Facebook Twitter

საქმე # 330100122005442150

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №780აპ-22 ქ. თბილისი

ჩ.ვ. 780აპ-22 30 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ჩ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.4. სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.5. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ-ში, №.. კორპუსის №.. ბინაში, ვ. ჩ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ. ფ–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა მუდმივ კონტროლში, უსაფუძვლო ეჭვიანობაში, ნ. ფ–ს უუფლებო საკუთრებად აღქმასა და მისი უპირობო მორჩილების მოთხოვნაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ქალი, არასრულწლოვანი შვილების - 2014 წელს დაბადებული ა. ჩ–სა და 2017 წელს დაბადებული - ნ. ჩ–ს თანდასწრებით, იძალადა, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მკლავის არეში, რის გამოც ნ. ფ–ე დავარდა საწოლის ზედაპირზე, აღნიშნულის შემდეგ კი ხელი ჩაარტყა თავის არეში. ვ. ჩ–სას დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ნ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ-ში, №.. კორპუსის №.. ბინაში, ვ. ჩ–სა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. ფ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა მუდმივ კონტროლში, უსაფუძვლო ეჭვიანობაში, ნ. ფ–ს უუფლებო საკუთრებად აღქმასა და მისი უპირობო მორჩილების მოთხოვნაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ქალი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ. ფ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2021 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-..მ/რ-ში, №.. კორპუსის №.. ბინაში ვ. ჩ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ. ფ–სის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა მუდმივ კონტროლში, უსაფუძვლო ეჭვიანობაში, ნ. ფ–ს უუფლებო საკუთრებად აღქმასა და მისი უპირობო მორჩილების მოთხოვნაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ქალი, არასრულწლოვანი შვილების - 2014 წელს დაბადებული ა. ჩ–სა და 2017 წელს დაბადებული - ნ. ჩ–ს თანდასწრებით, იძალადა, კერძოდ, სახრახნისის გამოყენებით ხელის გულზე მიაყენა დაზიანება. ვ. ჩ–ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2021 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ-ში, №.. კორპუსის №.. ბინაში, ვ. ჩ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. ფ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა მუდმივ კონტროლში, უსაფუძვლო ეჭვიანობაში, ნ. ფ–ს უუფლებო საკუთრებად აღქმასა და მისი უპირობო მორჩილების მოთხოვნაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ქალი, სახრახნისის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ. ფ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.5. 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ-ში, №.. კორპუსის №.. ბინაში, ვ. ჩ–სა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. ფ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა მუდმივ კონტროლში, უსაფუძვლო ეჭვიანობაში, ნ. ფ–ს უუფლებო საკუთრებად აღქმასა და მისი უპირობო მორჩილების მოთხოვნაში, მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ქალი, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფასა და ამცირებდა, კერძოდ, ეძახდა - „მეძავსა“ და „ქუჩის ქალს.“ ვ. ჩ–ს შეურაცხყოფისა და დამცირების სისტემატურობიდან გამომდინარე ნ. ფ–სე განცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენით ვ. ჩ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.4. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.5. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;

3.7. ვ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 13 დეკემბრიდან - 2021 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში შევიდა შესწორება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „5. ვ. ჩ–სა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად“.

4.1. განჩინება წარმოადგენს 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ. ჩ–სას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ვ. ჩ–ს ადვოკატმა შ. ძ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ცვლილებით და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ. ჩ–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დამატებით დაეკისრა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ვ. ჩ–სას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ვ. ჩ–სას მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულ ნ. ფ–სის, მოწმეების - ნ. ვ–ს, ი. ზ–ს, მ. ჯ–ს, გ. მ–ს, თ. ქ–ს, გ. კ–ს, ნ. თ–ს, რ. გ–ს, ე. ლ–ს, მ. მ–ს, ხ. გ–ს, თ. ბ–ს, გ. ს–ს, ა. ჩ–ს, ნ. ჩ–ს, ჯ. კ–ს, უ. გ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნით, N.......... შემაკავებელი ორდერით, სამხრე კამერების დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ. ჩ–მ ჩაიდინა მსჯავრად დადებული ქმედებები.

11. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით დადგენილი დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლებთან მიმართებით გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, ხოლო 111,151-ე მუხლებთან მიმართებით იმავდროულად დანაშაულის არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენა, ასევე მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ვ. ჩ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ვ. ჩ–ს დაუნიშნა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ყველაზე მძიმე სახის სასჯელი, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ((2021 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები) სასჯელის მაქსიმალური ხანგრძლივობა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ვ. ჩ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა და მოინანია, წარსულში არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, გამოიყენა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შეღავათი. იმავდროულად, ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენში და საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ვ. ჩ–ს დამატებით დააკისრა მოვალეობა - გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულების და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, რაც ვ. ჩ–ს დაეხმარება რესოციალიზაციაში და იქნება დამაფიქრებელი მისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ოჯახური დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, როგორც მეუღლეზე, ისე არასრულწლოვან შვილებზე.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

14. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე