საქმე N 330100121004784895
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№744აპ-22 13 სექტემბერი, 2022 წელი
ა–ე დ., 744აპ-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატ გ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დ. ა–ე (პირადი ნომერი .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შსს სსდ საქართველოს ........ პოლიციის სპეციალური დანიშნულების ......ს მთავარი სამმართველოს ტექნიკური მომსახურების ცენტრის (სამსახური) საფრენი აპარატების ტექნიკური ექსპლუატაციის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა (უფროსი ტექნიკოსი), ს/პ უფროსმა ლეიტენანტმა დ. ა–მ 2021 წლის აპრილში ნაცნობის - თ. ქ–ს მეშვეობით შეიტყო, რომ მისი მეგობარი მ. ბ–ი 2021 წლის 12 იანვარს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე და იმყოფებოდა პატიმრობაში. დ. ა–ემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, თ. ქ–სის შუამავლობით, ქ. რ–ში, მ–ს მე-.. გასასვლელის, მე-.. კორპუსის ბინა N..-ში, შეხვდა მ. ბ–იის მშობლებს - ე. ბ–სა და რ. მ–ს. დ. ა–ე მათ გაეცნო, როგორც ,,უშიშროების თანამშრომელი“ და დაჰპირდა, რომ 20000 აშშ დოლარის მისთვის გადახდის სანაცვლოდ, მ. ბ–ის გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას ბრალდებულისათვის სასურველი პირობებით, საიდანაც თანხის ნაწილის - 5000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა წინასწარ. 2021 წლის 27 მაისს დ. ა–მ ე. ბ–ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში მოტყუებით გამოართვა 5000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, იმავე დღეს დააკავეს საქართველოს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ხოლო ხსენებული თანხა ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.
1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატმა გ. ნ–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ა–ს ადვოკატ გ. ნ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. 2022 წლის 6 ივლისს მსჯავრდებულ დ. ა–სის ადვოკატმა გ. ნ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, მოითხოვა განაჩენის გაუქმება და დ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კონკრეტული მოწმეების (ე. და მ. ბ–ების, რ. მ–ს, თ. ქ–ს, ლ. ღ–ს, ა. მ–ს, ი. გ–ს, კ. ვ–ს და სხვების) საქალაქო სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც სასამართლომ სრულიად არაადეკვატურად შეაფასა, როგორც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის ვერსია, რომ დ. ა–ე ადვოკატ კ. ვ–ს მეშვეობით ცდილობდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში ლეგიტიმურად დახმარებოდა ბრალდებულ მ. ბ–ის. სასამართლო პალატამ დაცვის მხარის პოზიცია მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განცხადებად და პასუხისმგებლობის არიდების მცდელობად მიიჩნია, რადგან თითქოს ის არ დასტურდება არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულებით. პალატამ სრულიად არაობიექტურად შეაფასა მოწმე კ. ვ–სის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ მ. ბ–ის დასახმარებლად ადვოკატის სტატუსით სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შემთხვევაში ის ჰონორარის სახით ითხოვდა 5000 აშშ დოლარს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ. ბ–ის საქმეზე კ. ვ–ს არც საშვი გამოუწერია და არც დ. ა–სისთვის მიუცია გარანტია. ადვოკატის პოზიციით, განაჩენი გვერდს ვერ უვლის იმ მნიშვნელოვან ფაქტებს, რომ დ. ა–სა და ადვოკატ კ. ვ–ს შორის ამ თემაზე ნამდვილად იყო საუბრი და დ. ა–სემ ისიც კი უთხრა კ. ვ–ს, რომ მ. ბ–ის ოჯახი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში თანახმა იყო ჯარიმის სახით 70000 აშშ დოლარი გადაეხადა. კ. ვ–მა მას აუხსნა, რომ მილიონის გადახდის შემთხვევაშიც კი ვერ მოხერხდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნარკოტიკის გასაღების მუხლზე, რადგან ასეთი მუხლით ბრალდების შემთხთვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელი წინაპირობაა ნარკოტიკის წყაროს დასახელების გზით გამოძიებასთან თანამშრომლობა. ასეთი თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნაში ჩართვისთვის ითხოვდა კ. ვ–ი თანხას, ხოლო დ. ა–ს მიერ ბ–ების ოჯახისათვის მოთხოვნილი და გამორთმეული 5000 აშშ დოლარი სწორედ ის თანხა იყო, რომლის მიღების შემთხვევაშიც ადვოკატი ვ–ი ჩაერთვებოდა მ. ბ–ის დაცვის საქმეში. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტებს არ უარყოფს სააპელაციო სასამართლოც, თუმცა მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე ასკვნის, რომ დ. ა–ე ატყუებდა ბ–ების ოჯახს და ცდილობდა, გამორთმეული თანხა მიეთვისებინა. პალატას რომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეეფასებინა მტკიცებულებები, აუცილებლად აღნიშნავდა, რომ თაღლითი და სხვისი თანხის მოტყუების გზით მიმთვისებელი პირი არც საბანკო ანგარიშზე შესთავაზებდა ბ–ებს თანხის გადარიცხვას და არც ამ თანხის უკან დაბრუნებას დაჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ შეპირებული საპროცესო შეთანხმების გაფორმება ვერ მოხერხდებოდა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ამასთან, დ. ა–ს მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად შეისწავლა, რის გამოც არ საჭიროებს დამატებით განმეორებას. საჩივრის ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მხოლოდ კვალიფიკაციისათვის საკვანძო სადავო ასპექტებს.
4.2. ის გარემოებები, რომ დ. ა–სე თ. ქ–სის მეშვეობით ნამდვილად დაუკავშირდა მ. ბ–ისა და მის მშობლებს - ე. ბ–სა და რ. მ–ს და დაჰპირდა მათ მ. ბ–ს ციხიდან გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც ითხოვდა თავდაპირველად 5000 აშშ დოლარს, ხოლო შემდგომში - 15000 აშშ დოლარს, მხარეთა შორის სადავო არ არის და გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაცვის მხარისათვის სადავოა მტკიცებულებათა შეფასება და მათგან გამომდინარე ფაქტების ინტერპრეტაცია. დაცვის პოზიცია ძირითადად ეფუძნება სისხლის სამართლის დანაშაულის გამორიცხვას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დ. ა–სა და დაზარალებულს შორის არსებობდა კანონიერი მოლაპარაკება მ. ბ–იის საპატიმრო დაწესებულებიდან გასათავისუფლებლად საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხებზე. წარდგენილი ბრალდების ფორმულირების თანახმად, თაღლითობის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი - ქმედება სწორედ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირებას შეეხება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ დ. ა–ე რეალურად მიზნად არ ისახავდა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების წარმართვას და არც ასეთი მოლაპარაკების ლეგიტიმური შესაძლებლობა გააჩნდა. დაცვის მხარის ვერსიისგან საწინააღმდეგო მოცემულობას მიუთითებს შემდეგი მტკიცებულებები:
4.3. დაზარალებულ ე. ბ–ს ჩვენების თანახმად, მას დ. ა–ე ჰპირდებოდა, რომ 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ 11 თვეში გაათავისუფლებდა მ. ბ–ს; ასევე, უცხადებდა, რომ მალევე უნდა მომხდარიყო საქმის დაწყება, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ უნდა დაკითხულიყვნენ პოლიციის თანამშრომლები, წინააღმდეგ შემთხვევაში „გაჭირდებოდა საქმის გაკეთება“. შემდეგ დღეებში დ. ა–მ ე. ბ–ს საქმის დასაწყებად მოსთხოვა თავდაპირველად 5000 აშშ დოლარის, ხოლო საქმის დასრულების, კერძოდ, განაჩენის გამოტანის შემდეგ - 15000 აშშ დოლარის გადახდა. მოწმე რ. მ–ის განმარტებით, დ. ა–ს მას და ე. ბ–ს ჰპირდებოდა, რომ 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მალე გაათავისუფლებდა მ. ბ–ს. ასევე, მოუწოდებდა, რომ ადვოკატებთან შეეწყვიტათ ხელშეკრულება, ვინაიდან ისინი არაფრის გამკეთებლები იყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ თ. ქ–მ დ. ა–ს სიტყვები გადასცა მათ, რომ სასამართლოში თუ დაიკითხებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, ის ვერ შეძლებდა საქმის გაკეთებას, ,,გაიხიშტებოდა“. ვინაიდან რ. მ–ს და მის მეუღლეს არ გააჩნდათ ფულადი თანხა, დრო გადიოდა და დ. ა–სთან შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. ამ პერიოდში მ. ბ–ს საქმეზე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა მიუხედავად ამისა, დ. ა–ე მაინც აცხადებდა, რომ 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მალე გაათავისუფლებდა მ. ბ–ის. მოწმე თ. ქ–მ განმარტა, რომ დ. ა–მ ე. ბ–ს საქმის დაწყებისთვის მოსთხოვა 5000 აშშ დოლარი, რაც მის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ კი - 15000 აშშ დოლარი, რაც ნოტარიული წესით გაფორმდებოდა. ე. ბ–ს კითხვებზე, თუ ვინ დაეხმარებოდა დ. ა–ს მ. ბ–იის გათავისუფლებაში, დ. ა–სე არ ასახელებდა ზუსტ სახელს და გვარს, ამბობდა, რომ არსებობდნენ გარკვეული პირები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში დაეხმარებოდნენ. ვინაიდან ე. ბ–ი თანხას არ აძლევდა დ. ა–ს, სთხოვდა თავი დაენებებინა აღნიშნული საქმისთვის, მაგრამ თავად დ. ა–სე აცხადებდა, რომ გარკვეული პირები ნახა, შეუთანხმდა და ,,სირცხვილი“ იყო მათზე უარის თქმა. მოწმე მ. ბ–მა განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრისას თ. ქ–სემ უთხრა, რომ კანონიერად გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში იოლად თავისუფლდებოდნენ პატიმრები, ამიტომ დააკავშირა დ. ა–სესთან, რომელიც მათ პირდებოდა 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ციხიდან მალე გათავისუფლებას. მოწმე ლ. ღ–მ განმარტა, რომ ის დ. ა–ს გაჰყვა რ–ში თ. ქ–სთან შესახვედრად, რა დროსაც მივიდნენ ერთ-ერთ სახლში, სადაც შეიტყო, რომ ცოლ-ქმარს ჰყავდათ შვილი, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო დაკავებული და სურდათ დახმარება, რომ მალე გათავისუფლებულიყო საპატიმროდან. საუბარი ასევე შეეხებოდა, პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის გადახდას. ლ. ღ–მ აღნიშნა, რომ დ. ა–ს სურდა ნაცნობობით, გარკვეული პირების ჩარევით გაეთავისუფლებინა დაკავებული. მოწმე კ. ვ–მა განაცხადა, რომ 2021 წლის აპრილის დასაწყისში ქუჩაში შემთხვევით შეხვდა თავისი ნაცნობი დ. ა–ე და უთხრა, რომ მისი ახლობლის „დაქალი“ დააკავეს მეუღლესთან ერთად და თუ შეძლებდა დახმარებას. ოჯახი თანხმა იყო 70000 ლარი ჯარიმა გადაეხადათ. რამდენიმე დღეში დ. ა–მ გადაუგზავნა ბრალის დადგენილება, რაც შეეხებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენას და ნარკორეალიზაციის რთულ სქემას. ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა იყო თანამშრომლობა, რომ მიღწეულიყო საპროცესო შეთანხმება. აღნიშნულ საქმიანობაში კ. ვ–მა მოითხოვა 5000 აშშ დოლარი. ანალოგიურ საქმეებზე კ. ვ–სი დ. ა–ის ახლობელს უწევდა კონსულტაციას. მ. ბ–ის საქმეზე მას არაფერში არ მიუღია მონაწილეობა, არც ორდერი გამოუწერია, კ. ვ–ს არაფერზე არ მიუცია გარანტია დ. ა–სთვის, მას არც წელიწად-ნახევარი, არც ორი წელი და არანაირი ვადა არ უხსენებია საპროცესო შეთანხმების მისაღწევად. 20000 აშშ დოლარი მას არ უხსენებია დ. ა–სესთან.
4.4. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, სადავო საკითხის ირგვლივ მნიშვნელოვან ინფორმაციებს შეიცავს მოწმე თ. ქ–სგან ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან, აპლიკაცია ,,whatsapp“-ში თ. ქ–სესა და დ. ა–სის მიმოწერა, კერძოდ: დ. ა–ე მიმოწერაში აღნიშნავს: ,,მაგ გოგოს გარშემო დავალაგე, გავარკვიე. გადაეცი თუ აწყობთ 2 წელი. გამოსვლით 14 თვეში გამოვა. აქედან 3 უკვე გასულია ანუ დარჩა 11 თვე. 5$ ახლა გადაიხდიან. 15$ გადაიხდიან განაჩენი რო დადგება, სადღაც 3 თვეში. ანუ გამოუდით, სულ 20. 5 ეხლა 15 სამ თვეში“. 2021 წლის 15 აპრილს დ. ა–ე წერს თ. ქ–სეს: ,,5 თუ აქვს მაგის ღირებულებისას გავუკეთებ და შედეგიც შესაბამისი იქნება. მისჯილის მესამედს მოვუხსნი“; 2021 წლის 18 მაისს დ. ა–სე წერს თ. ქ–ს: ,, საქმეს დავძრავ ან რაში აინტერესებს რას ვიზავ, ბარემ მოვუყვები არ უნდა, სად მიმაქ და ვისთან. ვეუბნები გაუკეთებ და როგორ ეგ უკვე მაგის საქმე აღარაა“. 2021 წლის 24 მაისს დ. ა–სე თ. ქ–ს წერს: ,,მე უკვე შერცხვენილად ვარ თ–ი, გუშინწინვე მივედი ამასთან საქმე დავაწყებინე, ეს ჩეპეა, აქ არ უნდა გავიხიშტო, შემდგომში მე ეს ხალხი მჭირდება და ვტოვებ არასერიოზულ შთაბეჭდილებას...ეს სხვა ხალხია თ–ი...ესენი მე თავზე ხელს არ გადამისმევენ“. 2021 წლის 27 მაისს თ. ქ–სის შეკითხვაზე ,,დარიცხა თუ არა“ დ. ა–ე პასუხობს: ,,არა არც დაურეკია და მე კიდე ამ კაცთან ვარ და ვზივარ და ვუცდი“.
4.5. სააპელაციო პალატამ სრულყოფილად შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ დ. ა–სე მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას - 5000 აშშ დოლარს და აღნიშნული თანხის ადვოკატისათვის გადაცემის მიზანი არ გააჩნდა. მოწმეთა ზემოაღნიშნული ჩვენებები ცხადყოფს, რომ დ. ა–სა და მ. ბ–ის ოჯახს შორის მიმდინარე საუბრები შეეხებოდა მ. ბ–იის ციხიდან დახსნის სხვადასხვა გზას, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებული დეტალებს არ აკონკრეტებდა, ასახელებდა დაუდგენელ პირებს, საუბრობდა 11 თვეში გათავისუფლებაზე, უკვე მისჯილის მესამედის მოხსნაზე და ჯამურად გადასაცემ 20000 აშშ დოლარზე. დაცვის მხარის ვერსია, რომ თავდაპირველად მოთხოვნილი 5000 აშშ დოლარი ადვოკატის ჰონორარს წარმოადგენდა, ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან მოწმე კ. ვ–სთან დ. ა–სის საუბარი, მოწმის ჩვენების თანახმად, შედგა იმაზე გვიან, ვიდრე დ. ა–სე მ. ბ–ს ოჯახს პირველ ჯერზე 5000-ს, ხოლო ჯამურად - 20000 აშშ დოლარს მოსთხოვდა. ამასთან, საფუძველს მოკლებულია იმის ვარაუდი, რომ გადაცემული 5000 აშშ დოლარი ადვოკატის მომსახურების თანხას წარმოადგენდა, ვინაიდან ადვოკატ კ. ვ–სა და მ. ბ–ის ან მისი ოჯახის წევრებს შორის არ არსებობდა საადვოკატო მომსახურების შესახებ შეთანხმება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოწმე კ. ვ–ი, მართალია, ადასტურებს 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მ. ბ–ის საქმეში სამომავლო ჩართვის მზაობას, მაგრამ დ. ა–მ ისე გამოართვა თანხა დაზარალებულს, რომ კ. ვ–ს ამ ფაქტის შესახებ არ სცოდნია. ამასთან, კ. ვ–ი ადასტურებს, რომ არც გათავისუფლების გარანტიის, არც კონკრეტული ვადისა და არც 20000 აშშ დოლარის შესახებ დ. ა–სთან მას საუბარი არ ჰქონია. თ. ქ–სთან დ. ა–ს მიმოწერის შინაარსი მოწმობს, რომ დ. ა–ე ასახელებდა მ. ბ–ის საპატიმროდან გათავისუფლების სხვადასხვა ვერსიას, ამასთან არცერთი იყო კონკრეტული და რეალური, ასევე არ საუბრობდა ადვოკატთან შეთანმების თაობაზე. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება იმის დასტურად, რომ დ. ა–ე რაიმე გზით შეეცადა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებას, საიდანაც მისთვის შესაძლოა, ცნობილი გამხდარიყო საპროცესო შეთანხმების პირობები: 20000 ან 70000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის და 11 თვეში გათავისუფლების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ დ. ა–ს მიერ გამართული მოლაპარაკება თანხის გადაცემის სანაცვლოდ მ. ბ–ს ციხიდან დახსნის საკითხზე, მხოლოდ მოჩვენებითად ისახავდა მიზნად საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხის დასაუფლებლად გამოყენებულ მოტყუების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენდა.
4.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატის მოტივებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
4.7. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ა–სის ადვოკატ გ. ნ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე