Facebook Twitter

საქმე # 190100122006007310

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №431-22 ქ. თბილისი

გ. დ., 431-22 10 აგვისტო, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და ბრალდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა და ბრალდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებასა და მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას წარმოდგენილი პირობებით; კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმით, სასამართლომ გააუარესა ბრალდებულის მდგომარეობა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უალტერნატივოდ ემუქრება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა; სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული სასჯელი - 50000-ლარიანი ჯარიმა იყო არაგონივრული, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არ არის დადგენილი ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, რისი გათვალისწინებითაც, ყველა კონკრეტული პირისათვის დაკისრებული ჯარიმა განისაზღვრება ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიღებით; მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა - 50000 ლარი მითითებულია თავად ბრალდებულ დ. გ-ს განცხადებაში, რომლითაც მან მიმართა ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც ცხადყოფს, რომ უფრო ნაკლები ოდენობის ჯარიმა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. გ-ს ბრალად დაედო ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 11:20 საათზე, ..... კილომენტრზე მდებარე, შპს „....“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ გ. ვ-ს კუთვნილ „ტოიოტა რავ 4-ის“ მოდელის ავტომობილს დ. გ-მ მოხსნა დეტალი - რეზინის კანტი და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა, რითაც დაზარალებულს შესაძლოა, მისდგომლოდა - 80 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. დ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

4. 2022 წლის 20 ივლისს, ბრალდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის უშუალო მონაწილეობითა და ბრალდებულ დ. გ-ს წინასწარი თანხმობით, ბრალდებულსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი. საპროცესო შეთანხმება დადებულია ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

5. 2022 წლის 20 ივლისს პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ დ. გ-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა იმ პირობით, რომ:

5.1. დ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 50000 ლარი.

6. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა, ბრალდებულმა დ. გ-, ასევე - მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს-მ.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ დ. გ.ს მიმართ დაუბრუნდა პროკურორს.

8. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა არ მიიღეს მხედველობაში, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მიხედვით ჯარიმის მინიმალური ოდენობაა - 2000 ლარი, ხოლო ბრალდებულის ქმედებით გამოწვეული შესაძლო ზიანი შეადგენს - 80 ლარს, რომელიც რეალურად დაზარალებულს არ მისდგომია, რადგან დ. გ.--ს ქმედება ქურდობის მცდელობად არის დაკვალიფიცირებული და ამასთან - დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია; მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დ. გ. უკრაინის მოქალაქეა და მისთვის უპირატესად მნიშვნელოვანია თავის სამშობლოში დაბრუნება, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მას შესაძლოა, მიესაჯოს - თავისუფლების აღკვეთა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ბრალდების მხარეს არ აძლევდა უფლებას, რომ მკვეთრად შეუსაბამო და არაპროპორციული ჯარიმა შეეთავაზებინა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, რომელსაც სწრაფად სურდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება, რის გამოც თანახმა იყო შეთანხმების ნებისმიერ პირობაზე.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა და ბრალდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ განჩინების გაუქმებასა და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება საქმის არსებითი განხილვის გარეშე დ. გ-ს მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად და სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ დ. გ-ს მიმართ დაუბრუნდა პროკურორს.

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

13. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განჩინებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-სათვის საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული სასჯელი იყო უსამართლო, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, კერძოდ:

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე; ამავე კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ:

ა) საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

ბ) საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

გ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

დ) ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

ე) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;

ვ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

ზ) ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

თ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

ი) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:

ი.ა) დაცვის უფლება;

ი.ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება;

ი.გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

კ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

ლ) საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული;

მ) ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

16. საყურადღებოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამდენად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, მათ შორის - სასჯელის, ერთი მხრივ, კანონიერება, ხოლო, მეორე მხრივ, სამართლიანობა.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია დ. გ-სათვის საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული სასჯელის კანონიერება, არამედ უსამართლოდ მიიჩნია სასჯელის კონკრეტული ზომა - 50000-ლარიანი ჯარიმა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა მიხედვით - სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-სათვის საპროცესო შთანხმების გაფორმებისას, სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრის დროს, მხარეებს მხედველობიდან გამორჩათ როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, კერძოდ, მხარეებმა სათანადოდ არ შეაფასეს, რომ ბრადებულისათვის შერჩეული ჯარიმის კონკრეტული ზომა - 50000 ლარი, აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებულ შესაძლო 80-ლარიან ზიანს; არ გაითვალისწინეს, რომ ფაქტობრივი ზიანი არ არის გამოკვეთილი, რადგან დ. გ-ს ბრალად ედება დაუსრულებელი დანაშაული - ქურდობის მცდელობა; არ არსებობს გონივრული ახსნა იმისა, რატომ ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას დ. გ-სათვის სასჯელის ნაკლებად მკაცრი ზომის შეფარდება, როდესაც ბრალდების მხარემ იმთავითვე მიიჩნია, რომ სასჯელის კონკრეტული სახე - ჯარიმა სრულად უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება საქმის არსებითი განხილვის გარეშე დ. გ-ს მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია, არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა და, შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და ბრალდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი