Facebook Twitter

საქმე N 330100120003901940

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№649აპ-22 13 სექტემბერი, 2022 წელი

ა-ი თ., №649აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ა–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 27 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, მ–ს მე-.. მ/რაიონის მე-.. კორპუსის მიმდებარედ არსებულ ეზოში, თ. ა–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ე. ა–ს, კერძოდ: თავის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რა დროსაც თითოეული ქმედებისას დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის განაჩენით თ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

2.3. გამართლებულ თ. ა–ს ადვოკატმა ლ. დ–მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის განაჩენი თ. ა–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 27 მაისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სანქციით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.

3.3. გამართლებულ თ. ა–ს ადვოკატმა ლ. დ–მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და თ. ა–ს მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა თ. ა–ს მხრიდან დედის - ე. ა–ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტები. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ე. ა–ს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც იგი უთითებდა ოჯახში ძალადობის ფაქტზე. საქმის არსებითი განხილვის დროს დაიკითხა გ. ხ–ა, რომელმაც პირადად ნახა დაზარალებული შემთხვევიდან დროის მცირე მონაკვეთში. მოწმის განმარტებით, ის მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა მ–ს მე-.. მ/რ, მე-.. კორპუსის მიმდებარედ, სადაც დახვდათ ქალბატონი, რომელიც გაეცნოთ ე. ა–ს სახელითა და გვარით. აღნიშნული ქალბატონი იჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, მძღოლის გვერდით, მარჯვენა წინა სავარძელზე. ქალბატონი იყო შეშინებული და განუმარტა, რომ მისი შვილი იყო ნასვამი და უნდოდა მანქანის წაყვანა. მან დაუშალა ნასვამი საჭესთან დაჯდომა, რის გამოც მოუვიდათ შელაპარაკება და შვილმა - თ. ა–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე თავის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, ხოლო აღნიშნულის შემდეგ ჩაამსხვრია მანქანის წინა კარის საქარე მინა და მარცხენა მხარეს არსებული უკანა კარის საქარე მინა. საქმეზე გამომძიებელმა ა. ფ–მა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც ნახა ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რომლის მინებიც იყო ჩამსხვრეული. მოწმის განმარტებით, ე. ა–მ მასაც უთხრა, რომ მისმა შვილმა - თ. ა–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და თავის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი. ასევე, დაიკითხა ექსპერტი თ. რ–ი, რომელმაც დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოება. მითითებული ფაქტების სისწორე ასევე დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, თ. ა–ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. პროცესზე დაიკითხა საქმის ძირითადი გამომძიებელი ი. ტ–ე, რომელმაც მიუთითა, რომ დაზარალებული ე. ა–სა გამოკითხვის დროს იყო აღელვებული და განუმარტა, რომ მისმა შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, მანვე წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და დაადასტურა ხელმოწერით. დაცვის მხარე ჯიუტად მიუთითებდა, რომ ე. ა–ს განცხადება, სადაც ის მიუთითებდა, რომ მას დაზიანება არ ჰქონდა სხეულზე, ნიშნავდა იმას, რომ არ ყოფილა ჩადენილი ძალადობა. ბრალდების მხარე კი განმარტავს, რომ 126-ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისათვის არ არის აუცილებელი რაიმე სახის დაზიანების არსებობა სხეულზე, აუცილებელია დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მათ მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისაკენ (თვითგადარჩენისაკენ) და აღნიშნულის გამოსავალს მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავენ, რაც განაპირობებს მსხვერპლის პირვანდელი ნებისა და პოზიციის რადიკალურ ცვლილებას. გარდა ამისა, დაზარალებულის განცხადება: „არ მსურს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა“ - იმთავითვე უნდა განიხილებოდეს, როგორც მსხვერპლისთვის მნიშვნელოვანი მიზეზობრივი ბარიერის არსებობა ჩვენების მიცემის საწინააღმდეგოდ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ირიბი ჩვენების პირდაპირი ჩვენების თანაბარმნიშვნელოვნად მიჩნევის ფორმალურ საფუძველს ქმნის. პროკურორის პოზიციით, განსახილველ საქმეში არსებული დაზარალებულის შეტყობინება, ასევე გამომძიებელსა და მოწმეებთან გაცხადებული ინფორმაცია, რომელიც აშკარად მიუთითებს მის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტზე, განხილულ უნდა იქნეს დამოუკიდებელ მტკიცებულებად. პროკურორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“, რომელსაც კასატორის პოზიციით ეწინააღმდეგება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ: ევროპული სასამართლოს განმარტებით, ოჯახური ძალადობა არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან. ხსენებულ საქმეში სასამართლომ თურქეთის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი, დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, დროულად აემოქმედებინა ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, რის გამოც ვერ მოხდა მსხვერპლი ქალის სიცოცხლის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის/მტკიცებულებების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს ასევე უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 განაჩენსაც, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა აპრიორი არ ნიშნავს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაზარალებულის მზაობა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, რა დროსაც სასამართლოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარდგენილ ბრალდებაში თ. ა–ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).

5.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.7. ბრალდების მხარე თ. ა–ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ შეიცავს ფაქტების დასადგენად საკმარის, რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას. სააპელაციო პალატამ სათანადოდ შეაფასა თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობა და დაასაბუთა ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ე. ა–მ ისარგებლა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას მის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემულმა ინფორმაციამ დადასტურება ვერ ჰპოვა. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში აღნიშნულ დანაშაულის შესახებ შეტყობინების ბარათს, მასში ასახული ცნობა ოჯახური ძალადობის შესახებ იმდენად ზოგადი და მწირია, რომ შეუძლებელია ბრალდების ფორმულირებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მისი მისადაგება და ობიექტური შემადგენლობის, ქმედების ნიშნების დადგენა: თუ ვინ არის მოძალადე და მსხვერპლი ან რა ფორმით არის გამოხატული ძალადობა. პროკურორის მიერ მითითებული გამომძიებლების ჩვენებები ადასტურებენ საპროცესო მოქმედებათა მიმდინარეობის კანონის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო ძალადობის ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ნიშნის დასადგენად მათი შინაარსი არაინფორმაციულია. ასევე, ის გარემოება, რომ გამოკითხვისას დაზარალებული აღელვებული იყო და ასახელებდა ძალადობის კონკრეტულ გარემოებებს, ვერ იქნება განხილული საქმისათვის უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებად, რადგან გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია მტკიცებულებით ძალას სასამართლოში ჩვენების მიცემის ან კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების შემთხვევაში მოიპოვებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანება უშუალოდ ე. ა–თვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან მიმართებით არარელევანტური მტკიცებულებებია. ავტომანქანის დაზიანებისა და ბრალდებულის სხეულის დაზიანების ფაქტები არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ უკავშირდება თ. ა–ს მიმართ წარდგენილ ოჯახური ძალადობის ბრალდებას. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რაც ცალსახად დაადასტურებდა თ. ა–ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.9. ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების შესრულება მოითხოვს გამოძიების ორგანოს მხრიდან უტყუარი და რელევანტური სამხილების მოპოვებასა და სასამართლოში ისეთი ერთი პირდაპირი მტკიცებულების წარდგენას მაინც, რაც არსებითად არ იქნება დამოკიდებული და გამომდინარე დაზარალებულის ჩვენებისგან. რადგან სასამართლო არ წარმოადგენს გამოძიების ორგანოს და საქმის შედეგი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სწორედ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა ხარისხი და მნიშვნელობაც განსაზღვრავს, თუ რამდენად დაძლევს მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს ბრალდებულის უდანაშაულობის მიმართ. შესაბამისად, მტკიცებულებათა წარუდგენლობა არ უნდა ქმნიდეს ბარიერს მართლმსაჯულებისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს ოჯახურ დანაშაულთა აღმოფხვრისათვის სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება, ხოლო მტკიცებულებათა არარსებობა ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძველია.

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული კონკრეტული საქმის გარემოებები არ არის რელევანტური განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რამდენადაც ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ბრალეულობის დამადასტურებელი ვერცერთი პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულების წარმოდგენა. ოჯახურ დანაშაულში ბრალდება თავისთავად არ ამართლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მტკიცების საკანონმდებლო სტანდარტის უგულებელყოფას, რამდენადაც სახელმწიფოს ეკისრება უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების ნეგატიური ვალდებულება. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

შალვა თადუმაძე