საქმე N 330100121004528241
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №706აპ-22 13 სექტემბერი, 2022 წელი
მ–ი პ., 706აპ-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. მ–ს ადვოკატ ნ. ი–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენით პ. მ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და საბოლოოდ პ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. მ–მა ჩაიდინა არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
პ. მ–სმა სარგებლის მისაღებად შეიმუშავა არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. მან ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი - 24.03.2009 წელს დაბადებული ნ. მ–ი, რომელსაც 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას. პ. მ–სი ნ. მ–ის ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თ–ს სხვადასხვა ქუჩაში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთის გაყიდვას. ამასთან, სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველდღე 50 ლარის მიტანა, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის ნ. მ–იზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ემუქრებოდა ძალადობის გამოყენებით და აიძულებდა ანტისაზოგადოებრივი ქმედების (მოწყალების მიღების) გაგრძელებას. არასრულწლოვნის მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს კი ისაკუთრებდა და განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. პ. მ–ის მიერ ნ. მ–ის ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში ჩაბმით, შრომითი ექსპლუატაციის განხორციელების შედეგად, ზიანდებოდა არასრულწლოვნის ჯანმრთელობა, ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი და სულიერი განვითარება.
1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ პ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა ნ. ი–მა და გ. ბ–მ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, პ. მ–სთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და სასჯელის ერთი მეოთხედის პირობით ჩათვლა.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ პ. მ–ს ადვოკატების ნ. ი–სა და გ. ბ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. მსჯავრდებულ პ. მ–ს ადვოკატმა - ნ. ი–მა 2022 წლის 22 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის მინიმალური ოდენობით განსაზღვრა და ასევე, ნაწილობრივ პირობითი მსჯავრის გამოყენება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესზე პ. მ–მა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, რაც წარმოადგენს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის არსებით შემამსუბუქებელ გარემოებას. კასატორი არ ეთანხმება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ნასამართლობის მითითებას პირობითი მსჯავრის დროს ჩადენილი დანაშაულის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი. ადვოკატის პოზიციით, პ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელი იყო მისთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის - 14 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას რეციდივის გათვალისწინება არის უკანონო, რადგან განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესში არ არის მითითებული რეციდივის შესახებ, განსხვავებით დანაშაულთა ერთობლიობისაგან. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები, რის საშუალებასაც იძლეოდა ბრალდებულის გულწრფელი აღიარება, მონანიება და გამოძიებასთან თანამშრომლობა. ვინაიდან პ. მ–ს მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს შეეძლო, მისთვის პირობით მსჯავრად ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2 მსჯავრდებული პ. მ–სი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასჯელი დაენიშნა აღნიშნული სანქციის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
4.3. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
4.4. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულის რეციდივისას, კერძოდ: „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის აღნიშნული მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღება მხოლოდ ორ გამონაკლის შემთხვევაში: თუ ბრალად შერაცხულ, საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. განსახილველი საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები) არ მოიცავს არაერთგზისობასა და ნასამართლობას, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვებული 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, წარმოადგენს სანქციის ფარგლებში პ. მ–ის მიმართ დასანიშნი სასჯელის მინიმალურ ზომას.
4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, რომლის მე-5 ნაწილის თანახმად: „განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს“. ამდენად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა განპირობებულია წინა განაჩენით აღუსრულებელი სასჯელის არსებობით. ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა მიემართება არა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრას, არამედ აღსასრულებელ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო - ერთიანი სასჯელის დანიშვნას შთანთქმის ან შეკრების/ნაწილობრივ შეკრების პრინციპების გამოყენებით.
4.6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის, როგორც თანაზომიერი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის მექანიზმის გამოყენება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შესრულებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ფორმალური წინაპირობა - დანაშაულის აღიარება, თუმცა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე აღიარა დანაშაული, არ წარმოადგენს გამოძიებასთან თანამშრომლობის იდენტურ სამართლებრივ მოცემულობას. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, პირობითი მსჯავრის გამოყენება არ იქნება გამართლებული სასჯელის მიზნების მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ პირობითი მსჯავრი თავისთავად არ წარმოადგენს სასჯელის სახეს, თუმცა მისი, როგორც სასჯელის აღსრულების ჰუმანური მექანიზმის მიმართ, ვრცელდება სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები. პირობითი მსჯავრის გამოყენება და ადეკვატური გამოსაცდელი ვადის განსაზღვრა ეფექტიანია მაშინ, როდესაც არსებობს მსჯავრდებულის კანონშესაბამისი ქცევის, ეფექტიანი რესოციალიზაციის მოლოდინი საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლაციის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არაეფექტიანი იქნება და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
4.7. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ პ. მ–ის ადვოკატ ნ. ი–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე