Facebook Twitter

საქმე # 060100122005611132

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№814აპ-22 ქ. თბილისი

ქ. გ., 814აპ-22 8 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - დარიკო ვადაჭკორია

ადვოკატ - ე. ნ-ს

მსჯავრდებულ - გ. ქ-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენით გ. ქ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლითა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ გ. ქ-ს განჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. ქ-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

გაუქმდა გ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

მსჯავრდებულ გ. ქ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 3 მაისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება: „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტს, მისი შემდგომი განადგურების მიზნით; ერთი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში საქმის შენახვის ვადით.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ქ-მ ჩაიდინა „მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით გ. ქ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა - 3000 ლარი. ამის შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით ნასამართლევმა გ. ქ-მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და ს-ს რაიონის სოფელ დ. ჯ-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეინახა ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ საერთო წონით 43,568 გრამი, რაც 2022 წლის 4 თებერვალს ამოიღეს მისი სახლის ჩხრეკისას.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ქ-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტომანქანის მართვის უფლების 5 წლით ჩამორთმევის ნაწილში, ვინაიდან მსჯავრდებულს სატრანპორტო საშუალების მართვის უფლება ესაჭიროება როგორც მკურნალობისათვის, ასევე - ყოფითი საკითხების მოგვარებისათვის.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ნ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულისათვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშაუალების მართვის უფლების აღდგენას.

6. 2022 წლის 10 აგვისტოს მსჯავრდებულ გ. ქ-ს ადვოკატ ე. ნ-ს უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულის წინასწარი თანხმობით, მსჯავრდებულსა და სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი. საპროცესო შეთანხმების დადება შეთანხმებულია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.

7. 2022 წლის 5 სექტემბერს სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ დარიკო ვადაჭკორიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარდმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ გ. ქ-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა იმ პირობით, რომ:

გ. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მას ასევე დაემატოს დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ გ. ქ-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათით და თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი.

გ. ქ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე შეუნარჩუნდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--- ნ--------ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის განხილვა.

9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების (დაზუსტებული პირობით) დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ, მსჯავრდებულმა გ. ქ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ნ-მ.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), რომელშიც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ გივი გგოცაძესა და მსჯავრდებულ გ. ქ-ს შორის უნდა დამტკიცდეს (დაზუსტებული პირობით), ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

3. საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები: მოწმეების - თ. ბ-ს, თ. ლ-ს, ზ. რ-ს, ა. შ-ს გამოკითხვის ოქმები, გ. ქ-ს გამოკითხვის ოქმი, გ. ქ-ს სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - „მარიხუანა“, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენის ასლი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ:

ü საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

ü საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის -ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

ü მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;

ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

ü მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

ü მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

ü მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

ü საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;

ü მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;

ü მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;

ü მსჯავრდებული აცნობიერებს თავის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;

ü მხარეები აცნობიერებენ თავიანთ უფლებას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

5. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროურორ გივი გოცაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. ქ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობით;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. გ. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათით.

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთი, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; საბოლოოდ გ. ქ-ს განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვროს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათით; თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

7. გ. ქ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. მასვე ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე შეუნარჩუნდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

8. გ. ქ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 3 მაისიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

10. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი