საქმე N 330100121004736454
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№665აპ-22 15 სექტემბერი, 2022 წელი
ხ–ე გ., №665აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ხ–სის ადვოკატ თ. გ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის განაჩენით:
გ. ხ–სე (პირადი ნომერი .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
დ. გ–ე (პირადი ნომერი ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
დ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ–მ და დ. გ–მ ჩიდინეს: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სადგომში უკანონო შეღწევით, ხოლო დ. გ–მ ასევე ჩაიდინა: განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით დ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N......... გადაწყვეტილებით დ. გ–ეე 2020 წლის 11 მარტს პირობით ვადამდე გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან.
2021 წლის 1 აპრილს თ–ში, მ–ს გამზირი N.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილებისას, განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი დ. გ–ე უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - გასაშლელ დანას, რა დროსაც იგი ამხილეს შსს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-11 სამმართველოს თანამშრომლებმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენით მგ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც შეეცვალა პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2021 წლის 9 მაისს, დაახლოებით 23:10 საათზე, დ. გ–მ და გ. ხ–მ წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს თ–ში, ც–ს ქუჩა N...-ში მდებარე შპს „..........ში,“ საიდანაც შეეცადნენ, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სამეთვალყურეო ვიდეოკამერებს და ფერადი ლითონის ჯართს. ამ მიზნით, თავდაპირველად, მოხსნეს ორი სათვალთვალო ვიდეოკამერა, რაც შეინახეს შპს „.......ის“ ღობის გარეთ, შემდგომ კი შეეცადნენ, ასევე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ფერადი ლითონის ჯართს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან ისინი დააკავეს ადგილზე მისულმა პოლიციის მუშაკებმა. დ. გ–სა და გ. ხ–ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, შპს „..............ს“ შესაძლოა, მისდგომოდა 140 ლარის მატერიალური ზიანი.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - გ. ხ–მ და დ. გ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განაჩენით მსჯავრდებულების - გ. ხ–სა და დ. გ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2022 წლის 13 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ–ს ადვოკატმა თ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში გ. ხ–სის უდანაშაულოდ ცნობა.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2022 წლის 8 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ–ს ადვოკატმა ი. ფ–მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და დ. გ–ეის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.4. 2022 წლის 19 ივლისს მსჯავრდებულ დ. გ–ეის ადვოკატმა ი. ფ–მ შუამდგომლობით მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივარის გაცდენილი ვადის აღდგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ფ–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორი აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის ბრალეულობას. თუმცა, მოცემულ საქმეში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მსგავსი მტკიცებულებების წარმოდგენა, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში. სასამართლოს განაჩენი დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეს. გ. ხ–სე და მისი მეგობარი - დ. გ–ე შემთხვევის ადგილზე არ დაუკავებიათ, რადგან დაკავების ადგილას ისინი საერთოდ არ ყოფილან. მსჯავრდებულები დააკავეს არა კრიმინალური პოლიციის, არამედ - საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და არანაირი დადევნება არ ყოფილა. გ. ხ–ს ბრალეულობა მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ მან დაარღვია კომენდანტის საათი და აკრძალულ დროს გადაადგილდებოდა ..........ს გამზირზე, როდესაც ბრუნდებოდა სახლში. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს და სცდება გონივრულ ეჭვს მიღმა დაწესებულ სტანდარტს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მოქმედი საკანონმდებლო სტანდარტის შესაბამისად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები. გ. ხ–სის მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის ის სამართლებრივი ელემენტები, რაც სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად შეისწავლა, არ საჭიროებს დამატებით გამეორებას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მხოლოდ კვალიფიკაციისათვის საკვანძო სადავო ასპექტებს.
4.2. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გ. ხ–ს მსჯავრდება ეფუძნება დაინტერესებულ პირთა - პოლიციის თანამშრომელთა ცრუ ჩვენებებს, ხოლო საქმეში არ არსებობს სხვა, უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულება გ. ხ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ გ. ხ–სა და დ. გ–ს მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქურდობის მცდელობის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდო შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - შ. მ–ს, ზ. ბ–ს, დ. რ–ს, ი. ბ–ს, ო. ბ–ს, ვ. დ–ს, ნ. თ–ს, ე. კ–ს, ბ. კ–ს, გ. მ–სა და ი. ბ–ს ჩვენებებს, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, წერილობით მტკიცებულებებს - ექსპერიზის დასკვნებსა და ექსპერტთა ჩვენებებს, საპროცესო დოკუმენტაციას (სასამართლო განაჩენებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებასა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილს) მსჯავრდებულთა ნასამართლობის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები შეიცავს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ ინფორმაციებს, რომლებიც ერთობლივად საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4.3. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაცნობითა და ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის გარემოებებისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა შესახებ პირდაპირ, სარწმუნო და ურთიერთშესაბამის ინფორმაციებს აწვდიან სასამართლოს არა მხოლოდ შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პოლიციის თანამშრომლები, არამედ - დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ: მოწმე ზ. ბ–ი დანაშაულის ერთ-ერთი პირველი მოწმეა, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა, რომ 2021 წლის 9 მაისს, დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე, იმყოფებოდა ჯართის მიმღებ პუნქტ „...........ში“, რა დროსაც შემოესმა ძაღლის ყეფა, შეხედა ვიდეოკამერის მონიტორს და დაინახა, თუ როგორც ჩამოვარდა ერთი კამერა, შემდეგ კი როგორ აღებდა ორი პირი ობიექტის შიდა ტერიტორიაზე არსებულ კარს. ზ. ბ–მა დაურეკა მენეჯერს და ხელი დააჭირა განგაშის სიგნალს, ამ პერიოდში კი გარეთ არსებული ყველა კამერა გაითიშა. მოწმემ დაადასტურა ასევე, რომ დაახლოებით სამ წუთში ადგილზე მივიდნენ დაცვის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები. შპს „........ის“ მენეჯერის - მოწმე ბ. კ–ს ჩვენებით ანალოგიურად დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ღამის საათებში დაურეკა დაცვის თანამშრომელმა და უთხრა, რომ ვიდეოკამერებში დააფიქსირა კომპანიის ტერიტორიაზე საეჭვო მოძრაობა. მოწმემ საკუთარ მობილურ ტელეფონში ნახა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო ორი ნიღბიანი პირი, რომლებიც ისხდნენ კედელთან, შემდეგ კი ამტვრევდნენ რაღაცას. დაცვის თანამშრომელს უთხრა, რომ ხელი დაეჭირა განგაშის ღილაკზე. ამასთან, დაურეკა კოლეგას - ს–ს და სთხოვა, დაკავშირებოდა პოლიციას. შპს „..........ის“ ხელმძღვანელმა - მოწმე ე. კ–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს დაურეკა თანამშრომელმა ს–მ და უთხრა, რომ მისი კომპანიის საწყობიდან ვიღაც ცდილობდა მეტალის მოპარვას; დარეკა 112-ში და ითხოვა ნებართვა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად - შესულიყო საკუთარ ობიექტზე; ადგილზე მისულს კი დახვდა ბევრი ადამიანი, მათ შორის, კომპანიის დაცვის თანამშრომელი და პოლიციის წარმომადგენლები. ამდენად, ირკვევა, რომ დაზარალებული კომპანიის თანამშრომლები გახდნენ თავისივე კომპანიაში უკანონოდ შეღწევისა და ქურდობის მცდელობის თვითმხილველნი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ შეატყობინეს დაცვის სამსახურსა და პოლიციას. წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, ასევე მათი ჩვენებები თანხვდენილი და საკმარისად დეტალიზებულია, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს: დანაშაულის დრო, ვითარება, დანაშაულის ჩამდენ პირთა რაოდენობა და მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენისას.
4.4. შემთხვევის ადგილზე დანაშაულის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებული პირების ჩვენებები შეიცავს მნიშვნელოვან და რელევანტურ ინფორმაციას ქურდობის დანაშაულის შემდგომი მიმდინარეობისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად, კერძოდ: საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .........ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს უფროსის მოადგილე დ. რ–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2021 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება თ–ში, ც–ს ქუჩა N..-ში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში მომხდარი ქურდობის მცდელობის შესახებ; თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ კომპანიის თანამშრომელი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომლებმაც მიუთითეს ორ პირზე; ისინი გადამძვრალები იყვნენ ბეტონის ღობეზე; ბრალდებულები გადმოხტნენ ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტორიაზე არსებული შენობის სახურავიდან ღობეზე და გაიქცნენ ქვედა მხარეს; ბრალდებულებს უთხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და მოუწოდეს შეჩერებულიყვნენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და გაიქცნენ; ბრალდებულები პოლიციელებს თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ. თანამშრომლებთან ერთად გაეკიდა მათ ც–ს ქუჩიდან ........ის ქუჩის მიმართულებით და ერთ ადგილზე მოახერხეს მათი დაკავება; აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ დ. გ–ეე და გ. ხ–ე. საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ........ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს დეტექტივმა ი. ბ–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2021 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება თ–ში, ც–ს ქუჩა N..-ში მდებარე ობიექტში ფერადი ლითონის ქურდობის შესახებ; მივიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ ობიექტის დარაჯი, ასევე - დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებმაც მიუთითეს ორ პირზე, რომლებიც ცდილობდნენ ობიექტის შიდა მხრიდან გალავანზე ასვლას; დაუძახეს მათ, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს გაჩერებულიყვნენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მოწოდებას და გაიქცნენ .......ს ქუჩის ვიწრო გასასვლელისკენ; პოლიციელები გაეკიდნენ ........ის გამზირისკენ, გაქცევისას, ბრალდებულები თვალთახედვის არედან არ დაუკარგავთ და .....–ს გამზირის N..-თან ორივე პირი დააკავეს; მან და მ. ა–მ დააკავეს და გაჩხრიკეს გ. ხ–სე, ხოლო დ. რ–მა და მისმა მეწყვილემ დააკავეს დ. გ–ეე. დეტექტივებმა - ი. ბ–მა და დ. რ–მა ანალოგიურად მიუთითეს გარემოებები საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, მათ სასამართლოში ასევე დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ........ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომლების ჩვენებები არ შეიცავს წინააღმდეგობებს, მათში თანმიმდევრულად არის გადმოცემული დანაშაულის მცდელობის ფაქტობრივი გარემოებები და დანაშაულის ამსრულებელთა მოქმედებები ქურდობის ფაქტზე წასწრებისას, მათი მიმალვის მცდელობისა და დაკავებისას. დეტექტივების ჩვენებებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას დანაშაულის ამსრულებლები ჯერ კიდევ კომპანიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ისინი შემჩნეული ყავდათ კომპანიის თანამშრომლებს და მიუთითებდნენ მათზე. სწორედ დანაშაულის ადგილის დატოვებისას - ობიექტის შიდა მხრიდან გალავანზე ასვლის მომენტში პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ ამსრულებლებს, რომლებიც დაკავების მომენტამდე უწყვეტად პოლიციელთა თვალთახედვის არეში იყვნენ. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ იმ დროს მოქმედი განსაკუთრებული მდგომარეობის - კომენდანტის საათის გათვალისწინებით, დანაშაულის ჩადენის დრო და ვითარება იმგვარია, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ გააჩნდათ რაიმე დაბრკოლება ან ხელისშემშლელი გარემოება მყისიერად და უწყვეტად დადევნებოდნენ შესაძლო დამნაშავეებს, რაც მათ ჩვენებას სძენს მეტ დამაჯერებლობასა და უტყუარობას.
4.6. დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ხელშესახები და ნათელი დასაბუთება, თუ რა კონკრეტული საფუძველი არსებობს პოლიციელთა ჩვენებების სარწმუნოობასა და მათ ობიექტურობაში ეჭვის შესატანად. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო უნდა დაეყრდნოს სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს და მტკიცებულების მნიშვნელობა შეაფასოს მათი რელევანტურობის, შინაარსისა და ინფორმატიულობის თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენების წინასწარ უსაფუძვლოდ გამორიცხვის პირობებში, სასამართლო „a-priori“ ვერ გაიზიარებდა ვერცერთი პოლიციელის ან სამართალდამცავის ჩვენებას მხოლოდ და მხოლოდ მათი სტატუსის გამო. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ვერ შეძლო, მიეთითებინა პოლიციის თანამშრომელთა პირადი დაინტერესების ან სხვა სუბიექტური მოტივის განმაპირობებელი თუნდაც ერთი გარემოება. როგორც ირკვევა, პოლიციის თანამშრომლები ზეპირი მოსმენისას მხარეთა შეჯიბრებითობის სრული უზრუნველყოფის პირობებში დაიკითხნენ და გაფრთხილებულნი იყვნენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ამდენად, სამართლიანი განხილვის ყველა სტანდარტის დაცვით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებათა შეფასებისათვის დადგენილი საპროცესო ტესტის ფარგლებში და დარწმუნდა, რომ მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების შინაარსი არის ცხადი, არაორაზროვანი და თანმიმდევრული, შეიცავს საკმარის ინფორმაციას ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, არ არის შაბლონური, ასევე პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისას არ გამოვლენილა ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები, ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4.7. წარდგენილ ბრალდებაში გონივრული ეჭვი შესაძლოა, გამომდინარეობდეს თავად ბრალდების სიმყიფისა და ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი ნაკლოვანებიდან. ვინაიდან საქმის შედეგი ემყარება მხარეთა შეჯიბრებით როლს, ხოლო ბრალდება არაერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით არის გამყარებული, დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიების წარმოდგენა ვერ გააბათილებს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ მოქმედ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარში კასატორმა უნდა განმარტოს, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს, ასევე უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა“. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ამდენად, საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის დასაბუთებას, სისხლის სამართლის საქმის მასალებსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიაჩნია, რომ სასამართლოებმა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად შეაფასეს მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი.
4.9. ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ხ–ს ადვოკატ თ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე