Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№690აპ-22 ქ. თბილისი

გ-ა გ-ა, 690აპ-22 30 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენით გ. გ-ა, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენით შეიცვალა: გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 ოქტომბრიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 26 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ქ-ში, პ. ი-ის ქუჩის - ჩიხის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ. ფ-ეს ტელეფონით დაუკავშირდა ქ-ში, ა-ის ქ. №--ში მყოფი ყოფილი მეუღლე გ. გ-ა, რომელიც ყოფილ ცოლს – მ. ფ-ესა და მის ქმარს – ნ. გ-ეს დაემუქრა დანით დაზიანებითა და მოკვლით. მ. ფ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. გ-ა ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას 6 თვით და სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებასა და სასჯელის პირობითად ჩათვლას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის წესი დანაშაულის რეციდივის დროს და გ. გ-ას განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, მსჯავრდებულს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის სასჯელის შემსუბუქება თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირებისა და პირობით მსჯავრად ჩათვლის სახით.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე