Facebook Twitter

საქმე N 330100122005594349

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №803აპ-22 13 სექტემბერი, 2022 წელი

კ–ი დ., 803აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ–ს ადვოკატ ლ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენით დ. კ–ი (პირადი ნომერი ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 18 თებერვლის დღის შუა მონაკვეთში, თ–ში, .........ის გამზირის N.., ბინა N..-ის სამზარეულოში, დ. კ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრებს, კერძოდ: უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა სამზარეულოში შესულ მამას - რ. კ–ს და ყელის გამოჭრით დაემუქრა მას, რის შემდგომაც დ. კ–სი კვლავ განაგრძობდა რ. კ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. იგი ყელის გამოჭრით დაემუქრა ასევე დედას - ნ. კ–სა და დას - მ. კ–ს. მუქარის თითოეულ შემთხვევაში რ. კ–ს, ნ. კ–სა და მ. კ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენში ცვლილებების შეტანა - დ. კ–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის განსაზღვრა, პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის გამოყენებით.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. კ–ს ადვოკატ ლ. მ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. მსჯავრდებულ დ. კ–ს ადვოკატმა ლ. მ–სმა 2022 წლის 13 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის განსაზღვრა, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დადგენა.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა დ. კ–ს მიმართ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადის გამოყენებას, რაც ჩაეთვლებოდა პირობით. დაცვის მხარის პოზიცია გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებიდან: დ. კ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ მომხდარა მათი გამოკვლევა. სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა სამართალწარმოების ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა. სასჯელის დანიშვნისას ასევე მხედველობაში არის მისაღები დ. კ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ: დ. კ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულია ორი ფორმა N100, რომელთაგან ერთი გაცემულია დაკავებამდე, ხოლო მეორე კი, პატიმრობის პერიოდში კლინიკა „ვ–ს“ ექიმების მიერ. მეორე ფორმა N100-ის მიხედვით დასტურდება, თუ როგორ გაურთულდა დ. კ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის პირობებში. დაპატიმრების შემდეგ, რამდენიმე დღეში, დ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკა „ვ–ში“. დიაგნოზის თანახმად, დ. კ–სს აქვს მოციმციმე არითმია, თრომბოფლებიტი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რომელთა სიმძიმეს ადასტურებს ფორმა N100-ს მიხედვით დანიშნული მკურნალობა 5 სახეობის პრეპარატით. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, რაც საკასაციო საჩივრის თანახმად, სასჯელის შემსუბუქებისათვის საყურადღებო, მნიშვნელოვანი გარემოებაა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა დანიშნული სასჯელის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობა და სასჯელის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის საფუძვლიანობა.

4.2 საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, კერძოდ: „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროისათვის ნასამართლობის მქონეა. დ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სანქციის უდაბლესი ზღვრისა და დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მინიმუმს.

4.3. აღსანიშნავია, რომ სასჯელის სამართლიანობა ვლინდება შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობაში მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან მიმართებით. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა კი ემსახურება არა მხოლოდ კერძო პრევენციის (მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილების) მიზნებს, არამედ ატარებს გენერალური პრევენციის ფუნქციას და ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

4.4. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის, როგორც თანაზომიერი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ, გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, საშიშროება და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ოჯახური მდგომარეობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ სწორედ თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების შესაბამის ღონისძიებას, რადგან სანქციით გათვალისწინებული სხვა ალტერნატიული სასჯელის სახის გამოყენება, მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს გამოსადეგ ღონისძიებას მსჯავრდებულის საზოგადოებაში ეფექტიანი რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის მომეტებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

4.5. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენება, შემდეგ გარემოებათა გამო: თანაზომიერი სასჯელი არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, როგორც ჩადენილი უმართლობისათვის სამართლიანი მიზღვა, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოება. სასჯელის თანაზომიერების მოთხოვნა ვრცელდება როგორც უშუალოდ სასჯელის სახისა და ზომის, ისე მისი აღსრულების წესის მიმართ. პირობითი მსჯავრი დამნაშავეს განარიდებს საზოგადოებისაგან მკაცრ იზოლაციას, თუმცა სახელმწიფოს ამგვარი ჰუმანური მიდგომა საჭიროებს გონივრულ გამოყენებას, რა დროსაც მნიშვნელოვანია ცალკეულ დანაშაულთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინება. სასჯელის გენერალური პრევენციის ფუნქცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში. ხოლო, გაზრდილი ოჯახური დანაშაულის სტატისტიკის ფონზე, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მიმართული უნდა იყოს ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების ეფექტიანი შესრულებისაკენ. პირობითი მსჯავრის გამოყენება და ადეკვატური გამოსაცდელი ვადის განსაზღვრა ეფექტიანია მაშინ, როდესაც არსებობს თავისუფლების პირობებში მსჯავრდებულის კანონშესაბამისი ქცევისა და უსაფრთხო რესოციალიზაციის მოლოდინი. ამგვარ მოლოდინს კი ქმნის თავად დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის შემდგომი ვითარება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის სიმწვავესა და დანაშაულის რეციდივის განსაკუთრებულ საშიშროებაზე მიუთითებს, როგორც მისი პიროვნება (ნასამართლობა), ისე ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი არ წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის სახელმძღვანელო გარემოებას. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი ფორმა N100-ის შესაბამისი, სათანადო და ადეკვატური მკურნალობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დანაშაულის ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, პირობითი მსჯავრის გამოყენება არ იქნება გამართლებული სასჯელის მიზნების მისაღწევად და ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

4.6. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. კ–სის ადვოკატ ლ. მ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: შალვა თადუმაძე

ლევან თევზაძე