Facebook Twitter

საქმე N 330100121005111431

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №650აპ-22 13 სექტემბერი, 2022 წელი

ჩ–ე ნ., 650აპ-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით:

- ნ. ჩ–ე (პირადი ნომერი ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

- ნ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული თანაბარი სასჯელი და ნ. ჩ–ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

- ნ. ჩ–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 18:35 საათზე, თ–ში, ზ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლის სადარბაზოში ნ. ჩ–მ მეუღლის დედას - ლ. დ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, დაზიანებები მიაყენა მარჯვენა თვალის არეში, პლასტმასის ცოცხი სამჯერ დაარტყა მარჯვენა ხელის არეში და შემდეგ ოთხჯერ ძლიერად დაარტყა ზურგის მარცხენა და მარჯვენა მხარეს. დაზარალებული ნ. ჩ–ეს გაექცა, თუმცა წაიქცა, რა დროსაც წაქცეულს ისევ ცოცხის პლასტმასის ტარი მთელი ძალით კვლავ ოთხჯერ დაარტყა ზურგის მარჯვენა მხარეს. დაზარალებულმა ლ. დ–მა თითოეული ქმედებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ასევე, 2021 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 18:35 საათზე, თ–ში, ზ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლის სადარბაზოში, ნ. ჩ–ე მეუღლის დედას - ლ. დ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და ნ. ჩ–სათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ 2022 წლის 3 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ნ. ჩ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. პროკურორს მიაჩნია, რომ ნ. ჩ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარის პოზიციით, ნ. ჩ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა გახდებოდა მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი, დამაფიქრებელი მისთვის ჩადენილი ქმედების უკეთ გაცნობიერებისათვის და შეამცირებდა მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რითაც ხელი შეეწყობოდა სამართლიანობის აღდგენას. პროკურორს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და პერსონალური ხასიათის. მოცემულ შემთხვევაში კი მინიმალური ვადით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას უნდა ეხელმძღვანელა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი დანაშაული, კერძოდ: მან არაერთხელ დაარტყა დაზარალებულს სახისა და თავის არეში. ამასთან, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის. შესაბამისად, ნ. ჩ–სთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. სასჯელი არის იმდენად ლმობიერი, რომ მსაჯვრდებულს შეუქმნის დაუსჯელობის სინდრომს და იქნება მისთვის წამახალისებელი.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2 მსჯავრდებული ნ. ჩ–ე დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამასთან, საბოლოო სასჯელი განსაზღვრულია სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასჯელი დაენიშნა აღნიშნული სანქციების ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

4.3. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, რომელიც ექცევა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, დაადგინოს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მსჯავრდებულს განუსაზღვროს ადეკვატური გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები.

4.4. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

4.5. განსახილველ შემთხვევაში სასჯელის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს, ხოლო მსჯავრდებულს ალტერნატიულ სასჯელთა შორის განსაზღვრული აქვს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილობას, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რის გამოც მიიჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება პროპორციულ და ლეგიტიმურ მიზნებთან შესაბამის ღონისძიებად. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრის მექანიზმი, სასჯელის აღსრულების ჰუმანური წესის დადგენით, გულისხმობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესის წარმართვას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, სახელმწიფო კონტროლისა და აქტიური ზედამხედველობის პირობებში. ასეთი ჰუმანური მიდგომა გამართლებული და გამოსადეგია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკი, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და დანაშაულის შემდგომი ვითარება არ წარმოშობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის და, შესაბამისად, პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მკაცრი შეზღუდვის აუცილებლობასა და გარდაუვალობას. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას, რომ ნ. ჩ–მ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ასახა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახეში. სამოსამართლო საქმიანობის ფუნქცია სწორედ ისეთი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაში გამოიხატება, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად. მართალია, პროკურორი უთითებს მსჯავრდებულის პიროვნებას, როგორც სასჯელის დამძიმების კრიტერიუმს, მაგრამ ვერ ასაბუთებს, თუ რაში ვლინდება მსჯავრდებულის განსაკუთრებული უარყოფითი პიროვნული მახასიათებელი, რაც მიზანშეუწონლად აქცევს პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენებას. კასატორის პოზიციის საპირისპიროდ, განსახილველ საქმეში იკვეთება, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარა დანაშაული და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საპროცესო რესურსის დაზოგვასა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის ინდივიდუალური ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ ის გარემოება, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ხასიათისა და ძალადობის ინტენსივობის გათვალისწინებით, შეფარდებული მკაცრი სასჯელის ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას, თუმცა არ არსებობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის უკიდურესი საჭიროება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაზღვრული სასჯელის მკაცრი იზოლაციის პირობებში მოხდა არ წარმოადგენს სახელმწიფოს თვითმიზანს, თუკი დამნაშავის რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნები მიიღწევა ალტერნატიული რეჟიმის პირობებში, რა დროსაც შესაძლებელი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაც და სასჯელის გენერალური ფუნქციების შესრულებაც.

4.6. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: შალვა თადუმაძე

ლევან თევზაძე