საქმე N 140100120003758258
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №804აპ-22 16 სექტემბერი, 2022 წელი
ბ–ი ი., №804აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ბ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 14 მაისს, საღამოს, გ–ს რაიონის სოფელ ........ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ი. ბ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმას - გ. ბ–სს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ი. ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 1 ივლისს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენის გაუქმება, ი. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ი. ბ–ს ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 14 მაისს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა გ–ს რაიონის სოფელ .......ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმა, ი. ბ–იი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიმართ მუქარის ფაქტი ასევე დასტურდება მოწმეების - ზ. ბ–სა და ნ. ბ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით.
4.2. კასატორი ასევე უთითებს: მართალია, დაცვის მხარის მოწმეები აცხადებენ, რომ დაზუსტებით იციან, რომ ი. ბ–ი არ დამუქრებია გ. ბ–ს, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ ასახელებს თარიღს და უთითებენ მაისის თვეს, დღეს, როდესაც პოლიცია მივიდა ბ–ების საცხოვრებელ სახლში და განმარტავენ, რომ კონფლიქტური სიტუაციის გამო, მათთან ხშირად მიდიოდა პოლიცია. შესაბამისად, მათი დაკითხვით ვერ დადასტურდა, კონკრეტულად რომელ დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდნენ ისინი. ამასთან, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს შორის არსებობს მრავალი შეუსაბამობა, კერძოდ: მოწმე გ. ჩ–ე უთითებდა, რომ მაისში, საღამოს საათებში, მასთან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ფხიზელი ი. ბ–ი, რომელიც სახლში წავიდა 19:45 საათზე. მოწმე მ. ჩ–მ კი განმარტა, რომ ი. ბ–იი დაახლოებით 18:00 საათზე იმყოფებოდა მის სახლში, რა დროსაც დალია ორი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:00 საათზე თავისი ავტომანქანით წავიდა სახლში. ასევე, შეუსაბამობებია მოწმეების - მ. ბ–სა და მ. ბ–ს ჩვენებებშიც, რადგან თავიდან ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ მუქარას ადგილი არ ჰქონია, რადგან მთელი დღე იმყოფებოდა სახლის ეზოში, თუმცა შემდეგ ორივე მოწმემ განმარტა, რომ რამდენიმე ხნით გავიდნენ სახლიდან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ბ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ გ. ბ–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 14 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლესთან, ნ. ბ–სა და უფროს შვილთან, ზ. ბ–თან ერთად იმყოფებოდა სახლის ეზოში. ამ დროს მანქანით მივიდა ნასვამი ი. ბ–იი, რომელთანაც სახლთან დაკავშირებით ჰქონდა სამოქალაქო დავა, რაც სასამართლომ გადაწყვიტა მის სასარგებლოდ. ი. ბ–მა დაუწყო გინება და დაემუქრა ყელის გამოჭრით, რადგან მან თითქოსდა აღნიშნული დავა მოიგო არამართლზომიერი ჩარევით. ი. ბ–ი იყო აგრესიული, რის გამოც შეეშინდა მუქარის და დარეკა პოლიციაში. ი–ი მას წარსულშიც დამუქრებია ყელის გამოჭრითა და სახლის დაწვით, მაგრამ პოლიციაში არ განუცხადებია. ამჯერად იმიტომ განაცხადა, რომ ი–მი იყო ძალიან აგრესიული და მთვრალი. ის და ი. ბ–ი ცხოვრობენ ერთ სახლში და აქვთ ცალ-ცალკე შესასვლელი. გინების ხმაზე იგი მეუღლესა და შვილთან ერთად გამოვიდა სახლიდან და თავის შესასვლელთან მდგომ ი–მს ჰკითხა, რატომ იგინებოდა, რა დროსაც ეს უკანასკნელი სამივეს დაემუქრა. ამ დროს ი–ს ხელში არაფერი ეჭირა.
5.4. მოწმე ნ. ბ-მა კი განმარტა, რომ 2020 წლის 14 მაისს მეუღლესთან, გ. ბ–სსა და შვილთან, ზ. ბ–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მივიდა მთვრალი ი. ბ–იი, რომელიც არის მისი მაზლი და ,,აბღუილებდა“ მანქანას. მას შემდეგ, რაც სასამართლოში მოიგეს სახლთან დაკავშირებული დავა, ი. ბ–ი მათ მიმართ გახდა უფრო აგრესიული, რის გამოც მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი. ი. ბ–იი აგინებდა ეზოში მყოფ ძმას, გ. ბ–სს და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. თვითონ და ზ. ბ–იი კი იყვნენ ზემოთ და ყველაფერი ესმოდათ. მოწმის განმარტებით, მისმა მეუღლემ მუქარა აღიქვა რეალურად - ,,საშინელი ფერი დაედო და ძალიან შეწუხდა“. ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში, შემდეგ კი მივიდნენ განყოფილებაში. მოწმემ გამოძიებაში მითითებულ განმარტებასთან დაკავაშირებით - ,,ეზოში იმყოფებოდა მეუღლესა და შვილთან ერთად, რა დროსაც ეზოში შევიდა მთვრალი ი. ბ–იი“ - აღნიშნა, რომ იმყოფებოდა სახლში და როდესაც მანქანა ,,ბღუილით“ შევიდა, მაშინ ჩამოვიდა ეზოში, მუქარისა და შეურაცხყოფის დროს იგი იმყოფებოდა ეზოში. სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენების თანახმად, მოწმე გამოძიების ეტაპზე განმარტავს - ,,ი. ბ–იი არც მე და არც ჩემს შვილს არ დაგვმუქრებია და არანაირი სახის შეურაცხყოფა ჩვენთვის არ მოუყენებია. ის მხოლოდ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ჩემს მეუღლეს. აღნიშნულ ფაქტს შევესწარით მე და ჩემი შვილი - ზ. ბ–ი. იმ დროისათვის ჩვენი საცხოვრებელი სახლის ეზოში სხვა არავინ იმყოფებოდა. წარსულში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეუღლეს და ი. ბ–ის აქვთ უთანხმოება, ი. ბ–ი ჩემს მეუღლეს დღევანდელ დღემდე არ დამუქრებია და მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ. ბ–სი ნასამართლევია ი. ბ–სათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო.
5.5. მოწმე ზ. ბ–იმა განმარტა, რომ 2020 წლის 14 მაისს, საღამოს, მშობლებთან - გ. და ნ. ბ–ებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 19-20 საათზე ეზოში მანქანით შევიდა მთვრალი ი. ბ–იი, რომელიც ეზოში მყოფ გ. ბ–ს აყენებდა შეურაცხყოფას. ხმაურზე ისინიც ჩავიდნენ ეზოში. ი. ბ–ი იწვევდა გ. ბ–ს, რომელსაც აგინებდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გ. ბ–ს ი–თვის ხმა არ გაუცია, შეშინებული შევიდა სახლში. ამის შემდეგ ნ. ბ–მა დარეკა პოლიციაში, შემდეგ კი სამივე წავიდა ტყვიავის პოლიციაში.
5.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2020 წლის 15 მაისს გ. ბ–მა
მიუთითა საცხოვრებელი სახლის ეზოზე და განმარტა, რომ 2020 წლის 14 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლისა და შვილის თანდასწრებით ძმამ, ი. ბ–მა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა. მიუხედავად იმისა, რომ ი. ბ–ის ხელში იარაღი ან რაიმე საგანი არ ეჭირა, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რადგან ი. ბ–ი იყო ძალზე აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს გ–ს რაიონის სოფელ ..........ში მდებარე გ. ბ–ს საცხოვრებელი სახლი. გ. ბ–სის განმარტებით, 2020 წლის 14 მაისს საცხოვრებელი სახლის ეზოში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ყელის გამოჭრით დაემუქრა ძმა, ი. ბ–იი.
5.8. ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 15 მაისს, 00:10 საათზე,
ბრალდებულის სახით დააკავეს ი. ბ–ი, რომელსაც შემოწმებისას დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე, 2,110 პრომილე.
5.9. მოწმე მ. ჩ–მ განმარტა, რომ გ. და ი. ბ–ები არიან მისი მეზობლები და ცხოვრობენ დაახლოებით 10-20 მეტრში. მაისის შუა რიცხვებში, ზუსტი დრო არ ახსოვს, დაახლოებით 14:00 საათზე, ი. ბ–იი მივიდა მასთან ბაღის შეწამვლაში დასახმარებლად. დაახლოებით 18:00 საათზე მათ დაამთავრეს სამუშაო და ივახშმეს, დალიეს ორი ჭიქა ღვინო, მესამე ჭიქაზე კი ი–მმა უთხრა უარი, რადგან გაფრთხილებული იყო, რომ ეზოში ნასვამი არ უნდა მისულიყო. დაახლოებით 19:00 საათზე, ი–ი მანქანით წავიდა მისი სახლიდან. თვითონ კი მეზობლად მცხოვრებ ძმასთან გავიდა, სადაც დახვდა დაახლოებით 5-6 მეზობელი, მათ შორის - ი. ბ–ც. დაახლოებით 15 წუთში, მანქანით მივიდა ი–ს ძმაც, რომელიც მანქანის სიგნალით ითხოვდა მათ შესასვლელთან გაჩერებული ი–მის მანქანის გაწევას. ი–მი გავიდა, რა დროსაც გ. ბ–სის რძალმა გააღო ეზოს კარი. ი–მა მანქანა შეიყვანა ეზოში, შემდეგ გადავიდა მანქანიდან და ავიდა მაღლა. ი–მის ოთახის შესასვლელი მისგან დაახლოებით 15 მეტრის მანძილზეა. მისი ღობიდან ი. ბ–ს სახლის კიბე კი სულ რაღაც სამ მეტრში მდებარეობს. მაშინ ღობე მავთულის ბადით ჰქონდათ შემოღობილი და ყველაფერი ჩანდა. ხუთი წუთის შემდეგ, ი–მი ისევ გამოვიდა და წავიდა ფეხით. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ მივიდა ,,პიკაპი“, საიდანაც გადმოვიდნენ პოლიციელები, მათ შორის - მისი ნაცნობი, ა. ბ–ე. ისინი პირდაპირ ი–მის კიბეზე ავიდნენ და კარზე დაუკაკუნეს. მან პოლიციელებს უთხრა, რომ ი–მი სახლში არ იყო, ამასთან, დაურეკა ამ უკანასკნელს და უთხრა, რომ პოლიცია ეძებდა, რაზეც ი–მა უპასუხა, რომ იმყოფებოდა გ. ჩ–სთან და მივიდოდა. პოლიციელები მივიდნენ ი–მის ძმასთან, მ–თან, გაესაუბრნენ მას და მის მეუღლეს და მალევე წავიდნენ. ი–ც მალევე მივიდა, დილით კი გაიგო, რომ ი–მი დაუკავებიათ. მოწმის განმარტებით, ი–სა და გ–ს შორის კონფლიქტი რომ მომხდარიყო, აუცილებლად გაიგებდა, რადგან მათი სახლები ისეთ მანძილზეა, დაჩურჩულებაც კი ისმის, მითუფრო მავთულის ღობე ჰყოფდათ.
5.10. მოწმე გ. ჩ–მ განმარტა, რომ გ. და ი. ბ–ები არიან მისი ნათესავები. ი. ბ–ის ავტომანქანა მიყვანილი ჰყავდა მისი ძმის სახელოსნოში, სადაც დაჰყო დაახლოებით ორი საათი, რა დროსაც იყო ფხიზელი. დაახლოებით 17:55 საათზე ი. ბ–ის დაურეკეს და უთხრეს, რომ ეძებდა პოლიცია, რის შემდეგაც წავიდა.
5.11. მოწმე მ. ბ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ი–მ და გ. ბ–ები არიან მისი ძმები. 2020 წლის 14 მაისს მთელი დღე იმყოფებოდა სახლში. დაახლოებთ 19:00 საათზე ის და მისი მეუღლე 10-15 წუთით გავიდნენ ახლობელთან. როდესაც მოდიოდნენ, მეზობელთან დაინახა ი. ბ–ი, რომელიც ნ. ჩ-ეს ესაუბრებოდა. მან ი–მი სახლში დაპატიჟა და ისიც გაჰყვა. ი–მა სათვალე მოისაკლისა და უთხრა, რომ მანქანა ჰყავდა საამქროში მიყვანილი, შეიძლება იქ დარჩა და გავიდა. იგი ძმებთან იმდენად ახლოს ცხოვრობს, რომ ხმამაღალი საუბარიც კარგად ესმის. მათ მავთულის ღობე ჰყოფთ და ყველაფერი ჩანს. ძმებს შორის კამათი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გაიგებდა. მან მხოლოდ მანქანის სიგნალის ხმა გაიგო. სახლში ყოფნისას ხმაურს ვერ გაიგებდა.
5.12. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე მ. ბ–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მათი სახლიდან ი. ბ–იის წასვლიდან 10-15 წუთში მივიდა პოლიცია და იკითხეს ი. ბ–ი. მათ პოლიციელმა უთხრა, რომ გ. ბ–ი ცოლ-შვილით მისული იყო პოლიციაში და დაწერა საჩივარი. მას გაუკვირდა, რადგან ჩხუბის ხმა არ გაუგია. დილით გაიგეს, რომ ი–მი დაუკავებიათ. ჩხუბი რომ მომხდარიყო სახლშიც და ეზოშიც, აუცილებლად გაიგებდა.
5.13. ი. ბ–იმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ რამდენიმე წლის წინ მას ძმამ და რძალმა მოსთხოვეს, სახლი დაეტოვებინა მათი შვილისთვის, რაზეც უთხრა უარი, რადგან რომ გარდაიცვლებოდა სახლი ისედაც მათ დარჩებოდათ. ამის გამო ძმა და რძალი დაემუქრნენ, რომ ,,ცუდი დღე დაადგებოდა“, შემდეგ კი ძმამ თოფიდან ესროლა და უთხრა, რომ სახლს თუ არ დაუტოვებდა, მოკლავდა, რა დროსაც მეუღლეც გვერდით ედგა. მან ძმას თოფი წაართვა და დაუმტვრია, მაგრამ არ უჩივლა, რადგან ძმა იყო, თუმცა სულ ერიდებოდა. მოგვიანებით ძმისშვილმაც უთხრა - ,,სახლიდან ვერ უნდა მოგიშოროთ?“ და ფანჯარა ჩაუმტვრია ქვით, რომელიც მას დაეცა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ, შესასვლელის კიბე დახვდა დამტვრეული, რაზეც ძმისცოლმა პოლიციას უთხრა, რომ ი–მა დაამტვრია. შემდეგ კარი და ნივთები დახვდა დამტვრეული და ისევ პოლიცია მიუყვანეს. ერთ დღეს, როდესაც სახლში დაბრუნდა, მისმა ძმამ გამოიტანა თოფი და უთხრა - ,,წადი აქედან, თორემ მაშინ თუ აგაცილე, ახლა აღარ აგაცილებო“, რის გამოც მას სახლში დაემალა. მის ძმას კი მეუღლემ დაუძახა - ,,გაჩერდი, თორემ დაგიჭერენო“. თურმე პოლიციაში დაურეკავთ და დილით პოლიცია მივიდა. მან უთხრა, რომ გ. ბ–სი თოფს უმიზნებდა, მაგრამ არ უჩიოდა, რადგან ისევ მისი მოსავლელი იქნებოდა. შემდეგ გაიგო, რომ წაუყვანიათ. ერთხელაც, ღამით გაიგო გ–ს საუბარი - ,,ცოტა ხანიც და ბორკილებს დაადებენ და წაიყვანენ“. მეორე დღეს მ. ჩ–მ ბაღის შეწამვლაში სთხოვა დახმარება და მთელი დღე მასთან იყო. საღამოს ივახშმეს და მ–ს სახლიდან რომ გამოვიდა, სანამ თავის სახლამდე მივიდოდა, მ–ს ძმასთან მივიდა, რომელსაც მუშები ჰყავდა და ჩითილები გამოჰყავდათ. მ–ც შევიდა.15 წუთის შემდეგ თავისი მანქანით მივიდა გ. ბ–სი და დაასიგნალა, რადგან მისი მანქანა უშლიდა. ამ დროს გ–ს რძალმა გააღო ალაყაფის კარი და მანაც თავისი მანქანა ეზოში შეიყვანა, მაშინვე შევიდა თავის ოთახში, რადგან ძმასთან შეხვედრა არ უნდოდა. გ. ბ–სმა მანქანა რომ შეიყვანა, გაიგო ხმა - ,,მაინც შეგასწროო?“ (მანქანაში ბევრნი ისხდნენ). სახლში რომ შევიდნენ, იგი გამოვიდა და ისევ მ-ის ძმასთან შევიდა. შემდეგ კი ხელოსანთან წავიდა, სადაც მეორე მანქანა ჰყავდა დატოვებული, თან სახლში სათვალეც არ ჰქონდა და იფიქრა, რომ მანქანაში იქნებოდა. ხელოსანთან ყოფნისას დაურეკეს და უთხრეს, რომ პოლიცია იყო მისული. იგი წამოვიდა, ჯერ 19:00 საათი არ იქნებოდა, მივიდა მეორე ძმასთან და პოლიციას ელოდებოდა. 21:00 საათზე შევიდა სახლში, ხოლო 21:15 საათზე მივიდა პოლიცია და წაიყვანეს განყოფილებაში. ასევე, აჩვენეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ თითქოს, უგონოდ მთვრალი ძმას მოკვლით ემუქრებოდა, რაზეც ხელი არ მოაწერა.
5.14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ ძმებს - ი–მ და გ. ბ–ებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებული დავის გამო აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა. მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ. ბ–მა და მისმა ოჯახის წევრებმა - ზ. და ნ. ბ–ებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით დაადასტურეს, რომ ი. ბ–იი 2020 წლის 14 მაისს მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. ბ–სს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით და ეწინააღმდეგებაა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, მათ შორის - დაზარალებულის ძმისა და რძლის ჩვენებებს, რომლებმაც კატეგორიულად გამორიცხეს ხსენებულ დღეს ი. ბ–იის მხრიდან გ. ბ–სზე მუქარა. დაცვის მხარის მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათი სახლები მდებარეობს გ. და ი. ბ–ების სახლთან ახლოს და ესმით ყველაფერი, ამასთან, იმ პერიოდში ჰქონდათ მავთულის ღობე და ხედავდნენ ყველაფერს, თუმცა მითითებულ დღეს მათ ი. ბ–იის მუქარა არ გაუგიათ.
5.15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ვინაიდან დაცვის მხარის მოწმეებმა ვერ გაიხსენეს კონკრეტული რიცხვი, მათი ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ამასთან, მათ ჩვენებებში არის უზუსტობები.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოწმეებმა - გ. ჩ–მ და მ. ჩ–მ ჩვენების მიცემისას ვერ მიუთითეს კონკრეტული თარიღი, მაგრამ მათ დამაჯერებლად განმარტეს, რომ საუბრობდნენ პოლიციის მისვლის დღეზე, რომლის მეორე დილითაც შეიტყვეს, რომ ი. ბ–იი დაუკავებიათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემთხვევიდან სასამართლო სხდომამდე გასულია გარკვეული პერიოდი და შესაძლებელია, მოწმეებს არ ახსოვდეთ ზუსტი თარიღი, თუმცა მათ მიერ მითითებული სხვა გარემოებები შეესაბამება ი. ბ–ის ჩვენებას, რაც ასევე გამყარებულია დაზარალებულის ძმის, მ. ბ–სა და მისი მეუღლის, მ. ბ–ს ჩვენებებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობებია როგორც დაზარალებულ გ. ბ–სის, ასევე მისი ცოლ-შვილის ჩვენებებშიც, რის გამოც კასატორის არგუმენტაცია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების გაუზიარებლობასთან დაკავშირებით მოკლებულია საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის არსებობს დაინტერესება და დაპირისპირებული მხარეები გადმოსცემენ საპირისპირო ინფორმაციას, სასამართლოებმა ეჭვი მართებულად გადაწყვიტეს ი. ბ–ის სასარგებლოდ. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. ბ–იის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECTHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.19. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე