საქმე N 340100121004639761
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №635აპ-22 13 სექტემბერი, 2022 წელი
ქ–ი ვ., 635აპ-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ვ. ქ–ი (პირადი ნომერი .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 7 აპრილს, შსს ლ–ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ. გ–მ ვ. ქ–ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №........, რომლის თანახმადაც, ვ. ქ–ის აეკრძალა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრებ მეუღლესთან - ფ. ს–თან, მის საცხოვრებელსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. ამავე ორდერით ვ. ქ–ის აეკრძალა ფ. ს–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვ. ქ–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, იმავე დღეს მივიდა ლ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე ფ. ს–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დარჩა 2021 წლის 9 აპრილამდე. 2021 წლის 9 აპრილს მას ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ფ. ს–თან, რომელსაც მოსთხოვა სახლის დატოვება და საცხოვრებლად მშობლებთან გადასვლა.
1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით.
1.4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ქ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენების ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განაჩენით გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის, მსჯავრდებულ ვ. ქ–სა და ადვოკატ გ. ფ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. 2022 წლის 31 მაისს პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ვ. ქ–სათვის სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. პროკურორს მიაჩნია, რომ ვ. ქ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნა, რა დროსაც სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად დაუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. პროკურორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რადგან საქართველოს სსსკ-ის 279-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე. შესაბამისად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ვ. ქ–ის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენის მხედველობაში მიღებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის გათვალისწინებით.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული ვ. ქ–ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით ვ. ქ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება და ვ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი გასაჩივრდა საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საბოლოო გადაწყვეტილება 2021 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით მიღებული არ ყოფილა.
4.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის სამართლებრივ შეფასებას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენების შესახებ, რამდენადაც განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის მიზნებისათვის წინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება მისი გასაჩივრების ყველა შესაძლებლობის ამოწურვას. როდესაც ბოლო განაჩენის გამოტანისას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი შესაძლოა ჯერ კიდევ შეიცვალოს, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ, ხოლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას გააჩნია საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლები.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულებას სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს, კერძოდ: „თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ“. მითითებული საპროცესო ნორმა გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და შესაბამისად, საფუძველი, რომ საბოლოო სასჯელი დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, თუმცა არა სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არამედ - შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კასატორის მიერ ბოლო განაჩენის გასაჩივრების უფლების გამოყენება არ წარმოადგენს ყველა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისა და აღსრულებისათვის გამოსადეგ საპროცესო მექანიზმს, ვინაიდან ამისათვის არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი შესაძლებლობა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იკვეთება მატერიალური და საპროცესო კანონის მოთხოვნების დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მასში ცვლილების შეტანის საფუძველი.
4.5. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე