება სიკვდილით დასჯისგან. საქართველოს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა მის შესახებ გაიგოს ყველაფერი, თუნდაც ინტერნეტრესურსებით. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მან შეიცვალა აღმსარებლობა და გახდა ქრისტიანი, რის გამოც თურქები განსჯიან. ასევე, თავშესაფარზე უარის შემთხვევაში, კასატორი ითხოვს მესამე, ქრისტიანულ სახელმწიფოში გაგზავნას.
5. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
5.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ი. ქ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1.2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. საქალაქო სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იქნა მიღებული ექსტრადიციის გამომრიცხველი ყველა გარემოება და დადგინდა, რომ ი. ქ–ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა; თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 30-წლიანი ვადა გასული არ არის; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით, ი. ქ–უუ საქართველოს მოქალაქე არ არის, ხოლო მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე; ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და „non bis in idem“ პრინციპის დარღვევა, რადგან ი. ქ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი; საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები; ი. ქ–უ თ–ს რესპუბლიკის მოქალაქეა და მას არ გააჩნია ს–ში ცხოვრების კანონიერი საფუძველი, ასევე არ გააჩნია ნათესაური კავშირები საქართველოში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
1.3. საკასაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს კასატორთა მიერ მითითებულ ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებებს. საკასაციო საჩივრების დასაბუთება შეეხება 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებით დაცული უფლებების დარღვევის რისკების არასათანადო შეფასებისა და უგულებელყოფის მოტივით. ასევე, კასატორების პოზიციით, ი. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ის შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დისკრიმინაციული ნიშნებით: ქურთი წარმომავლობის, შეცვლილი აღმსარებლობისა და თურქეთში არსებული პოლიტიკური პრობლემების გამო.
1.4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „თუ თხოვნის მიმღებ მხარეს გააჩნია საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის განპირობებულია პირის დევნისა და დასჯის მიზნით, მისი რასის, რელიგიის, ეროვნების ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მოთხოვნის მიმღები მხარე არ არის ვალდებული მოახდინოს პირის ექსტრადირება“. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი ადგენს ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებებს და შეიცავს დისკრიმინაციული მოპყრობისაგან დაცვის საგარანტიო დებულებას, რომლის თანახმადაც: ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო.
1.5. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“ (,,Substantial grounds to believe“), რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“ (Soering v. the United Kingdom, no 14038/88, ECHR, 88-91; Vilvarajah and others v. United Kingdom , no 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, ECHR; J.K. and others v. Sweden, 59166/12, ECHR [GC], 91). ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს იმავე მტკიცების სტანდარტითა და გარემოებებით, რაც რელევანტურია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში (Mamatkulov and Askarov v. Turkey, 46827/99, 46951/99, ECHR, 78; Shamayev and Others v Georgia and Russia, no 36378/02, ECHR, 333-336).
1.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
1.7. განსახილველ შემთხვევაში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლოსათვის წარდგენილ მასალებსა და საკასაციო საჩივრებში არ არის მითითებული რაიმე ხელშესახები და კონკრეტული გარემოება, რაც სასამართლოს მისცემდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ი. ქ–უ თურქეთის რესპუბლიკაში დაექვემდებარება დისკრიმინაციული ნიშნით დევნას, წამებას, ღირსების შემლახველ მოპყრობასა და დასჯას. კასატორების მიერ მითითებული გარემოებები, რომ ი. ქ–უ არის ქურთი წარმომავლობის და, ზოგადად, ქურთები თურქეთში იდევნებიან, არ წარმოადგენს საფუძვლიან და მტკიცებულებებზე დამყარებულ არგუმენტს ექსტრადიციის დასაშვებობის საწინააღმდეგოდ. კასატორებს არ წარმოუდგენიათ ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაასაბუთებდა როგორც ზოგადად, ქურთების თურქეთის რესპუბლიკაში დევნის პრაქტიკის არსებობას, ისე ინდივიდუალურად, ი. ქ–ს დევნის საფუძვლიან ვარაუდს. ამასთან, დაცვის მხარის განმარტებითვე, ი.ქ–უ 2018 წელს, თურქეთის რესპუბლიკაში ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. ხოლო, ი. ქ–უმ 2022 წლის 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ჩაბარების პერიოდში მის მიმართ ადგილი არ ჰქონია წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯას.
1.8. ი. ქ–ს მითითება, რომ ის არის ქრისტიანი და ამის გამო თ–ები მას განსჯიან, არ არის გასაზიარებელი და ეწინააღმდეგება თავად კასატორის პოზიციას. დაუსაბუთებელია, თუ რატომ შეიძლება დაექვემდებაროს განსჯასა და გაკიცხვას კასატორი რელიგიის შეცვლის გამო თ–ების მხრიდან, როდესაც მას არ გააჩნია თურქული წარმომავლობა. მხარეს არ აღუნიშნავს არცერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში, რაც მისთვის ხელმისაწვდომია და მიუთითებს, რომ თ–ს რესპუბლიკაში ქრისტიანების უფლებების დარღვევას აქვს სისტემური ან/და გავრცელებული ხასიათი. უფრო მეტიც, კასატორი ვერ მიუთითებს თ–ს სახელმწიფოში სხვა რელიგიის წარმომადგენელთა ან რელიგიის შეცვლის გამო მოქალაქეთა დევნის ან დასჯის მისთვის ცნობილ რომელიმე პრეცედენტს. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, რომ კერძო პირების მხრიდან ანგარიშწორების საფრთხის არსებობის პირობებშიც კი, ექსტრადიცია დასაშვებია, რამდენადაც თ–ს რესპუბლიკა არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც, როგორც წესი, ეფექტიანად აღსრულდება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ამკრძალავი კანონმდებლობა.
1.9. ასევე არ არის დასაბუთებული ი. ქ–ს განმარტება, რომ მას თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური პრობლემები გააჩნია და სწორედ ამ ნიშნით იდევნება. ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში სასამართლოების მიერ გამოცემულია ი. ქ–ს დაკავების ბრძანება კონკრეტული დანაშაულებისათვის, რაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ არ განიხილება პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად. მოცემულ შემთხვევაში ი. ქ–უ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი არ უთითებენ, თუ რა კონკრეტული პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია ი. ქ–ს ბრალდებას ან/და მისი პოლიტიკური მოღვაწეობის რა ასპექტს უკავშირდება უშუალოდ ი. ქ–ს მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთან, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საექსტრადაციო მასალებში გამოკვეთილი დანაშაულების მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდებისა და სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით, ბრალდებაში ასახული სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები აშკარად გადაწონის დანაშაულის ჩადენის შესაძლო პოლიტიკურ ასპექტებს. ადვოკატის მიერ ზოგადად და იდენტიფიცირების გარეშე მითითებულია ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშებსა და თ–ში არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ანგარიშებს გულისხმობს ადვოკატი, რომლებზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ თურქეთში არსებობს ხსენებული დისკრიმინაციული ნიშნებით ადამიანების დევნისა და დასჯის რუტინული პრაქტიკა.
1.10. ი. ქ–ს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ გასამართლების შემთხვევაში მას ემუქრება უვადო თავისუფლების აღკვეთა, არ წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაცული სფეროს შესაძლო დარღვევის რისკს, რამდენადაც 2022 წლის 4 აგვისტოს თურქეთის მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირებისათვის ვადამდე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობას. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის სასჯელთა აღსრულების უსაფრთხოების ზომების შესახებ N5275 კანონის 107-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდაათი წელი, შესაძლებელია პირობით გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ამასთან, პირობით გათავისუფლების მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოცემული საკითხის შემდგომი პერიოდული განხილვის შესაძლებლობა. ამდენად, ი.ქ-ს მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში მოცემული სასჯელი არ იქნება უპირობო - დაექვემდებარება გონივრულ დროში გადასინჯვას და აგრეთვე, არ იქნება გადაჭარბებულად არაპროპორციული (Vinter and Others v. The United Kingdom [GC], 2013, no. §§ 119-122; Harkins and Edwards v. the United Kingdom, 2012, §§ 133-134). ამდენად, უვადო თავისუფლების აღკვეთის პერიოდული გადასინჯვის საკანონმდებლო და ფაქტობრივი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არ განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო სასჯელად.
1.11. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს „არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რომელიც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v.Sweden, ECHR [GC], 59166/12 § 91, 96). როგორც ირკვევა, საქართველოს პროკურატურამ მოიკვლია ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო დევნის შესახებ და ხელმისაწვდომი რესურსებით ძიებისას კასატორთა მიერ მითითებული ცნობები არ დადასტურდა.
1.12. დადგენილია, რომ ი. ქ–მ 2022 წლის 24 ივნისს მიმართა საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით. თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია, მათ შორის საჯარო ხელისუფლების/ორგანოების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უნდა დადგინდეს proprio motu ადგილობრივი საემიგრაციო ორგანოს მიერ (J.K. and Others v. Sweden ([GC], §§ 91 et seq.). საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთის რესპუბლიკაში დევნის და უფლებების დარღვევის რისკები შეისწავლა და 2022 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ქ–ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
1.13. აღსანიშნავია, რომ „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“ მტკიცების სტანდარტი მოითხოვს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის შესახებ მტკიცებულებების წარდგენას. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, ECHR[GC], 73). კასატორებმა ვერ წარმოადგინეს მოვლენათა თანმიმდევრული და დამაჯერებელი ახსნა, რაც თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი ვითარების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის შემცველი იქნებოდა. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული მასალებით არ დადასტურდა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევის რუტინული პრაქტიკის არსებობა, რაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის კონკრეტული შემთხვევის განხილვისას წამების, არასათანადო მოპყრობის ან დასჯის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს გააჩენდა. კასატორებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება იმ ფაქტების დასასაბუთებლად, რაც თავადვე მიუთითეს და რომელზე წვდომაც მათ სახელმწიფოს ექსკლუზიური ჩარევის გარეშე გააჩნდათ.
1.14. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად არის მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188). სასამართლოს განმარტებით, მსგავსი გარანტიები უნდა იყოს სარწმუნო შესაბამისი გარემოებების მხედველობაში მიღებით (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188; Sultanov v. Russia, no. 15303/09, ECHR, 73). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ცალკეულ საქმეებზე მსგავსი გარანტიების სარწმუნოობის ინდიკატორებად მიჩნეულია შემდეგი გარემოებები:
(1) გარანტიები საჯაროა ან/და ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისთვის (Ryabikin v. Russia, no. 8320/04, ECHR, 119, Muminov v. Russia, no. 42502/06, ECHR, 97);
(2) გარანტიები არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი და ბუნდოვანი (Klein v. Russia, 10 no. 24268/08, ECHR, 55);
(3) გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v. The United Kingdom, no 22414/93, ECHR 105-107; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, ECHR, 344; Kordian v. Turkey , no. 6575/06, Decision, ECHR);
(4) გარანტიები გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR); Gasayev v. Spain, App no. 48514/06, Decision, ECHR);
(5) ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR). აღნიშნულს ადასტურებს, თუნდაც ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილეა;
(6) ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია და აღნიშნულ მექანიზმებთან სათანადოდ თანამშრომლობს (Koktysh v. Ukraine, no. 43707/07, ECHR, 63).
(7) ექსტრადიციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ისტორიაში მსგავსი გარანტიების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა (Al-Moayad v. Germany, no. 35865/03, decision, ECHR, 68).
1.15. დადგენილია, რომ 2022 წლის 6 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია და გარანტიები საერთაშორისო სამართლით აღიარებული ყველა ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის თაობაზე ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში. 2022 წლის 4 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მთელი დროის განმავლობაში ი. ქ–ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ი. ქ–უ არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას და მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა მის დასაცავად ნებისმიერი სახის მოპყრობისაგან, რომელიც შეიძლება გაუტოლდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ნებისმიერი განცხადება პირის მიმართ ისეთი მოპყრობის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, გამოძიებული იქნება სრულყოფილად და მიუკერძოებლად და საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად დაისჯება სისხლისსამართლებრივი წესით. ამავე გარანტიების თანახმად, ი.ქ–ს მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული ყველა უფლებით.
1.16. რაც შეეხება ი. ქ–ს მოთხოვნას მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი შეეხება ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს, რომელიც რეგულირდება 1957 წლის ,,ექსტრადიციის შესახებ ევროპულ კონვენციისა“ და ,,საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციის საკითხებზე ზემოაღნიშნული საერთაშორისო შეთანხმება ისევე, როგორც თურქეთის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის მოქმედი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მესამე სახელმწიფოსათვის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემას, გარდა ექსტრადიციის შესახებ კოლიზიური თხოვნის მიღების შემთხვევისა. კერძოდ, ,,ექსტრადიციის შესახებ ევროპულ კონვენციის“ მე-17 მუხლის თანახმად: ,,თუკი პირის გადაცემა მოითხოვება ერთზე მეტი სახელმწიფოს მიერ ერთი და იმავე ან სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის, თხოვნის მიმღები მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა გარემოების და განსაკუთრებით, დანაშაულის სერიოზულობისა და ჩადენის ადგილის, შემოსული თხოვნების შესაბამისი თარიღების, მსჯავრდებული პირის მოქალაქეობის და შემდგომში სხვა სახელმწიფოსთვის მისი გადაცემის შესაძლებლობის გათვალისწინებით“. ,,საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 41-ე მუხლების შესაბამისად, თუ მოთხოვნა გადაცემის შესახებ მიღებულ იქნა რამდენიმე სახელმწიფოსაგან, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მიიღებს შემსრულებელი მხარე. განსახილველ შემთხვევაში ი. ქ–ს ექსტრადიციის მოთხოვნა საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს მიღებული აქვს მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკიდან, ხოლო სხვა მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის საფუძველი და შესაბამისად, საერთაშორისო ან/და ინდივიდუალური სამართლებრივი ინსტრუმენტი ი. ქ–ს სხვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად არ არსებობს.
1.17. ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი გარანტია მოიცავს იმ უფლებების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომელთა დაცვისა და ხელმისაწვდომობის ვალდებულებასაც იღებს ექსტრადიციის მომთხოვნი მხარე. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომლებიც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ არის მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
1.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის დიარბაქირის სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ გამოცემულ ბრძანებებში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ქ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ–სის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე