საქმე # 330100122005542442
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №749აპ-22 ქ. თბილისი
გ. გ. 749აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს, - დაბადებულს ... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი);
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი);
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, რ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. გ–სმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ჩ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ფეხის ზედა მხარეს უკბინა ძლიერად, ამავე ფეხში და მარჯვენა მკლავში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მ. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2022 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, რ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. გ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ჩ–სელს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ „სახეს დაუსისხლიანებდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2022 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, რ–ს ქუჩა №., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. გ–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ჩ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარცხენა მკლავზე უკბინა ძლიერად, ასევე თავის არეში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მ. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4. 2022 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, რ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. გ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ. ჩ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების
საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
3.3. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
3.4. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობითად, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებით სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3.7. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2022 წლის 29 იანვრიდან - 2022 წლის 20 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. გ–ი მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. გ–ი მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის - განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. გ–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პაციენტის №... სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნით, დათვალიერების ოქმით, სამხრე-კამერების ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, №.... შემაკავებელ ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. გ–მა ჩაიდინა მსჯავრად დადებული ქმედებები.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ. გ–სს დაუნიშნა შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ყველაზე მძიმე სახის სასჯელი, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ((2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები) სასჯელის მაქსიმალურთან ახლოს მყოფი ხანგრძლივობა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ. გ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა და მოინანია, დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ იყო ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, გამოიყენა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შეღავათი.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე