Facebook Twitter

¹ბს-1474-1049(კ-05) 7 ნოემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობა

მესამე პირები - ლ. გ-ე, ე. გ-ე, ნოტარიუსი ე. შ-ი

დავის საგანი - ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.09.05წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს 15.07.03წ. სარჩელით მიმართა თ. თ-მ და 15.04.93წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოხუცებულ დედასთან ერთად ცხოვრობდა და გარდაცვალებამდე უვლიდა მშობელს. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისმა ძმამ ლ. თ-მ დედის სიცოცხლეშივე მოახდინა მისი ბინის პრივატიზება ისე, რომ დედას ე. თ-ს ბინის პრივატიზაციაში მონაწილეობა არ მიუღია. მოსარჩელის აზრით, აღნიშნულით დაირღვა მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოქალაქის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაიცემა მხოლოდ ოჯახის სრულწლოვანი წევრის თანხმობით. ოჯახში მცხოვრებ სრულწლოვან წევრთა თანხმობა სავალდებულოა დამოწმდეს სანოტარო წესით.

თ. თ-მ 10.10.03წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხედ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობა, ხოლო თავდაპირველი მოპასუხე ნოტარიუსი ე. შ-ი მესამე პირად დაასახელა. სასარჩელო მოთხოვნა იგივე დარჩა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 31.10.03წ. გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-მ, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.09.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 31.10.03წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელაენტის ძმამ სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება 1964წ. სამოქალაქო კოდექსის მოქმედების დროს გააფორმა. აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა 3 წელს. სააპელაიცო პალატის აზრით, ერთადერთი სუბიექტი, ვისი უფლებაც შეიძლებოდა შელახულიყო სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულებით, იყო სადავო ბინაში ჩაწერილი ელენე თ-ე, რომელსაც სადავოდ არასოდეს გაუხდია ლ. თ-ის მიერ ბინის პრვიატიზაცია.

სააპელაციო პალატის 19.09.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია და არც საქმეში მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

01.12.05წ. განჩინებით მოსამარჩლე ნ. წ-მ განაცხადა თვითაცილება იმ მოტივით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული წინამდებარე საქმის განხილვაში.

სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე საკასაციო პალატის მიერ განხილულ იქნა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვა, რომელსაც კანონით დადგენილი წესით არ მიუღია შეტყობინება, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია. სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს უწება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. სსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 19.09.05წ. სასამართლოს სხდომაზე მოსაწვევი სააპელაციო პალატის მიერ გაგზავნილი უწყება კასატორს პირადად ჩაჰბარდა 11.08.05წ. (ს.ფ. 140). ის გარემოება, რომ მისთვის ჩაბარებულ სასამართლო უწყებაში მითითებული იქნა არა თ. თ-ის სააპელაციო საჩივრის, არამედ კერძო საჩივრის განხილვა, წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას და არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთანავე, საქმეში დაცული თ. თ-ის 16.09.05წ. განცხადებით (ს.ფ. 145) ასევე დასტურდება, რომ თ. თ-ე აღნიშნულს შეცდომაში არ შეუყვანია და მიღებული უწყებით მისთვის ცნობილი იყო 19.09.05წ. მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე (ს.ფ. 131).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. თ-ე 19.09.05წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და განსახილველ შემთხთევაში არ არსებობს სსკ-ის 393-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს სხვა რაიმე სამართლებრივ საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ბ» ქვეპუნქტი) ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საკასაციო პალატის მიერ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შედეგად გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დროებითი პროცესუალური აქტით გამოყენებული ღონისძიება, კერძოდ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 11.08.03წ. განჩინებით, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11 მდებარე ბინას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგდაასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.09.05წ. განჩინება;

2. გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 11.08.03წ. განჩინებით ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹11 მდებარე ბინაზე დადებული ყადაღა;

3. თ. თ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.