საქმე N 330100122005550063
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№832აპ-22 15 სექტემბერი, 2022 წელი
ბ–ე მ. №832აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ბ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი მ. ბ–ე, 2022 წლის 2 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. თ–ი, ი–ს ქუჩა, .. ჩიხის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დედას - ნ. ხ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ - უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ნ. ხ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2022 წლის 3 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. თ–ი, ი–ს ქუჩა, ..ს №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, მ. ბ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ნ. ხ–ს, კერძოდ - უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ნ. ხ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2022 წლის 4 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. თ–ი, ი–ს ქუჩა, .. ჩიხის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ბ–ე დედას - ნ. ხ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ - უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ნ. ხ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენით:
მ. ბ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
მ. ბ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ. ბ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ. ბ–სის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენი მ. ბ–სის მიმართ დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 18 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის სამი ეპიზოდის ჩადენაში.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მ. ბ–სის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ქმნიდა საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პროკურორის პოზიციით, დაზარალებულ ნ. ხ–სა და მოწმე ა. ბ–სის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, არ ნიშნავდა, რომ მ. ბ–ეს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედებები. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი (საქმე N97ას-20), სადაც აღნიშნულია, რომ „მოწმის (დაზარალებულის) მიერ ჩვენების მიცემაზე უარი აპრიორი არ ნიშნავს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების შედეგების უგულებელყოფას და ავტომატურად არ აბათილებს ამ მოქმედებით დადგენილ ფაქტებს.“ რეალურია დაზარალებულის შიში მოძალადე შვილის მიმართ, რაც შესაძლოა გახდა სწორედ მიზეზი იმისა, რომ მან არ მისცა ჩვენება სასამართლოს და არ გააჟღერა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დეტალურად აღწერა გამოკითხვის ოქმში და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას. ზოგადად ხაზგასასმელია საგამოძიებო ექსპერიმენტის, როგორც დამოუკიდებელი ძალის მქონე მტკიცებულების მნიშვნელობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.02.2020 წლის განჩინებაში (საქმე N802აპ-19) აღნიშნულია, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.“ ყურადღება უნდა მიექცეს მ. ბ–ს პიროვნულ მახასიათებლებს, რამეთუ წარსულში ის იდენტური დანაშაულისთვის იქნა მსჯავრდებული. მისი აგრესიული ხასიათი და ქცევა ქმნის რწმენას იმისა, რომ მან ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ამოწურულ იქნა ყველა ობიექტური შესაძლებლობა მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ოჯახური დანაშაულების სპეციფიკა, რადგან ასეთი დანაშაული გამოირჩევა ფარული ხასიათით, ძირითადად ჩადენილია პრივატულ სივრცეში, ოჯახში და მოწმეებიც უმეტესად ოჯახის სხვა წევრები, ბრალდებულის ნათესავები არიან, მსგავსად მითითებული სისხლის სამართლის საქმისა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. ბ–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).
5.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.7. ბრალდების მხარე მ. ბ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ შეიცავს ფაქტების დასადგენად საკმარის, რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას. სააპელაციო პალატამ სათანადოდ შეაფასა თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობა და დაასაბუთა ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ. ხ–მა და მოწმე ა. ბ–მ ისარგებლეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით, შესაბამისად მათ გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულმა ინფორმაციამ საქმის არსებითი განხილვისას დადასტურება ვერ ჰპოვა. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში აღნიშნულ მოწმეთა: დ. დ–ს, ა. ფ–სა და ი. ქ–ს ჩვენებებს, ისინი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ირიბი შინაარსისაა. ასევე, მოცემულ შემთხვევაში სრულად ირიბი შინაარსის მატარებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რამდენადაც ის ასახავს დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და მისგან დამოუკიდებლად არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის დასადგენად გამოსადეგ და საკმარის ცნობას. საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ბრალდების ფორმულირების შესაბამისად, ფაქტებისა და გარემოებების გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენის შესაძლებლობას მისცემდა.
5.8. ამდენად, საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ ბრალდების დასადასტურებლად პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს საკმარის და უტყუარ ინფორმაციას მუქარის დანაშაულის სამი ეპიზოდის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადგენად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების შესრულება მოითხოვს გამოძიების ორგანოს მხრიდან უტყუარი და რელევანტური სამხილების მოპოვებასა და სასამართლოში ისეთი ერთი პირდაპირი მტკიცებულების წარდგენას მაინც, რაც არსებითად არ იქნება დამოკიდებული და ნაწარმოები დაზარალებულის ჩვენებისგან. რადგან სასამართლო არ წარმოადგენს გამოძიების ორგანოს და საქმის შედეგი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სწორედ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა ხარისხი და მნიშვნელობაც განსაზღვრავს, თუ რამდენად დაძლევს მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს ბრალდებულის უდანაშაულობის მიმართ. ამასთან, ოჯახური დანაშაულის შემთხვევა არ ათავისუფლებს ბრალდების მხარეს მტკიცების საკანონმდებლო ვალდებულებისაგან და არ იწვევს მტკიცების ტვირთის შებრუნებას. შესაბამისად, მტკიცებულებათა წარუდგენლობა არ უნდა ქმნიდეს ბარიერს მართლმსაჯულებისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს ოჯახურ დანაშაულთა აღმოფხვრისათვის სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება, ხოლო მტკიცებულებათა არარსებობა ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძველია.
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არ არის რელევანტური განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რამდენადაც ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ბრალეულობის დამადასტურებელი ვერცერთი პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულების წარმოდგენა. ოჯახურ დანაშაულში ბრალდება თავისთავად არ ამართლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მტკიცების საკანონმდებლო სტანდარტის უგულებელყოფას, რამდენადაც სახელმწიფოს ეკისრება უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების ნეგატიური ვალდებულება. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე