Facebook Twitter

საქმე N 330100121004570814

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №646აპ-22 15 სექტემბერი 2022 წელი

თ–ა გ., №646აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. თ–სა (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და უკანონოდ გასაღება, ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და უკანონოდ გასაღება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 28 თებერვალს, თ–ში, სოფელ ფ–ში, გ. თ–მ რ. ა–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,51109 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც 2021 წლის 1 მარტს რ. ა–თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.3. 2021 წლის 2 მარტს, თ–ში, სოფელ ფ–ში, გ. თ–მ რ. ა–ზე 200 ლარად უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,3076 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რ. ა–თან ჩატარებული ამოღების შედეგად.

1.4. 2021 წლის 4 მარტს, თ–ში, სოფელ ფ–ში, გ. თ–მ რ. ა–ზე 200 ლარად უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,318 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რ. ა–თან ჩატარებული ამოღებისას.

1.5. 2021 წლის 6 მარტს, თ–ში, სოფელ ფ–ში, გ. თ–მ რ. ა–ზე 200 ლარად უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,264 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რ. ა–თან ჩატარებული ამოღებისას.

1.6. 2021 წლის 2 მარტს, თ–ში, სოფელ ფ–ში, გ. თ–მ რ. ა–ზე 800 ლარად უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 1,5351 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რ. ა–თან ჩატარებული ამოღების შედეგად.

1.7. გ. თ–სამ უკანონოდ შეიძინა 1,88 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 26 მარტს ამოიღეს თ–ში, სოფელ ფ–ში, .............ას ქუჩა N..-ში მდებარე გ. თ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით გ. თ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 მარტის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 მარტის ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 26 მარტის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. თ–სას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. თ–სას 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. თ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ი–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. თ–თვის დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობით ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. თ–სას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. ი–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 7 ივნისს მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. მ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. თ–ის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან გ. თ–სამ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ არის ნასამრთლევი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა გ. თ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, მისი წარსული არ არის შებღალული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. თ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: შალვა თადუმაძე

ლევან თევზაძე