საქმე N 340100120003811472
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №648აპ.-22 16 სექტემბერი, 2022 წელი
დ–ი გ., №648აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. დ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2018 წლიდან გ. დ–ი გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილიშვილების - გ. დ–ის, ლ. დ–ს, ე. დ–ს, მ. ვ–სა და გ. ვ–ს თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, ე. დ–ს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.
1.3. 2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, გ. დ–მა გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ხელისა და ფეხის არეში ხელი ორჯერ დაარტყა მეუღლეს, ე. დ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. ვ. დ–იი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.5. 2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ვ. დ–მა გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელი გაარტყა დას - თ. დ–ს, რის შემდეგაც შეჰყვა მას საძინებელში და არასრულწლოვანი შვილების - მ. ვ–სა და გ. ვ–ს თანდასწრებით, სახეში კვლავ ერთხელ გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად, თ. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენით გ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ვ. დ–იი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. დ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ. დ–ის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 7 ივნისს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმება, გ. დ–ის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ. დ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა და არასრულწლოვანმა მოწმეებმა უარი განაცხადეს სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ვ. დ–ისა და გ. დ–ის ბრალულობა. გამოკითხვისას მათ დაადასტურეს, რომ გ. დ–ი მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, 2020 წლის 1 ივლისს კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იმავდროულად, ვ. დ–მა თ. დ–ს სახეში გაარტყა ხელი, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 112-ში დარეკა თავად თ. დ–მა და განაცხადა ძმის და მამის მხრიდან ძალადობის შესახებ. გამომძიებლებმა: დ. ყ–მა, ნ. ჭ–მ და ე. ტ–მა ჩვენების მიცემისას გადმოსცეს დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით კი დადასტურდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. დ–იის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ. დ–ის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულებმა - ე. დ–მა, თ. დ–მა, ასევე არასრულწლოვანმა მოწმეებმა - გ. დ–მა, ლ. დ–მა უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. გ. დ–იმა და ვ. დ–იმა კი წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნეს დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო მათ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს გ. დ–ისა და ვ. დ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.4. აღსანიშნავია, რომ მოწმე ე. დ–მა უარი განაცხადა ვ. დ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო გ. დ–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ვ. დ–იი არის მისი მეუღლე, გ–ი, ლ. და ე. დ–ები - შვილები, ხოლო ე. დ–ი და გ. დ–იი არიან მისი მეუღლის მშობლები და ყველანი ერთად ცხოვრობენ გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში. 2020 წლის 1 ივლისს მამამთილს და დედამთილს მოუვიდათ ოჯახური კონფლიქტი, ჰქონდათ ხმამაღალი საუბარი, რა დროსაც თვითონ ბავშვთან იყო ოთახში და მათი საუბრის შინაარსი არ გაუგია. ოთახიდან რომ გამოვიდა, ადგილზე უკვე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას სხვა დროს ოჯახში მსგავსი ხმამაღალი საუბარი არ გაუგია.
5.5. მოწმე ნ. ჭ–ს ჩვენებით დგინდება, რომ გამოკითხვისას დაზარალებულებმა განუმარტეს, რომ სუფრის ალაგებასთან დაკავშირებით თ. დ–ს კონფლიქტი მოუვიდა გ. და ვ. დ–ებთან, მას გამოესარჩლა დედა, ე. დ–ი, რის გამოც ამ უკანასკნელს მეუღლემ, გ. დ–იმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულს ტელეფონით იღებდა თ. დ–ი, რომელსაც ძმამ, ვ. დ–იმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ე. დ–მა ასევე უთხრა, რომ მას გ. დ–იი ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგრამ ოჯახის გამო ითმენდა და არაფერს ამბობდა. მოწმე ე. ტ–ს ჩვენებით კი დადგინდა, რომ გამოკითხვისას არასრულწლოვანმა მ. ვ–მა უთხრა, რომ ზაფხულის შემდეგ იმყოფებოდა გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში. შემთხვევის დღეს გაეღვიძა, გავიდა ოთახიდან და დაინახა, რომ მისი ბებია და ბიძა კამათობდნენ, რასაც ტელეფონით იღებდა თ. დ–ი, რომელსაც შემდეგ ვ. დ–იმა გაარტყა ხელი. ამის შემდეგ თ. დ–ილი შევიდა ბავშვების საძინებელ ოთახში, სადაც ასევე შეჰყვა ვ. დ–იი, რომელმაც თ. დ–ს იქაც დაარტყა ხელი. აღნიშნულს შეესწრნენ მ. ვ–ი და მისი მცირეწლოვანი ძმა. მ. ვ–მა ასევე თქვა, რომ პაპა, გ. დ–იი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ე. დ–ს, რასაც ესწრებოდნენ თვითონ, მისი მცირეწლოვანი ძმა და ბიძაშვილები.
5.6. მოწმე დ. ყ–სის ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 1 ივლისს თ. დ–ს შეტყობინების საფუძველზე, ოჯახში ძალადობის გამო, დაიწყო გამოძიება. მას თ. დ–მა წარუდგინა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია მამის, გ. დ–იის მხრიდან მეუღლეზე ძალადობა. მათ ამოიღეს აღნიშნული ჩანაწერი, დაათვალიერეს და გააკეთს ე.წ. სქრინები, თუმცა არ ახსოვს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა თუ არა დათვალიერება. ტელეფონის ამოღება კი მოხდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა ჩანაწერი არ წაშლილიყო.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტიზის დასკვნებზე, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 ივლისის №.......... დასკვნით დგინდება, რომ 02.07.2020 წელს, პირადი გასინჯვით, ე. დ–ს სხეულზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარცხენა ბარძაყის და მარჯვენა მხრის არეში, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთები მარცხენა ბარძაყის არეში ძველია (3-4 დღის) და ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის არეში, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღს - 01.07.2020 წელს. იმავე თარიღის №......... დასკვნით დგინდება, რომ 02.07.2020 წელს, პირადი გასინჯვით, თ. დ–ს სხეულზე აღენიშნება სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის არეში, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 01.07.2020 წელს. ამასთან, ექსპერტმა ა. კ–მა განმარტა, რომ მკვრივ-ბლაგვ საგანს მიეკუთვნება ხელიც.
5.8. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერის არარსებობის გამო, სასამართლო სხდომაზე ვერ გამოიკვლიეს CD დისკი, რომელზეც ასახული უნდა ყოფილიყო თ. დ–ს მიერ გადაღებული ძალადობის კადრები.
5.9. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებმა გახადეს უდავოდ, რის გამოც, ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების - ნ. ჭ–სა და ე. ტ–ს ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც აღწერენ გ. დ–სა და ვ. დ–ს მხრიდან დაზარალებულებზე ძალადობას, არის ირიბი, ვინაიდან თვითონ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტებს და გადმოსცემენ დაზარალებულებისა და მოწმის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მოწმე დ. ყ–სის ჩვენება იმ ნაწილში, რომ დაათვალიერეს და ამოიღეს თ. დ–ს მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, წარმოადგენს პირდაპირს, თუმცა არც ეს მოწმეა ძალადობის შემსწრე. რაც შეეხება მოწმე ე. დ–ს ჩვენებას, მან, მართალია, დაადასტურა, რომ ე. დ–სა და გ. დ–ის ჰქონდათ ხმამაღალი საუბარი, თუმცა მოწმეს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებია. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.13. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ დაზარალებულებს აღენიშნებოდათ სისხლნაჟღენთები და სისხლჩაქცევები, რომელთაგან ე. დ–ს მარცხენა ბარძაყის არეში არსებული სისხლნაჟღენთი არის ძველი (3-4 დღის) და ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, ექსპერტ ა. კ–ს განმარტებით, მას, ტექნიკური ხარვეზის გამო, დასკვნებში არ აქვს მითითებული დაზარალებულების პოზიცია დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით. თავად დაზარალებულებმა კი არ მისცეს სასამართლოს ჩვენება, შესაბამისად, დაუდგენელია, თუ როდის და რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები, რის გამოც აღნიშნული დასკვნები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.14. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ. დ–ის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.19. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე