საქმე # 330802222005989745
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№45I-22 ქ. თბილისი
ხ. რ., 45I-22 16 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ხ.ს (R. K.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ხ.ს მიმართ ს-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
ს-ს რესპუბლიკის ა-ს მარზას საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილების რ. ხ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2022 წლის 30 მარტის დადგენილების თანახმად, მას ბრალად ედება ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 34-104-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და იმავე კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გასაღება, შენახვა, გადაზიდვა ან ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 8 - დან 15 წლამდე და 3 წლამდე.
იმავე დღეს ს-ს რესპუბლიკის ა-ს მარზას საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილებამ გამოსცა დადგენილება რ. ხ-ს მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე.
იმავე დღეს ს-ს რესპუბლიკის ა-ს და ვ. ძ-ს მ-ს საერთო იურისდიქციის სასამართლოს განჩინებით რ. ხ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა 2 თვით.
2022 წლის 11 აპრილიდან რ. ხ. ს-ს რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ს-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
2022 წლის 28 მარტს ს-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო შურისძიებისა და მოკვლის მიზნით, რ. ხ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ო-ს კ-ს სახის, მუცლისა და ხელის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამასთან, რ. ხ-მ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა ო. კ-ს სიცოცხლის გადარჩენა.
3. რ. ხ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 1 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო რ. ხ-ს ექსტრადიციის თაობაზე ს-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2022 წლის 1 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ს-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ხ..
2022 წლის 3 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით რ. ხ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2022 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით რ. ხ-ს მიმართ შეფარდებული პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 1 ოქტომბრამდე.
ამჟამად რ. ხ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № 8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2022 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა რ. ხ-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ. ხ.ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ ს-ს რესპუბლიკის ა-ს მარზას საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილების 2022 წლის 30 მარტის დადგენილებაში და დასჯადია ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 34-104-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და იმავე კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გასაღება, შენახვა, გადაზიდვა ან ტარება).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ხ.ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ. ხ.ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ ს-ს რესპუბლიკის ა-ს მარზას საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილების 2022 წლის 30 მარტის დადგენილებაში და დასჯადია ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 34-104-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და იმავე კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გასაღება, შენახვა, გადაზიდვა ან ტარება).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ხ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. ქ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებას და რ. ხ.ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: ს-ს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის 2021 წლის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მიხედვით, ს-ს რესპუბლიკის საპატიმრო დაწესებულებებში საკმაოდ გავრცელებულია პატიმართა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი ქმედებები, დაკავებულ პირთა დევნა და სიცოცხლის ხელყოფა; ამასთან, რ. ხ.ს ოჯახი იდევნება პოლიტიკური ნიშნით; ყოველივე აღნიშნული კი წარმოქმნის საფუძვლიან და არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ რ. ხ. ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას და არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ხ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარემ - ს-ს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის 2021 წლის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის ქართული თარგმანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ს-ს რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ხ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2022 წლის 1 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ რ. ხ.ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ს-ს რესპუბლიკის საპატიმრო დაწესებულებებში საკმაოდ გავრცელებულია პატიმართა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი ქმედებები, დაკავებულ პირთა დევნა და სიცოცხლის ხელყოფა, ამასთან, რ. ხ.ს ოჯახი იდევნება პოლიტიკური ნიშნით, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
6. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს, გარდა ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებისა, არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ რ. ხ-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის, დევნისა თუ სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. შესაბამისად, კასატორი აპელირებს მხოლოდ ზეპირი განცხადებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ს-ს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის 2021 წლის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, მას არანაირი შეხება არ აქვს რ. ხ-თან, და, შესაბამისად, არც მითითებული ანგარიშით არ დასტურდება, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი შეიძლება აღმოჩნდეს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.
7. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ს-ს რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში ს-ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან ს-ს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
8. ამასთან, ს-ს რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია, რომ ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად რ. ხ.ს რაიმე ნიშნით დევნას და ექსტრადიციის შემთხვევაში იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით. რ. ხ. არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188). ამავდროულად, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი გარანტიები უნდა იყოს სარწმუნო, შესაბამისი გარემოებების მხედველობაში მიღებით (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188; Sultanov v. Russia, no. 15303/09, ECHR, 73). აღსანიშნავია, რომ ს-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია სრულად აკმაყოფილებს მსგავსი გარანტიებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სარწმუნოობის შესაბამის კრიტერიუმებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ხ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი