Facebook Twitter

საქმე N 190100121004307221

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №625აპ-22 15 სექტემბერი, 2022 წელი

ა–ი ბ., 625აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ა–ს ადვოკატ კ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით ბ. ა–ი (პირადი ნომერი ............) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული (თ/ა 1 წელი და 6 თვე) და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თ/ა 5 თვე და 5 დღე) და საბოლოოდ ბ. ა–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ა–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 27 დეკემბერს, 03:30 საათიდან 04:30 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ რ–ში, მე-.. მ/რ-ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ს–ს“ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და მაღაზიის გამყიდველს თავს დაესხნენ გ. კ–ი და 2018 წლის 3 სექტემბრისა და 2019 წლის 28 ნოებრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი ბ. ა–ი. მაღაზიაში შესვლისთანავე ბ. ა–მა გამყიდველ ი. კ–ს რამდენჯერმე მოუწოდა გაეღო სალარო, ხოლო მისი გაღების შემდეგ მოსთხოვა ფულის გადაცემა. ი. კ–მ ბ. ა–ს მოთხოვნა არ შეასრულა, რა დროსაც სალაროსთან მისულმა გ. კ–მა ი. კ–ს დანის დემონსტრირებით მოსთხოვა სალაროდან ფულის ამოღება. აღნიშნული კონკლუდენტური მოქმედებით გ. კ–ი დაემუქრა მას, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მიადგებოდა ზიანი. ი. კ–მ მუქარა აღიქვა რეალურ და იმწუთიერ საფრთხედ, რის გამოც ბ. ა–სა და გ. კ–სათვის სალაროდან ფულის მართლსაწინააღდმეგო მისაკუთრების პროცესში ხელი არ შეუშლია. ბ. ა–სის და გ. კ–ს ქმედებით ი. კ–ს მიადგა მორალური ზიანი, ხოლო შპს ,,ს–ს“ - 657 ლარის მატერიალური ზიანი.

1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. კ–მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ა–ს ადვოკატ კ. კ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. მსჯავრდებულ ბ. ა–ს ადვოკატმა კ. კ–მ სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემცირება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბ. ა–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ზომა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ა–მა დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული და გულწრფელად მოინანია. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ ეტაპამდე დაცვის მხარესა და პროკურორს შორის ვერ შედგა საპროცესო შეთანხმება, თუმცა საკასაციო საჩივრის წარდგენის მომენტისათვის კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და შემსუბუქდეს ბ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელი.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის განაჩენის უკანონობას და გასაჩივრების მოტივად მიუთითებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის მიცემას.

4.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლი ადგენს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და სასამართლოს ვალდებულებას, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში მსჯავდებული ბ. ა–ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.4. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი ადგენს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის წინაპირობას, კერძოდ: „სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.“ აღსანიშნავია, რომ მხარეები თავად წარმართავენ მოლაპარაკების პროცესს და განსაზღვრავენ საპროცესო შეთანხმების პირობებს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქმის არსებითი განხილვისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპებზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება ვერ შედგა, ხოლო სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას საპროცესო შეთანხმების გარეშე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი დაედგინა.

4.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა ამომწურავად ჩამოთვლის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს, ხოლო კასატორი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რომელი საფუძვლით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას/ცვლილებას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობის თაობაზე, ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი არ არის საპროცესო შეთანხმება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კასატორმა ვერ დაასაბუთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთი წინაპირობა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმე საჩივრის ფარგლებში კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ა–სის ადვოკატ კ. კ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: შალვა თადუმაძე

ლევან თევზაძე