Facebook Twitter

საქმე N 330100122005627092

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №834აპ-22 15 სექტემბერი 2022 წელი

პ–ი ხ., №834აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–მის, ასევე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ხ. პ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-

ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. ხ. პ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს, არ შეეწინააღმდეგოს და შეასრულოს მისი სურვილები. იგი მეუღლისგან მოითხოვდა მორჩილებას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 9 იანვარს, ქ.თ–ში, ..... ..-ის დასახლებაში, ........ის ... შესახვევში მდებარე ბინა N..-ში, ხ. პ–სმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ. ბ–ს, კერძოდ, სახის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი და ყელში ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. ხ. პ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს, არ შეეწინააღმდეგოს და შეასრულოს მისი სურვილები. იგი მეუღლისგან მოითხოვდა მორჩილებას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 5 იანვარს, ქ.თ–ში, ....... ..-ის დასახლებაში, ..........ს ... შესახვევში მდებარე ბინა N..-ში, ხ. პ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ. ბ–ს, კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. ხ. პ–სი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს, არ შეეწინააღმდეგოს და შეასრულოს მისი სურვილები. იგი მეუღლისგან მოითხოვდა მორჩილებას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის ოქტომბერში, ქ.თ–ში, .. ..-ის დასახლებაში, .......ის .... შესახვევში მდებარე ბინა N..-ში, ხ. პ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ. ბ–სს, კერძოდ, სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. ხ. პ–სი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს, არ შეეწინააღმდეგოს და შეასრულოს მისი სურვილები. იგი მეუღლისგან მოითხოვდა მორჩილებას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 9 იანვარს, ქ.თ–ში, ..........ის დასახლებაში, ......ს ........ შესახვევში მდებარე ბინა N..-ში, ხ. პ–ი მეუღლეს, ლ. ბ–სს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „არ აცოცხლებდა, გაგუდავდა, დაახჩობდა და ისე მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. ხ. პ–სი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს, არ შეეწინააღმდეგოს და შეასრულოს მისი სურვილები. იგი მეუღლისგან მოითხოვდა მორჩილებას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით, თ–ში, ..... ..-ის დასახლებაში, .........ის ....... შესახვევში მდებარე ბინა N..-ში, ხ. პ–სი მეუღლეს, ლ. ბ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ხ. პ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა, რის გამოც წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. პ–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ასევე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.3. 2022 წლის 9 იანვარს, თ–ში, ....... ..-ის დასახლებაში, ..........ის ........ შესახვევში მდებარე ბინა N..-ში, ხ. პ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ. ბ–სს, კერძოდ, სახის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი და ყელში ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2022 წლის 5 იანვარს, თ–ში, ....... ..-ის დასახლებაში, .......ის ...... შესახვევში მდებარე ბინა N..-ში, ხ. პ–სმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ. ბ–ს, კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.5. 2021 წლის ოქტომბერში, .......ში, .... ..-ის დასახლებაში, ........ს ..... შესახვევში მდებარე ბინა N..-ში, ხ. პ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ. ბ–ს, კერძოდ, სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.6. 2022 წლის 9 იანვარს, თ–ში, ...............ში, ხ. პ–სი მეუღლეს, ლ. ბ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ,,არ აცოცხლებდა, გაგუდავდა, დაახრჩობდა და ისე მოკლავდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.7. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით, თბილისში, ...............ში, ხ. პ–სი მეუღლეს, ლ. ბ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით ხ. პ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (4 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც მოითხოვა ხ. პ–ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მა, რომელმაც მოითხოვა ხ. პ–სთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 8 ივლისს მსჯავრდებულ ხ. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ხ. პ–სთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.

3.3. 2022 წლის 18 ივლისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ხ. პ–ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ხ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს განმარტებით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ხ. პ–მა როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ჩადენილი, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან უფროსი დაავადებულია დაუნის სინდრომით, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და მკურნალობას, არის ოჯახის მარჩენალი და მზრუნვლი მამა, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, ხ. პ–ი არ არის ნასამართლევი.

4.2. კასატორის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის განმარტებით, სასამართლომ ხ. პ–ს წარდგენილი ბრალდებიდან არასწორად ამოურიცხა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რაც ნიშნავს რომ ხ. პ–ი დაეთანხმა ყველა იმ გარემოებას, რაც მითითებული იყო მოწმეთა ჩვენებებსა და მტკიცებულებებში, მათ შორის დაეთანხმა ბრალად წარდგენილ ქმედებას და დაზარალებულ ლ. ბ–ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, სადაც ეს უკანასკნელი აღწერს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ხ. პ–ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, განმარტავს, რომ ხ. პ–ი სისტემატურად მოუწოდებდა დამორჩილებოდა მას, ასევე ეუბნებოდა, რომ ვინაიდან იყო ქალი, უნდა შეესრულებინა მისი ყველა სურვილი და არ შეწინააღმდეგებოდა. უკრძალავდა სურვილისამებრ ჩაცმას. 2022 წლის 9 იანვარს კი ხ. პ–სი სახლში მივიდა ნასვამი და აგრესიული. მას დაზარალებულმა სთხოვა დაეძინა. ხ. პ–სი გაბრაზდა, რომ მას დაძინებისკენ მოუწოდა ქალმა და უთხრა, რომ ,,მისი საქმე არ იყო რას იზამდა“. ამის გამო მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული კი წარმოადგენს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ხ. პ–სთვის სასჯელი უნდა განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის გათვალისიწინებით, ვინაიდან მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, ასევე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდების მხარის პოზიციას ხ. პ–სის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის და ბრალდების მხარეების პოზიცია და უცვლელად დატოვა ხ. პ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, ასევე მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა ხ. პ–ს მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში ხ. პ–ს ბრალად წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებით, რის გამოც დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.

5.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ხ. პ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა წარდგენილი ბრალდებიდან მას სწორად ამოურიცხეს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა და აღნიშნულთან დაკავშირებით ეთანხმება მათ სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, განმარტავს, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გენდერი არის სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს ამა თუ იმ სქესზე სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ხ. პ–ი მიდრეკილი იყო ალკოჰოლის მოხმარებისკენ და თითოეული კონფლიქტი გამოწვეული იყო აღნიშნულით, კერძოდ, მთვრალი ხ. პ–ი მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნული კი არ მიუთითებს ხ. პ–ს მიერ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულების ჩადენაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებებს არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამიტომ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა უპირობოდ არ ადასტურებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ხ. პ–ს მიერ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა, რაც ვერც სასჯელის დანიშვნის დროს იქნება გათვალისწინებული.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხ. პ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა.

5.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ხ. პ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, კმაყოფაზე ჰყავს სამი შვილი, ასევე გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, ან მისი პირობით ჩათვლა და მას განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის და ბრალდების მხარეებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცათ, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.

5.9 სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს, ასევე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: შალვა თადუმაძე

ლევან თევზაძე