საქმე # 080141322006111969
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№481-22 ქ. თბილისი
მ. გ., 481-22 29 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ.ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით გ. მ., - დაბადებული 19.. წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი, ასევე - 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი, ასევე - ერთი წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, ჯარიმა - 8500 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ.ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი:
მსჯავრდებულ გ. მ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვით. ასევე გაუნახევრდა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული 2 წლით ჩამორთმეული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით, ასევე 1/4-ით შეუმცირდა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული 1 წლით ჩამორთმეული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და 9 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება.
ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დაუდგინდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საბოლოოდ გ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 1 თვითა და 15 დღით. მასვე 1 წლითა და 9 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება.
3. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ. მ. დააკავეს 2022 წლის 22 აგვისტოს .... საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში.
4. 2022 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გ. მ.ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება და დანიშნული სასჯელისგან მისი გათავისუფლება.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს განჩინებით გ. მ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 341-ე მუხლითა და სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის - 6 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთისგან, ასევე 1 წლითა და 9 თვით ჩამორთმეული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებისაგან.
გ. მ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ-მ. კასატორი საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით გ. მ-ს მიმართ დაკისრებული დამატებითი სასჯელის, ჯარიმის - 8500 ლარის მოხდისაგან განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ვინაიდან ჯარიმა დღეის მდგომარეობითაც აღუსრულებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამაკვე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 137-ე−141- ე, 142-ე−1443 , 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე−224-ე, 236-ე−239-ე, 253-ე−2552 , 280-ე, 353-ე, 378- ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ძირითად სასჯელზე, დამატებით სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
3. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება, მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში.
4. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად, დამატებითი სასჯელის სახით, განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა - 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარი, რომელთან მიმართებითაც საქმის წარმოების მასალებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი 20.. წლის ... სექტემბრის N... წერილიდან არ იკვეთება ჯარიმის აღსრულების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გ. მ-ს დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისათვის აქვს შეფარდებული, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღუსრულებულია, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა და იგი უნდა გათავისუფლდეს მითითებული სასჯელისაგან.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. გ. მ. გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარი ჯარიმისგან;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 აგვისტოს განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი