საქმე N 190100121005019693
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №743აპ-22 16 სექტემბერი, 2022 წელი
მ–ი რ., №743აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. მ–იი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.რ–ში, ..-ე მ/რ-ნის, N.. კორპუსის, ბინა N..-ში, რ. მ–იმა მეუღლეს, ლ. ო–ს, იმის გამო, რომ სახლში ყოფნისას გაიკეთა ვარცხნილობა, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების: 2009 წლის 26 სექტემბერს დაბადებული თ. მ–სის, 2011 წლის 23 ივნისს დაბადებული ქ. მ–სა და 2012 წლის 14 ივლისს დაბადებული მ. მ–ს თანდასწრებით სახის არეში დაარტყა ხელი, რის გამოც ლ. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2021 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. რ–ში, ..-ე მ/რ-ნის, N..კორპუსის, ბინა N..-ში, რ. მ–იმა მეუღლეს, ლ. ო–სს, 2021 წლის 24 აგვისტოს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო წარმოშობილი კამათისას, თავიანთი არასრუწლოვანი შვილების, 2009 წლის 26 სექტემბერს დაბადებული თ. მ–სის, 2011 წლის 23 ივნისს დაბადებული ქ. მ–სა და 2012 წლის 14 ივლისს დაბადებული მ. მ–ს თანდასწრებით სახის არეში დაარტყა მუშტი, რის გამოც ლ. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით რ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ. მ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 1 ივლისს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენის გაუქმება, რ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად ადასტურებს რ. მ–ს ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინებებით ირკვევა, რომ 2021 წლის 25 აგვისტოს ლ. ო–მა განაცხადა, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, რის გამოც ითხოვდა დახმარებას. აღნიშნულის საფუძველზე რ. მ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დასტურდება, რომ მოძალადემ ლ. ო–სს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა, რომ თუ პოლიციაში დარეკავს, მოკლავს. აღნიშნულის გამო აქვს შიში და ფიქრობს, რომ მეუღლე სცემს და მიაყენებს ისეთ დაზიანებას, რაც გამოიწვევს სიკვდილს. შემაკავებელ ორდერს ერთვის ლ. ო–სის ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ მას რ. მ–ი სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გარდა ამისა, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ რ. მ–ი არაერთი წელია, ძალადობს დაზარალებულზე, თუმცა მისგან მომდინარე შიშის, მასზე მატერიალური დამოკიდებულებისა და მისი გამოსწორების იმედით ლ. ო–სი პატიობდა ჩადენილს, რის გამოც რ. მ–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ ეკისრებოდა, რამაც წაახალისა იგი და გამამართლებელი განაჩენის გამოტანიდან 7 დღეში კვლავ ჩაიდინა დანაშაული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებული იყო შეშინებული, დაბნეული და დიდხანს ორჭოფობდა, მიეცა თუ არა რ. მ–იის მამხილებელი ჩვენება, თუმცა მაინც ვერ გაბედა ესაუბრა მეუღლის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე. დაზარალებულის შიშმა და რ. მ–იზე მატერიალურად დამოკიდებულებამ განაპირობა მისი არასრულწლოვანი შვილების პოზიციაც, არ მიეცათ ჩვენება სასამართლოსთვის, თუმცა არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ რ. მ–ის არ უძალადია ლ. ო–საზე.
4.2. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის N443აპ.-20 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დაზარალებულის ქცევა ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას. ამასთან, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ოჯახური ძალადობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის - ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. მ–იის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. დაზარალებულმა ლ. ო–მ (მეუღლემ) და მოწმეებმა: თ. მ–სმა, ქ. მ–მა და მ. მ–მა (შვილებმა) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა და მოწმეებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს რ. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.4. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებმა გახადეს უდავოდ, რის გამოც, ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეტყობინებებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ლ. ო–ს განმარტება, რომ 2021 წლის 25 აგვისტოს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - რ. მ–მა.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ 2021 წლის 26 აგვისტოს N..... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომელთა გამოცემას საფუძვლად დაედო ლ. ო–ის განმარტება, რომ 2021 წლის 25 აგვისტოს მეუღლემ, რ. მ–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2021 წლის 26 აგვისტოს კი იმის გამო, რომ მეუღლე ნასვამი დაბრუნდა სახლში და ეშინია, რომ სცემს ან მიაყენებს ისეთ დაზიანებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მისი სიკვდილი, პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია. ამავე ოქმში მითითებულია, რომ ლ. ო–ს მოძალდე ემუქრებოდა, რომ თუ პოლიციაში დარეკავდა მოკლავადა, ამასთან, ეს უკანასკნელი ეჭვიანობს ყველაზე და უმოწმებს მობილურ ტელეფონს. ამასთან, იმავე რიცხვით დათარიღებულ ლ. ო–ის ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ 2021 წლის 25 აგვისტოს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემატური ხასიათი. რ. მ–ი მას ასევე აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობს მასზე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერსა და დაზარალებულის ახსნა-განმარტებაში არ არის აღწერილი, რ. მ–მა რა ფორმით იძალადა ფიზიკურად დაზარალებულზე და განიცადა თუ არა დაზარალებულმა ტკივილი. ამასთან, ორივე მათგანში საუბარია მხოლოდ 2021 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით და არაფერია ნათქვამი 2021 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებით. ამასთან, მითითებული არ არის, მომხდარს ესწრებოდნენ თუ არა მათი არასრულწლოვანი შვილები. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. მ–ის ბრალეულობა.
5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე მ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, რუსთავის საქალაქო სასამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 2021 წლის 24 და 25 აგვისტოს რ. მ–ის მიერ მეუღლზე, ლ. ო–სზე ძალადობის ფაქტზე. 2021 წლის 27 აგვისტოს მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია რ. მ–ს ადგილსამყოფლის შესახებ, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმე გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით კი დგინდება, რომ იგი თანამშრომლებთან ერთად გავიდა მისამართზე, სადაც დააკავეს რ. მ–ი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით არის ირიბი მტკიცებულებები, ვინაიდან თვითონ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტებს და მხოლოდ რ. მ–ს ადგილსამყოფლისა და მისი დაკავების შესახებ აწვდიან გამოძიებას ინფორმაციას. შესაბამისად, მითითებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.10. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის N443აპ.-20 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობას, ან რ. მ–ს მხრიდან მასზე ძალადობას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და არასრულწლოვანმა მოწმეებმა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე