საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№592აპ-22 ქ. თბილისი
კ-ი კ-რ, 592აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. კ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით (2 ეპიზოდი).
2. აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. გ-ში, დ. ა-ის ქ. №--ში, ალკოჰოლით მთვრალმა კ. კ-მა გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, იმის გამო, რომ დედამ – გ. კ-ამ არ მისცა ფულადი თანხა არყის საყიდლად, უთხრა, რომ იყო ცუდი დედა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა გულმკერდის არეში, რა დროსაც გ. კ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· ქ. გ-ში, დ. ა-ის ქ. №--ში, ალკოჰოლით მთვრალი კ. კ-ი გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, დედას – გ. კ-ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ იყო მისი მოსამსახურე და ხელით უნდა გაერეცხა მისი ტანსაცმელი, დაესუფთავებინა ოთახი, სადაც შარდავდა, გაეკეთებინა მისთვის მასაჟი, ავალდებულებდა, ეყიდა სურსათი და მისთვის მოემზადებინა საკვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რა დროსაც გ. კ-ა განიცდიდა ტანჯვას.
· 2021 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. გ-ში, დ. ა-ის ქ. №--ში, ალკოჰოლით მთვრალმა კ. კ-მა გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, იმის გამო, რომ დედამ – გ. კ-ამ ვერ დაუსხა არაყი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ორივე მკლავში მოუჭირა ხელი და აჯანჯღარა, რა დროსაც გ. კ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენით კ. კ-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი); კ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 ნოემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ასევე – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, მხარე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
8. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე კ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. ამ ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა. დაზარალებულმა გ. კ-მა განმარტა, რომ 2021 წლის 14 ნოემბერს კ. კ-მა მას ხელი ჰკრა, მაგრამ ტკივილი არ განუცდია. ამ კონფლიქტს სხვა არავინ შესწრებია. ფიზიკური ტკივილის განცდის არსებობას არ ადასტურებს არც სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნა, რომელშიც საუბარია მხოლოდ დაზარალებულის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდაზე.
9. რაც შეეხება მოწმე ნ. მ-ის ჩვენებას (რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი), იგი ირიბია და ვერ გამოდგება ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში მხოლოდ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების ამ ეპიზოდში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ბრალდების მხარის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული (2021 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი)) და დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით) გარემოებების, დაზარალებულის პოზიციის, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე