საქმე N 010100121004947201
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№791აპ-22 13 სექტემბერი, 2022 წელი
დ-ე დ., №791აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. დ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 16 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, .......ის ქ.N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი და დაზარალებულის მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღო, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით დ. დ–ე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს მ. ტ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენით დ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. დ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა სრული შეკრების წესის გამოყენებით.
2.3. გამართლებულ დ. დ–ს ადვოკატმა გ. შ–მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენი დ. დ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 25 მაისს საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენება.
3.3. გამართლებულ დ. დ–ს ადვოკატმა ლ. დ–მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და უდავოდ დამტკიცებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდა დ. დ–ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაციის შესაბამისად შედგენილ შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმე ჯ. ტ–მ სასამართლოში დაადასტურა, რომ 2021 წლის 16 ივლისის ღამის საათებში, ქალაქ ბ–ში, .........ის ქუჩა N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლით მთვრალი დ. დ–ე დაემუქრა მ. ტ–ს, რის გამოც მან 112-ის ცხელი ხაზის მეშვეობით ითხოვა პოლიციის რეაგირება. მოწმე ო. ც–ს უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ 2021 წლის 16 ივლისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ......ს ქუჩა N..-ში ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც მაშინვე გავიდა მისამართზე, ადგილზე მისულს სახლში დახვდნენ ჯ. ტ–მე და მ. ტ–სე, რომლებმაც განუმარტეს, რომ 16 ივლისს მათ საცხოვრებელ სახლთან მივიდა დ. დ–ე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მ–ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რადგან წარსულში დათომ მასზე ორჯერ იძალადა ფიზიკურად და იყო პირობით მსჯავრდებული, შესაძლებელი იყო მას განზრახვა სისრულეში მოეყვანა და მართლაც მოეკლა მაგდა. პროკურორს მიაჩნია, რომ მიუხედავად დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, სასამართლოში გამოკვლეული დამოუკიდებელი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა დ. დ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ყველა სამართლებრივი წინაპირობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა დ. დ–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).
5.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.7. ბრალდების მხარე დ. დ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ შეიცავს ფაქტების დასადგენად საკმარის, რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას. სააპელაციო პალატამ სათანადოდ შეაფასა თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობა და დაასაბუთა ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა მ. ტ–მ ისარგებლა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას მის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემულმა ინფორმაციამ დადასტურება ვერ ჰპოვა. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში აღნიშნული დანაშაულის შესახებ შეტყობინების ბარათს, მასში ასახული ინფორმაცია დ. დ–ს მიერ მ. ტ–ს მიმართ შეურაცხყოფის მიყენების შესახებ იმდენად ზოგადი და მწირია, რომ შეუძლებელია ბრალდების ფორმულირებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მისი მისადაგება და ობიექტური შემადგენლობის, ქმედების ნიშნების დადგენა. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შეტყობინების ინიციატორი, დაზარალებულის მამა - ჯ. ტ–ე, რომელმაც დაადასტურა 2021 წლის 16 ივლისს დ. დ–ს მიერ მ. ტ–ს ლანძღვა-გინების ფაქტი, გაიხსენა რომ სიძე ემუქრებოდა მის შვილს, თუმცა არ ახსოვს რა სიტყვებში გამოიხატებოდა მუქარა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პოლიციისათვის შეტყობინება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სტუმრები ჰყავდათ და უნდოდა შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილება. პროკურორის მიერ მითითებული გამომძიებლის ჩვენება ადასტურებს საპროცესო მოქმედებათა მიმდინარეობისას კანონის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მუქარის ობიექტური შემადგენლობის ნიშნების დასადგენად მისი შინაარსი ირიბია, რამდენადაც ეფუძნება მოწმეთა: ჯ. ტ–სა და მ. ტ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, მოწმე ჯ. ტ–მის სასამართლოში მიცემული ჩვენების შინაარსი არ არის თანხვდენილი გამომძიებლის მიერ ირიბად გადმოცემულ დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებთან. რაც შეეხება 2021 წლის 17 ივლისს გამოცემულ N....... შემაკავებელ ორდერს, მართალია, მასში მითითებულია მ. ტ–სის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუმცა არ არის დაკონკრეტებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის შინაარსი და არ არის მითითებული თუ ვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგა სავარაუდო ძალადობის ფაბულა. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არსებული შინაარსით წარმოადგენს მხოლოდ ირიბ, ინფორმაციის წყაროსაგან დაუდასტურებელ და ფაქტების დასადგენად არასაკმარისი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებას. საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ბრალდების ფორმულირების შესაბამისად, ფაქტებისა და გარემოებების გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენის შესაძლებლობას მისცემდა.
5.8. ამდენად, საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ ბრალდების დასადასტურებლად პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს საკმარის და უტყუარ ინფორმაციას მუქარის დანაშაულის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ისეთი ელემენტების შესახებ, როგორიც არის: მუქარის შინაარსი, მისი ინტენსივობა, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შეტყობინების საინფორმაციო ჩანაწერში მითითებულია მხოლოდ „შეურაცხყოფა“, რაც იმდენად ზოგადი ტერმინია, რომ შეუძლებელია შეურაცხყოფის ცალკეული ფორმის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მუქარა და ა.შ) იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტებზე დასკვნის გამოტანა. მოწმე ჯ. ტ–ს ჩვენება ადასტურებს დ. დ–ს მიერ მ. ტ–ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის - ლანძღვა-გინების ფაქტს, ასევე მუქარის ფაქტს. თუმცა, რა სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით გამოიხატა მუქარა და როგორია მოწმის სუბიექტური აღქმა „მუქარის“ ცნების მიმართ კვლავაც ბუნდოვანი დარჩა, ვინაიდან ჩვენება მოკლებულია დეტალიზაციას. მითუფრო, ჯ. ტ–ს ჩვენება არ არის გამოსადეგი დაზარალებულის მიერ მუქარის რეალიზების საფუძვლიანი შიშის დასადგენად, ვინაიდან სასამართლოს არ გააჩნია მუქარაში გამოხატული ქმედების მინიმალური აღწერილობითი წარმოდგენა, რათა არათუ სუბიექტურად, არამედ ობიექტური ტესტის გამოყენებით დაასკვნას, რომ დაზარალებული მუქარის კონკრეტული ფორმისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, უეჭველად შეიმეცნებდა მუქარის აღსრულების რეალურობას.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.10. ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების შესრულება მოითხოვს გამოძიების ორგანოს მხრიდან უტყუარი და რელევანტური სამხილების მოპოვებასა და სასამართლოში ისეთი ერთი პირდაპირი მტკიცებულების წარდგენას მაინც, რაც არსებითად არ იქნება დამოკიდებული და ნაწარმოები დაზარალებულის ჩვენებისგან. რადგან სასამართლო არ წარმოადგენს გამოძიების ორგანოს და საქმის შედეგი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სწორედ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა ხარისხი და მნიშვნელობაც განსაზღვრავს, თუ რამდენად დაძლევს მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს ბრალდებულის უდანაშაულობის მიმართ. შესაბამისად, მტკიცებულებათა წარუდგენლობა არ უნდა ქმნიდეს ბარიერს მართლმსაჯულებისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს ოჯახურ დანაშაულთა აღმოფხვრისათვის სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება, ხოლო მტკიცებულებათა არარსებობა ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძველია.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული კონკრეტული საქმის გარემოებები არ არის რელევანტური განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რამდენადაც ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ბრალეულობის დამადასტურებელი ვერცერთი პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულების წარმოდგენა. ოჯახურ დანაშაულში ბრალდება თავისთავად არ ამართლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მტკიცების საკანონმდებლო სტანდარტის უგულებელყოფას, რამდენადაც სახელმწიფოს ეკისრება უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების ნეგატიური ვალდებულება. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე