საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№626აპ-23 თბილისი
თ. ზ., 626აპ-23 21 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. თ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით: სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ე.ი. მის ფიზიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
§ 2021 წლის იანვარში ბ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ზ. თ. მამას – ლ. თ-ნს და წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედას – ნ. თ-ს რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
§ 2022 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ზ. თ-მა მამას – ლ. თ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში მძლავრად მოუჭირა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
§ 2022 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ზ. თ. მამას – ლ. თ-ს ყელში ხელის მოჭერითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, თავისივე ნების საწინააღმდეგოდ გადაეფორმებინა ზ. თ-სათვის საკუთრებაში არსებული სახლი და მიწის ნაკვეთები.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენით ზ. თ., –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამუნა მურჯიკნელი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ზ. თ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზ. თ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №1175აპ-22, №451აპ-20).
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ზ. თ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: დაზარალებულებმა – ნ. თ-მა (ბრალდებულის დედამ) და ლ. თ-მა (ბრალდებულის მამამ), ასევე – მოწმე თ. თ-მა (ბრალდებულის დამ) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულებსა და მოწმეზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მათ აიძულებდა, ესარგებლათ ამ პროცესუალური უფლებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (შეტყობინებები, მოწმეთა ჩვენებები, შემაკავებელი ორდერები და ორდერის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვ.) კი უტყუარად არ მიუთითებს ზ. თ-ის მიერ ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაზე, იძულებასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე და არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 25 მარტის №- დასკვნის მიხედვით, ზ. თ-ის ქმედებებით ნ. თ. არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ. სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).
9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში გაამახვილა ყურადღება, რომ, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია დადგინდეს, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ბრალდებულის მუქარამ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ საქმეშიც, როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულებმა – ნ. თ-მა და ლ. თ-მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით, ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება და სასამართლოს არ მიაწოდეს ინფორმაცია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულთა ჩვენებები წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომელთა გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულთა მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ. თ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ზ. თ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
12. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე